რა შემთხვევაში ურჩევენ ქალს კვერცხუჯრედის გაყინვას?

დროის ცვლასა და ტექნოლოგიების განვითარებას საზოგადოების ცვლილებაც მოსდევს. თანამედროვე სამყაროში ქალები ბევრად უფრო მეტად ზრუნავენ საკუთარ კარიერულ, პროფესიონალურ თუ პიროვნულ განვითარებაზე. სწორედ ამ მიზეზის გამო ისინი უფრო გვიან ასაკში ქორწინდებიან, ვიდრე ამას წარსულში არსებული ქორწინების ასაკის სტანდარტი გულისხმობს. საქმით დაკავებულობის გარდა, ხშირად ქორწინების გადადება იმის გამოც ხდება, რომ ქალი ვერ პოულობს ისეთ შესაფერის პარტინიორს, რომელსაც მთელ დანარჩენ ცხოვრებას დაუფიქრებლად დაუთმობდა. დაქორწინება ხომ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა?! ამიტომაც გონიერი ქალი ამ დიდ გადაწყვეტილებასაც სათანადო სიფრთხილით და გონიერებით უდგება: ერთის მხრივ, მას ესმის, რომ არ სურს მარტოხელა დედობა, მაგრამ, მეორეს მხრივ, ხვდება, რომ ასაკის მატება მის შვილოსნობის უნარზე უარყოფითად მოქმედებს. ასეთ შემთხვევაში თანამედროვე ტექნოლოგიები თანამედროვე ქალბატონებს არაჩვეულებრივ საჩუქარს-საკუთარი კვერცხუჯრედის გაყინვის შესაძლებლობას- სთავაზობენ.
ბოლო წლებში კვერცხუჯრედის გაყინვის ტექნოლოგიამ სარეკორდო და რევოლუციურ წარმატებებს მიაღწია. ეს მეთოდი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გახლავთ ყველა იმ ქალისთვის, ვისაც სხვადასხვა პირადი თუ პროფესიონალური მიზეზების გამო შვილის გაჩენის მოგვიანებით გადადება სურს. სწორედ ამ ქალბატონებს ეძლევათ რეკომენდაცია, იქამდე ვიდრე მათ ორგანიზმს ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი კვეცხუჯრედის წარმოქმნა შეუძლია, ჯანსაღი კვერცხუჯრედი გაყინვის ტექნოლოგიის დახმარებით შეინახონ.

რას ნიშნავს კვერცხუჯრედის გაყინვა?

კვერცხუჯრედის გაყინვა ანუ ადამიანის ოვოციტის კრიოპრეზერვაცია წარმოადგენს პროცედურას, რომელიც ქალის გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედის გამომუშავებას, გამოყოფას და სამომავლოდ განაყოფიერების მიზნით შენახვას გულისხმობს. ეს ტექნოლოგია ქალს შესაძლებლობას აძლევს, მომავალში, როცა შვილის გაჩენას გადაწყვეტს, ხელოვნური განაყოფიერებისთვის საკუთარი კვერცხუჯრედი გამოიყენოს (იმის გათვალისწინებით, რომ ასაკთან ერთად განაყოფიერების ალბათობა მცირდება). ქალები კვერცხუჯრედის გაყინვის პროცედურას სხვადასხვა მიზეზის გამო მიმართავენ, მაგალითად, კარიერის გამო, ოჯახში ნაადრევი მენოპაუზის ისტორიის შემთხვევაში, სიმსივნის მკურნალობის დაწყებამდე და ასე შემდეგ.

