ნარცისიზმი და უშვილობა

ყოველდღიურობაში, ადამიანები ერთმანეთს ხშირად ხუმრობით ვუწოდებთ ხოლმე ნარცისს. ასე ვეხუმრებით იმ ახლობლებს, მეგობრებს თუ ნათესავებს, ვინც საკუთარ თავს გამორჩეულად ანებივრებს და მეტისმეტ ყურადღებას უთმობს. ხანდახან იმასაც ვხვდებით, რომ ზოგიერთი ადამიანი გადაჭარბებულად მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული, მაგრამ ამ ამბავს მაინცდამაინც არ ვუღრმავდებით.
მოდით, დროებით დავივიწყოთ განმარტებები და საკმაოდ საინტერესო ფაქტი განვიხილოთ: ნარცისიზმი ფსიქოლოგიური აშლილობების რიცხვს მიეკუთვნება და უშვილობასთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი გააჩნია.
რას ნიშნავს ნარცისიზმი?
ნარცისიზმი ფსიქოლოგიური დარღვევის ისეთ ნაირსახეობას წარმოადგენს, რომლის დროსაც პიროვნებას გაძლიერებული აქვს საკუთარი თავის მნიშვნელობის გრძნობა, გარემოცვისგან საკუთარი თავის მიმართ უსაზღვრო ყურადღებასა და აღფრთოვანებას მოითხოვს. ასეთი აშლილობა, როგორც წესი, ბავშობიდან იღებს სათავეს და მოზრდილ ასაკში ასეთ ადამიანს მუდმივად სხვა ადამიანებისგან ესაჭიროებათ ვალიდაცია ან წახალისება იმისათვის, რომ საკუთარი თვითშეფასება გარკვეულ დონეზე შეინარჩუნონ.
ერთის მხრივ, ნარცისი ადამიანები საკმაოდ ქარიზმატულები და მიმზიდველები არიან, თუმცა სინამდვილეში მათ საკმაოდ დაბალი თვითშეფასება და მერყევი თვითდაჯერებულება ახასიათებთ. ამიტომ გამუდმებით საჭიროებენ სხვა ადამიანების მიერ დადებითი შეფასების გამოხატვას. ამავე დროს, ნარცისული პიროვნება კრიტიკის ვერანაირ, ყველაზე მცირე დოზასაც კი ვერ იტანს.
ნარცისულ პირვნებასთან ძალიან რთულია ურთიერთობა. როგორც წესი, მათ არასოდეს უყალიბდებათ მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, არ გააჩნიათ სხვების მიმართ თანაგრძნობის უნარი. მათ ძალიან უჭირთ მიღწეულით დაკმაყოფილების შეგრძნების განცდა, ხშირად აქვთ ნეგატიული განწყობა და, როგორც წესი, ცხოვრების ყველა ასპექტში ძალიან ბევრი პრობლემა გააჩნიათ. ნარცისებს ყოველთვის ეჩვენებათ, რომ მათ ბევრად ნაკლებს მიაღწიეს იმასთან შედარებით, რასაც სინამდვილეში იმსახურებდნენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნარცისიზმი ნაადრევ ბავშვობაში, როგორც წესი, რაღაც ფსიქოლოგიური ტრავმის პასუხად ყალიბდება. ბავშვის ტრავმატიზაციის მიზეზი ისეთი მშობელია, რომელიც შვილს არ ეხმარება, მასთან არ მეგობრობს და ამავე დროს შვილის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი და კრიტიკულია. ასეთი მოპყრობის პირობებში ბავშვებს მუდმივად აკლიათ ხელშეწყობა, უყალიბდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი, ახასიათებთ დაბალი თვითშეფასება და სხვა ადამიანებთან დაახლოების უნარის არარსებობა.
როდესაც ნარცისი პიროვნება ოჯახს ქმნის მას გულწრფელად სჯერა, რომ ძალიან სურს შვილების ყოლა. მეორე მხრივ, კი მას ქვეცნობიერიდან წამოუტივტვდება ბავშვობისდროინდელი ღრმა განცდები, რაც მისი ფსიქოლოგიური შფოთვის მიზეზი ხდება. ასეთ შემთხვევაში, მას ჰგონია, რომ ძალიან სურს შვილის ყოლა და ამის გამო ღელავს, სინამდვილეში კი გაუცნობიერებლად გონებაში ძველი კადრები უტრიალებს. ასეთ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა საკუთარი განცდები კარგად გაიაზროს, გააცნობიეროს საკუთარი პრობლემა და ვინმესთან ერთად გააანალიზოს იგი. (სავარაუდოდ, სპეციალისტთან, ფსიქოლოგთან).
ინვიტრო განაყოფიერების პროცესის დროს ნარცის მშოიბლებს ყველაზე ხშირად ავიწყდებათ წამლის მიღება, იშვიათად მოწონთ თავისი ექიმი ან კვერცხუჯრედის დონორი და სუროგატი დედა. ხშირად ისინი ინვიტრო განაყოფიერების პროტოკოლის გამოც კი გამოთქვამენ უკმაყოფილებას.
ნარცისი მშობლებს ძალიან ხშირად და სრულიად გაუცნობიერებლად ავიწყდებათ ექიმთან ვიზიტი ან მიაჩნიათ ეს მძიმე ტვირთად. ასეთი განწყობითა და მიდგომით ისინი არამარტო ახანგრლივებენ შვილის ჩასახვის მომენტს, არამედ საკმაოდ ბევრ რესურსსაც ფლანგავენ- დროს, ფინანსებს, ასევე უმიზნოდ ხარჯავენ საკუთარ ემოციებს და სხვებსაც ზედმეტად აწუხებენ.ქვეცნობიერად ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შვილი არ ეყოლოთ.

გამოსავალი

ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანს რაღაცის მიღწევის სურვილი აქვს და ამავე დროს ქვეცნობიერად შედეგის მიღების პროცესს ახანგრძლივებს, მისთვისაც კი ძალიან შემაწუხებელია.
ინვიტრო განაყოფიერებით მკურნალობისას უმნიშვნელოვანესია, რომ ნარცისიზმის მქონე უშვილო პაციენტებმა ფსიქოლოგიური თერაპიის კურსი გაიარონ და ღრმა ტრავმის შესახებ სპეციალისტს ესაუბრონ. მათი ცხოვრების ხარისხი ბევრად გაუმჯობესდება, თუკი მოახერხებენ სხვა ადამიანებთან გულწრფელი კავშრების დამყარებას (ყალბი ან ზედაპირულის ნაცვლად), თუკი მათ გარშემო შექმნილ სიტუაციებს კარგად გაიაზრებენ, ჩაუღრმავდებიან საკუთარ სურვილებს, მიხვდებიან, რა სურთ სინამდვილეში. ასეთი მშობლები ხელოვნური განაყოფიერების პროცედურის ჩატარებამდე აუცილებლად უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ ნამდვილად სურთ შვილის ყოლა .