რა როლს ასრულებს ანტი-მიულერის ჰორმონის დონე ინვიტრო-განაყოფიერების წარმატებაში?

ჯანმრთელ ქალს საკვერცხეში კვერცხუჯრედები ბუნებრივად წარმოექმნება. ასაკის მატებასთან ერთად კვერცხუჯრედის ხარისხი და რაოდენობა კლებულობს. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ჰორმონი, AMH ჰორმონი ჩვეულებრივი ცილის მოლეკულაა, რომელიც საკვერცხის ფოლიკულში მას მერე წარმოიქმნება, რაც კვერცხუჯრედი მემბრანით შემოისაზღვრება და ფოლიკულის განვითარება იწყება. AMH დონე ქალის სისხლში კვერცხუჯრედის გამომუშავების პოტენციალისა და ხარისხის შეფასების საუკეთესო ინდიკატორს წარმოადგენს.
ქალის ორგანიზმში AMH-დონეზე მენსტრუალური ციკლი და კონტრაცეპტივით მკურნალობა არანაირ გავლენას არ ახდენს. შესაბამისად, მენსტრუაცია და ჩასახვის-საწინააღმდეგო აბების მიღება AMH-ანალიზის ჩატარებისთვის უკუჩვენებას არ წარმოადგენს და მისი განხორციელება ციკლის ნებისმიერ დღეს დაშვებულია.
AMH -ანალიზი მხოლოდ 1990 წლიდან ტარდება. წარმატებული ინვიტროს შემთხვევების კვლევებმა AMH -დონესა და წარმოქმნილი კვერცხუჯრედების რაოდენობას შორის დადებითი კორელაცია საბოლოოდ დაადასტურა. შესაბამისად, ამ ანალიზის ტექნოლოგიის შემუშავება ინვიტრო განაყოფიერების მკურნალობის ქვეშ მყოფ ქალებზე მრავალწლიანი დაკვირვების შედეგია. დღეს ეს ანალიზი ნებისმიერი პროფესიონალური ინვიტრო ან უშვილობის მკურნალობის კლინიკის პროგრამების ბაზისურ ელემენტს წარმოადგენს.
კლინიკების უმეტესობა AMH დონეს ქალის შვილოსნობის უნარის შეფასების სანდო მეთოდად მიიჩნევს და დაბალი AMH დონის მქონე ქალს ინვიტრო პროცესის დაწყებამდე მკურნალობის ჩატარებას ურჩევს. თუ 1 ზე ნაკლებია, რეკომენდირებულია ინვიტროს დაგეგმვა კვერცხუჯრედის დონორით, რადგან საკუთარი კვერცხუჯრედების მიღების ან მათი განაყოფიერების შანსი ძალიან დაბალია.
შვილოსნობის უნარის უფრო ზუსტად შეფასების მიზნით AMH -ანალიზთან ერთად ანტრალური ფოლიკულის რაოდენობასაც ითვლიან და ასევე ისაზღვრება სისხლში ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის FSH ის დონე.
დღესდღეისობით, უნაყოფობა საკმაოდ ბევრ წყვილს აღენიშნება. ათასობით წყვილს შვილოსნობის დარღვევის რომელიმე ფორმა აღენიშნება, რის გამოც ხელოვნური განაყოფიერების ჩატარების გადაწყვეტილებას იღებენ. ინვიტრო განაყოფიერების ჩატარებამდე მნიშვნელოვანია უნაყოფობის მიზეზის ზუსტად დადგენა და ამის საფუძველზე მკურნალობის სწორი მეთოდის შერჩევა. ქალის მიერ კვერცხუჯრედის გამომუშავების უნარის დაქვეითების დადასტურება სწორედ AMH ანალიზის მეშვეობით ხდება.

AMH -დონის რაოდენობრივი მაჩვენებელი

როგორც აღვნიშნეთ, AMH-დონის მეშვეობით საკვერცხის სარეზერვო შესაძლებლობისა და კვერცხუჯრედის განაყოფიერების პოტენციალის შეფასება ხდება. თუკი ქალი ინვიტრო განაყოფიერების ჩატარებას გეგმავს, მისი ჩასახვის უნარის შეფასების მიზნით, მას პირველ რიგში AMH -ანალიზი უტარდება.
AMH -დონის ნორმალურ მაჩვენებლად ითვლება 1.5 -4.0 ნგ/მლ. შესაბამისად ამ ფარგლებში მოსალოდნელია ჩასახვის მაღალი უნარი და, შესაბამისად, ინვიტრო განაყოფიერების წარმატება.
AMH -დონის დაქვეითებულ მაჩვენებლად 1.0 – 1.5 ნგ/მლ ითვლება. ეს დონე საკვერცხის სარეზერვო უნარის დაქვეითებაზე მიუთითებს.
თუკი AMH-დონე1- 0.5 ნგ/მლ ან უფრო ნაკლებია, ეს უკვე დაბალ მაჩვენებლად ითვლება, რაც საკვერცხის სარეზერვო უნარის უკიდურეს დაქვეითებაზე მიუთითებს. ასეთ შემთხვევაში ქალის შვილოსნობის უნარი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და მას შესაძლო გამოსავლის სახით კვერცხუჯრედის დონაციით სარგებლობას სთავაზობენ.

რა არეგულირებს AMH -დონეს?

AMH-დონე ქალის ორგანიზმში ჰორმონ გონადოტროპინის მეშვეობით რეგულირება. ყველაზე მაღალი AMH-დონე ფოლიკულის წარმოქმნის დაწყების პროცესში აღინიშნება. ამ დროს ფოლიკულის ზომა დაახლოებით 4 მმ-ია. ფოლიკულის ზრდასთან ერთად ჰორმონის სეკრეცია თანდათან მცირდება. კვლევის შედეგების მიხედვით, იმ დროს, როცა ფოლიკულის ზომა 8 მმ-ს აღწევს, AMH ის სეკრეცია წყდება. შესაბამისად, AMH-დონეს ბუნებრივი ფლუქტუაცია, ანუ რყევა, ახასიათებს. სწორედ დონის ცვლილების მიხედვით ხორციელდება კვერცხუჯრედის ხარისხისა და რაოდენობის შეფასება.

დაბალი AMH -დონე

ქალის AMH-დონე, როგორც წესი, ასაკთან ერთად კლებულობს, თუმცა არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომელიც AMH -დონეზე უარყოფით გავლენას ახდენს. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება სტრესი, არასწორი კვება და ცხოვრების წესი, საკვერცხის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ჰორმონალური დარღვევა, ტრავმა, ზოგიერთი გენეტიკური ფაქტორი, აუტოიმუნური და სხვა დაავადებები. თუკი AMH-დონის დაქვეითება 35 წლამდე ასაკის ქალს აღმოაჩნდა, ეს შეიძლება ნაადრევი მენოპაუზის მაუწყებელი იყოს. AMH ის დონის დაქვეითების მიზეზის აღმოჩენის შემდეგ პაციენტისთვის ჩასახვის უნარის გაუმჯობესებისათვის ყველაზე შესაფერისი სტრატეგიის შერჩევა იწყება.

ნუ მიეცემით უიმედობას

თუკი თქვენი AMH -დონე დაბალი აღმოჩნდა, გირჩევთ, არ იღელვოთ, რადგან არსებობს მკურნალობის მრავალფეროვანი მეთოდები, რომლებიც შვილის ყოლაში დაგეხმარებათ. მათ შორისაა კვერცხუჯრედის დონორით სარგებლობა.
იმის გამო, რომ ინვიტრო განაყოფიერების ციკლი ხანგრძლივ დროს და საკმაოდ დიდ თანხას მოითხოვს, უშვილო წყვილებს ყოველთვის ძალიან აღელვებთ დონორისგან მიღებული კვერცხუჯრედის ხარისხი.როგორც წესი, თანამედროვე სამედიცინო კლინიკები კვერცხუჯრედის დონორის შერჩევას ძალიან სერიოზულად უდგებიან. პირველადი სკრინინგის შემდეგ დონორს AMH ანალიზი უტარდება, რათა მათ მიერ წარმოქმნილი კვერცხუჯრედის ხარისხი სათანადოდ შეფასდეს.