მაღალი ხარისხის ნაყოფიერი კვერცხუჯრედის მიღების მიზნით საკვერცხის სტიმულირება

საკვერცხის სტიმულირება ინვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის უმთავრეს ეტაპს წარმოადგენს. ამ ეტაპის მიზანს მაქისმალურად მეტი რაოდენობის ნაყოფიერი კვერცხუჯრედის მიღება წარმოადგენს. რაც უფრო მეტი კვერცხუჯრედი გვექნება, მით უფრო მაღალია განაყოფიერების პროცედურის წარმატების ალბათობა. ამ კონკრეტული პროცედურის შედეგად მიღებული კვერცხუჯრედები სამომავლოდ განაყოფიერებისთვის ინახება. შესაბამისად, ქალს ნებისმიერ მომენტში შეეძლება ჩასახვის განახორციელება, მას მერე, რაც შვილის გაჩენის გადაწყვეტილებას მიიღებს.
ქალის ბუნებრივი რეპროდუქციული ციკლი განსაკუთრებით სათუთი და რთული პროცესია. საკვერცხის სტიმულაცია, ფაქტიურად, ამ ბუნებრივი პროცესის ხელოვნურად გამეორებაა. როცა ქალი ამ მეთოდს მიმართავს, მას კარგად ესმის, რომ ასაკთან ერთად მისი კვერცხუჯრედის ნაყოფიერება ქვეითდება. ქვემოთ კვერცხუჯრედის გაყინვის გადაწყვეტილების სავარაუდო მიზეზების მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ:

1. კარიერული მიზნების მიღწევის სურვილი

თანამედროვე ქალს დღეს იმაზე ბევრად უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე უბრალოდ დიასახლისობაა. დღეს აღარავის აკვირვებს ქალი, რომელსაც ოჯახის გარდა პროფესიული კარიერაც აინტერესებს. დღევანდელი ქალის მიზნები არ განსხვავდება მამაკაცის მიზნებისგან. თანამედროვე ქალები ისახავენ კარიერულ მიზნებს და ახორციელებენ კიდევაც მათ. ადრეულ ასაკში დედობა ამ მიზნების განხორციელებას სერიოზულად აფერხებს. სწორედ ამიტომ, ზოგი ქალი პრიორიტეტად კარიერულ მიზნებს ირჩევს, ხოლო შვილოსნობას მოგვიანებული ასაკისთვის გადადებს. ჩვეულებრივ, სწორედ ეს ქალბატონები იღებენ საკუთარი კვერცხუჯრედის გაყინვის და იმ მომენტამდე შენახვის გადაწყვეტილებას, ვიდრე სადეკრეტო შესვენების აღება მოესურვებათ. სწორედ ამ მომენტში მათ უკვე მზად ექნებათ გასანაყოფიერებლად და ემბრიონის წარმოსაქმნელად საკუთარი გენეტიკური მასალის შემცველი კვერცხუჯრედი.

2. შესაფერისი მამაკაცის არარსებობა

ხშირ შემთხვევაში, თანამედროვე ქალებს არ აღელვებთ ასაკის მატება და ქორწინების დაგვიანება, თუკი შესაფერისი კანდიდატი ჯერ ვერ გაიცნეს. მათ ურჩევნიათ, შვილის გაჩენა გადადონ, ვიდრე ბედი არასასურველ მამაკაცს შვილის ყოლის საჭიროების გამო დაუკავშირონ. კვერცხუჯრედის გაყინვა ქალს შესაძლებლობას აძლევს, შვილი სასურველ დროს და სასურველი მამაკაცისგან იყოლიოს და ამავე დროს აიცილოს ნაყოფიერების ასაკთან დაკავშირებული შემცირების რისკი.

3. არასტაბილური პირადი ურთიერთობა

მას მერე, რაც ქალი მეუღლეს ან პარტნიორს შორდება, როგორც წესი, რამდენიმე წელი სჭირდება, რათა ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახოს და განმეორებით დაქორწინება გადაწყვიტოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი შვილის გაჩენას ხელოვნური განაყოფიერებისა და სპერმის დონაციის გამოყენებით გეგმავს, მაინც დიდი დრო გადის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და განხორციელებამდე. ამიტომ, სასურველია, თადარიგი დაიჭიროს და ჯანსაღი, ნაყოფიერი კვერცხუჯრედი შეინახოს. ეს შესაძლებლობას აძლევს, ახალი ცხოვრება ზუსტად მაშინ დაიწყოს, როცა თავად სურს, კვერცხუჯრედი კი მაშინ გამოიყენოს, როცა დედობისთვის მზად იქნება.

