უშვილობის დიაგნოსტიკა

უშვილობის დიაგნოსტიკა

უშვილობასთან ბრძოლა მოითხოვს დიდ ფსიქოლოგიურ, ემოციურ და ფინანსურ დანახარჯებს. არსებული მეთოდების სიმრავლე კი ხშირად შეიძლება დამაბნეველიც კი იყოს. თითოეული შემთხვევა, თითოეული მშობელი – ინდივიდუალურია. ასე რომ, პირველი რასაც ჩვენ ვაკეთებთ კლინიკაში, ეს არის რეპროდუქციული ფუნქციის დიაგნოსტიკური გამოკვლევა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს დაგინიშნოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი მკურნალობა. მკურნალობის კურსი ცვალებადია უშვილობის სხვადასხვა პრობლემებიდან გამომდინარე, როგორიცაა პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი, ენდომეტრიოზი, მეორადი უშვილობა, იმუნური დარღვევებით გამოწვეული უშვილობა, საშვილოსნოს ფიბრომა, ოვულაციის დარღვევა, შეხორცებები მცირე მენჯის ღრუში და ა.შ.

რეპროდუქციული ფუნქციის დიაგნოსტიკური გამოკვლევის მეშვეობით ხდება თქვენი ინდივიდუალური მდგომარეობის შეფასება და თქვენზე მორგებული მკურნალობის სქემის შემუშავება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს დიდწილად შევამციროთ სწორი გადაწყვეტილების მოძიების პროცესთან დაკავშირებულ სტრესი.

ქალის რეპროდუქციული ფუნქციის გამოკვლევა

ასაკი: ქალის ასაკის მატებასთან ერთად თანდათანობით კლებულობს სრულვადიანი, ჯანსაღი ორსულობის ტარების უნარი. ეს ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მოვლენაა და ყოველთვის არ განიხილება, როგორც ფერტილობასთან დაკავშირებული პრობლემა. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ქალი, რომლის ასაკიც 35 წელს აღემატება შესაძლოა უნდა დაფიქრდეს ალტერნატიულ ვარიანტებზე, როგორიცაა სუროგაცია და კვერცხუჯრედების დონაცია.

ენდომეტრიოზი : ენდომეტრიოზის დიაგნოსტირება ქირურგიული ჩარევის გარეშე რთულია, ამიტომ იგი ხშირად ფარულად მიმდინარეობს და გაურკვეველი გენეზის უშვილობის მიზეზად გვევლინება. თუ თქვენ გაურკვეველი გენეზის უშვილობა გაქვთ, გახსოვდეთ,რომ არსებობს ბავშვის ყოლის დამხმარე მეთოდები.

გენეტიკა: ზოგმა გენეტიკურმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს სპონტანური აბორტები. არსებობს სამედიცინო ხასიათის ამგვარ პრობლემებთან გამკლავების მეთოდები.

ოვარიალური რეზერვი: საკვერცხეების ოვარიალური რეზერვის განსაზღვრისთვის ჩვენ ვიყენებთ სისხლის ანალიზისა და ულტრაბგერითი გამოკვლევის კომბინირებულ მეთოდს. ეს მეთოდი ეხმარება ექიმს დაადგინოს აქვს თუ არა ქალს ჩასახვის და სიცოცხლისუნარიანი, ჯანსაღი ორსულობის შენარჩუნების უნარი.

ოვულაცია: ოვულაცია ორსულობის დადგომის კრიტიკულ ფაქტორს წარმოადგენს. არსებობს ბევრი მიზეზი, მაგალითად პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი, რომელსაც შეუძლია ოვულაციის უნარის შეფერხება ან სრულიად მოშლა. ასეთ შემთხვევებში ჩვენმა ექიმებმა შეიძლება დანიშნონ ოვულაციის სტიმულაციისთვის განკუთვნილი მედიკამენტები.

მილების მდგომარეობა : ზოგ შემთხვევაში სახეზეა ფალოპის მილების გამტარიანობის მოშლა. ისინი შეიძლება იყვნენ მოგრეხილი, გადახლართული, რაც ხელს უშლის სპერმატოზოიდის მიერ კვერცხუჯრედამდე მიღწევას ან შეიძლება საშვილოსნოს გარე ორსულობის მიზეზად მოგვევლინოს. ფალოპის მილების გამტარიანობის დასადგენად შეიძლება გამოყენებულ იქნას ჰისტეროსალპინგოგრაფია საკონტრასტო ნივთიერების შეყვანით.

საშვილოსნოს კედლების/ენდომეტრიუმის სისქე: ფიბრომამ, საშვილოსნოსშიდა ნაწიბურებმა, პოლიპებმა შესაძლოა გამოიწვიონ საშვილოსნოს და მისი კედლების მდგომარეობის პათოლოგიური ცვლილება, რაც ხელს უშლის ორსულობის მიმდინარეობას. ჩამოთვლილი ფაქტორებიდან ბევრი გამოსწორებადია და მათი დიაგნოსტირება შესაძლებელია ულტრასონოგრაფიის, სონოჰისტეროგრაფიის ან ჰისტეროსკოპიის მეშვეობით.

მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის გამოკვლევა

ასაკი: მამაკაცის ასაკმა, განსაკუთრებით 50 წლის შემდეგ, შეიძლება ზეგავლენა იქონიოს რეპროდუქციულ ფუნქციაზე და სპონტანური აბორტების მაჩვენებელზე.

გენეტიკა: ჩვენ შეგვიძლია გამოვავლინოთ მრავალი გენეტიკური დარღვევა, რასაც შეუძლია მამაკაცის უნაყოფობის გამოწვევა, მაგალითად კლაინფელტერის სინდრომი.

სპერმატოზოიდების რაოდენობა:რეპროდუქციული ხასიათის პრობლემების მქონე ბევრ წყვილს აღენიშნება ისეთი სამედიცინო მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება ორივე პარტნიორზე მოახდინოს ზეგავლენა. სპერმის ანალიზი ეხმარება ექიმს დიაგნოზის დასმაში და თქვენი პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზის მოძიებაში.

სპერმატოზოიდის დნმ – ის ფრაგმენტაციის კვლევა: ზოგ შემთხვევაში სწორედ სპერმატოზოიდებს, და არა კვერცხუჯრედებს მიუძღვით ბრალი გაურკვეველი გენეზის უნაყოფობის ან განმეორებითი ხასიათის სპონტანურ აბორტებში. სპერმატოზოიდის დნმ-ის ფრაგმენტაციის კვლევა შესაძლებლობას აძლევს ექიმს დასვას უფრო ზუსტი დიაგნოზი.

სპერმატოზოიდების ფუნქციის კვლევა: სპერმის ანალიზი ავლენს სპერმატოზოიდების შესაძლო დაბალ შემცველობას, ან დაქვეითებულ მოძრაობას, რაც ხელს უშლის მათ შეაღწიონ კვერცხუჯრედში. ექსტრაკორპორული განაყოფიერება წარმოადგენს ამ მდგომარეობის დიაგნოსტირების ერთადერთ განმსაზღვრელ გზას.

მამაკაცის და ქალის რეპროდუქციული ფუნქციის გამოკვლევა

სექსუალური დისფუნქცია: უნაყოფობის პრობლემაზე სრულყოფილი რეაგირებისა და სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის მნიშვნელოვანია ორივე პარტნიორის გამოკვლევა შესაბამისად ერექტილურ დისფუნქციაზე და ვაგინიზმზე.

გაურკვეველი გენეზის უშვილობა : თუ გამოკვლევის შედეგები ნორმის ფარგლებშია, მაშინ წყვილის დიაგნოზია გაურკვეველი გენეზის უშვილობა. ამან, რა თქმა უნდა, შეიძლება წყვილის გულისტკენა გამოიწვიოს. მაგრამ, აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შესაძლებელია მოიძებნოს პრობლემის გადაჭრის მეთოდი, რომელიც ნანატრი ბავშვის ყოლის შესაძლებლობას მოგცემთ.