4. სიმსივნის მკურნალობის საჭიროება

როცა ქალს სიმსივნის დიაგნოზს უსვამენ, ხშირად მას ქიმიოთერაპიისა და რადიაციის სამკურნალო კურსების გავლა უწევს. ცნობილია, რომ დასახელებული მკურნალობა ქალის შვილოსნობის უნარზე უარყოფითად მოქმედებს. კვერცხუჯრედის გაყინვის ტექნოლოგია ამ ქალბატონებისთვი საუკეთესო გამოსავალია: მათ შეუძლიათ, კვერცხუჯრედი შეინახონ, მშვიდად იმკურნალონ, შვილზე კი მაშინ იფიქრონ, როცა სრულ რეაბილიტაციას დაასრულებენ.

5. ქრომოსომული ანომალიები

ასაკთან ერთად სხვადასხვა ქრომოსომული დარღვევების განვითარების რისკი მნიშვნელოვნად მაღალია. ამას თავის მხრივ ნაყოფიერებასა და მშობიარობასთან დაკავშირებული პრობლემები მოსდევს. სტატისტიკის მიხედვით, ხანდაზმულ მშობიარე ქალებში განსაკუთრებით ხშირია ორსულობის შეწყვეტა და გენეტიკური პათოლოგიის მქონე ნაყოფის განვითარება. კვერცხუჯრედის გაყინვის ტექნოლოგია ქალს ფაქტიურად ბიოლოგიური საათის გაჩერებაში ეხმარება და ამავე დროს შვილის გაჩენის მომენტის არჩევის თავისუფლებას ანიჭებს.

6. ოჯახში ნაადრევი მენოპაუზის ისტორია

კვერცხუჯრედის გაყინვის გადაწყვეტილებას ხშირად ის ქალები იღებენ, ვისაც ოჯახში ნაადრევი მენოპაუზის ისტორია აღენიშნებათ. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, ოჯახი მაშინ შექმნან, როცა მოესურვებათ და ამავე დროს ადრეული მენოპაუზის შიში მოიშორონ. ხარისხიანი კვერცხუჯრედის გაყინვის ტექნოლოგია მათ იმაში ეხმარებათ, რომ შვილი არა შექმნილი გარემოების გავლენით, არამედ საკუთარი სურვილის მიხედვით გააჩინონ.
დასკვნა
ამრიგად, კვერცხუჯრედის გაყინვის ტექნოლოგია თანამედროვე ქალბატონებს თავისუფლებას ანიჭებს, შვილოსნობის პერიოდს უხანგრძლივებს და თან შესაძლებლობას აძლევს, შვილი მაშინ იყოლიონ, როცა ეს ნამდვილად უნდათ. თანამედროვე ქალს შესაძლებლობა ეძლევა, აკეთოს ის, რაც სურს და ახალგაზრდობის მთელი დრო მხოლოდ შვილოსნობას არ მოანდომოს. თანამედროვე ქალის მიზანი არა მარტო შვილის გაჩენა, არამედ მისი სათანადოდ აღზრდაა. თანამედროვე ქალს სხვა პრიორიტეტები აქვს, მას წარმატებული კარიერა და ჭეშმარიტ პარტნიორობაზე დაფუძნებული ოჯახის შექმნა სურს. ხშირად, დაუქორწინებელ წყვილს დრო სჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს და მთელი მომავალი ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირონ. ხშირად დაქორწინებულ წყვილსაც კი მეტი დრო სჭირდება იმისთვის, რომ შვილის ღირსეულ პირობებში აღზრდისთვის მოემზადოს. სწორედ ასეთ თანამედროვე ადამიანებს ეხმარება მიზნებისა და გეგმების განხორციელებაში კვერცხუჯრედის გაყინვისა და ინვიტრო განაყოფიერების ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები.