კლინიკის შერჩევის სტრატეგია
გლობალიზაციის პროცესმა და ინტერნეტმა სრულიად შეცვალა სამყარო. თანამედროვე პირობებში ინფორმაცია სინათლის სიჩქარის ტემპით ვრცელდება სამყაროს ერთი ბოლოდან მეორეში. მაგალითად, ელექტრონული მედიის წყალობით ყოველთვის ვიცით, რა ხდება ჩვენს გარშემო და რა ხდება მსოფლიოში. დღეს ადამიანების უმრავლესობას ვერც კი წარმოუდგენია ცხოვრება ისეთი სოციალური ქსელების გარეშე, როგორიცაა, მაგალითად, „ფეისბუქი“ და „თვიტერი“. შესაბამისად, არც იმის გაგებაა რთული, რომელი კლინიკები სპეციალიზირდება უშვილობის „ინვიტრო“ ანუ ხელოვნური განაყოფიერების გზით მკურნალობაზე, რას გვთავაზობს ესა თუ ის კლინიკა და რამდენად კმაყოფილი არიან ის პაციენტები, ვინც უკვე ისარგებლა თქვენს მიერ შერჩეული კლინიკის სერვისებით, ასევე ადვილად შეიძლება გავიგოთ, რა ხდება ინვიტრო-განაყოფიერების სფეროში ზოგადად, მთელს მსოფლიოში, როგორც მეცნიერული, ასევე პრაქტიკული კუთხით.
ამ თემაზე საჭირო ინფორმაციის მისაღებად უამრავი წყარო არსებობს, შესაბამისად, გირჩევთ, კლინიკის შესარჩევად ინფორმაცია რამდენიმე წყაროდან მოიძიოთ და არჩევანი მხოლოდ ამ მრავალფეროვანი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გააკეთოთ.
ამ სტატიაში განვიხილავთ იმ საკითხებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება კლინიკის შერჩევის პროცესში და ასევე გირჩევთ, სად და როგორ უნდა ეძებოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია.
– რადგან ყველაზე მრავალმხრივი და ინფორმაციული წყარო მაინც ინტერნეტია, ყველაზე ამომწურავ და ობიექტურ ინფორმაციას სწორედ ინტერნეტიდან მიიღებთ. შესაბამისად, ინტერნეტის საშუალებით ძალიან სწრაფად მოიძიებთ ინფორმაციას, რომელიც თქვენთვის საუკეთესო ინვიტრო-კლინიკის შესარჩევად გჭირდებათ.
–ინტერნეტში არსებობს სხვადასხვა თემატური პორტალები, ფორუმები სადაც უამრავი პაციენტი აზიარებს საკუთარ გამოცდილებას.ასეთი ტიპის ფორუმები ზოგად შთბეჭდილებას შეგიქმნით იმის თობაზე, თუ რამდენი კლინიკა არსებობს, სავარაუდოდ, იქვე შეგიძლიათ შეხედოთ თითოეული კლინიკის სერვისების ჩამონათვალს, ფასებს და ხარისხის მაჩვენებლებს. ამავდროულად შეგიძლიათ გადახედოთ გუგლის მიმოხილვებს ამათუ იმ კლინიკის შესახებ.
– დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სამკურნალო კლინიკების მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში 1992 წელს მიღებული სპეციალური საკანონმდებლო აქტით რეგულირდება ( The Fertility Clinic Success Rate and Certification Act of 1992). აღნიშნული აქტი უშვილობის მკურნალობის პროფილით მომუშავე კლინიკებს ავალდებულებს, ყოველწლიურად იმ პროცედურების ანგარიში გამოქვეყნონ, რომელიც წლის განმავლობაში ჩაატარეს. ასეთი ანგარიშები საინტერესო სტატისტიკურ ინფორმაციას იძლევა, რომლის საფუძველზეც ადვილად წარმოიდგენთ, რა ხდება მსოფლიოში უშვილობის მკურნალობის კუთხით.
– ზემოხსენებული საინფორმაციო ბაზის საფუძველზე ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (Centre for Disease Control and Prevention-CDC) ყოველწლიურად აქვეყნებს წლიურ პუბლიკაციას, სადაც აღნიშნულია საზოგადოებრივი კლინიკების წარმატების მაჩვენებლები. ეს ინფორმაცია საჯარო ხასიათს ატარებს, შესაბამისად, ყველასთვის ხელმისაწვდომია. სამწუხაროდ, ასეთი პრაქტიკა საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არსებობს, თუმცა რაც უფრო უკეთ ინფორმირებული იქნებით უცხოეთის კლინიკების მუშაობის შესახებ, მით უფრო იოლად მიხვდებით, რა კრიტერიუმების საფუძველზე უნდა შეარჩიოთ თქვენთვის საჭირო სერვისების მომწოდებელი საქართველოში.
– უშვილობის მკურნალობის პროფილით მომუშავე კლინიკებს, როგორც წესი, საკუთარი ვებ-გვერდები აქვთ და ასეთ გვერდებზე თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მიღება შეიძლება, მაგალითად, რა ფაქტორები განაპირობებს კლინიკის პოპულარულობასა და წარმატებულობას. საქართველოში ასეთი ინფორმატიული ვებ გვერდები უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი, თუმცა ნელ-ნელა მაინც მკვიდრდება ვებ-გვერდზე პაციენტისთვის საჭირო ინფორმაციის არსებობის კულტურა. ამიტომ, გირჩევთ, ყურადღებით გადაავლოთ თვალი, როგორ გამოიყურება კლინიკების ვებ-გვერდები. ნუ დაივიწყებთ აგრეთვე პაციენტთა ფორუმებს, სადაც ისინი საკუთარი გამოცდილების შესახებ ამბებს აზიარებენ.
–კლინიკის ვებ-გვერდებზე არსებული ინფორმაცია ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით იმის შესახებ, თუ როგორია ამა თუ იმ მეთოდის დროს წარმატებული ორსულობისა და წარმატებული მშობიარობის სავარაუდო ალბათობა.
– კლინიკის ან ჯანდაცვის რომელიმე სხვა ორგანიზაციის ვებ-გვერდებზე შეიძლება იპოვოთ უშვილობის მკურნალობის პროფილით მომუშავე კლინიკების წარმატების ინდიკატორები, ასევე შესაბამისი ცხრილები და გრაფიკები. ეს ინფორმაცია ასევე დიდ დახმარებას გაგიწევთ კლინიკის შერჩევის პროცესში.
ინვიტრო-კლინიკების მიერ მოწოდებული სერვისების ხარისხის შეფასება საკმაოდ რთული საქმეა, მაგრამ თუკი გსურთ, რომ ნამდვილად მაღალპროფესიონალური და სანდო კლინიკა შეარჩიოთ, აუცილებლად მოგიწევთ ამ საქმის შესრულება. სწორედ ამიტომ გირჩიეთ, პირველ რიგში, უცხოურ ვებ-გვერდებს გადახედოთ და კლინიკის შერჩევის კრიტერიუმები ჩამოაყალიბოთ.
ინვიტრო-განაყოფიერების პროგრამის წარმატებას უამრავი ფაქტორი განაპირობებს. ამ ფაქტორებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც კონკრეტული უშვილო წყვილის თავისებურებები და სამედიცინო ისტორიაა.
– მსოფლიოში არსებობს უამრავი პერიოდული პუბლიკაცია, სადაც ემბრიოლოგიის და უშვილობის შესახებ საინტერესო სამეცნიერო და პოპულარული სტატიები ქვეყნდება. ასეთი პუბლიკაციები ბევრად უფრო სანდო ინფორმაციას შეიცავს, ვიდრე სარეკლამო მოწოდებები და მეზობელ-მეგობრების აღტყინებული რეკომენდაციები. გლობალური სამყაროსა და ინტერნეტის დიდი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ „სიბნელეში“ აღარ ვართ, ანუ შეგიძლიათ ყველა ფაქტორი შეადაროთ, აწონ-დაწონოთ და ამის საფუძველზე ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოთ.
– თუკი თქვენი ნაცნობისგან გაიგებთ, რომ მან რომელიღაც კონკრეტულ კლინიკაში მკურნალობის წარმატებული კურსი გაიარა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ თქვენც აუცილებალდ იგივე კლინიკას იგივე პროგრამის გამო უნდა მიმართოთ. გახსოვდეთ, რომ უშვილობის მკურნალობის პროგრამა ინდივიდუალურად ერგება თითოეულ წყვილს. ის მეთოდი, რომლიც ერთ წყვილს დაეხმარა, შეიძლება, მეორე წყვილისთვის შესაფერისი არ გამოდგეს. შესაბამისად, ინტერნეტსა და ნაცნობ-მეგობრებში შეიძლება არსებული მეთოდების შესახებ ინფორმაცია დააგროვოთ, მაგრამ თქვენთვის ყველაზე სასურველ მეთოდის შერჩევა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია თქვენი და თქვენი პარტნიორის საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნებით.
ამრიგად, უკვე იცით, სად და როგორ უნდა მოძებნოთ ინვიტრო კლინიკებისა და მათ მიერ მოწოდებულ სერვისების შესახებ ინფორმაცია. ახლა რჩება ყველაზე მთავარი, სპეციალისტის შერჩევა.
-კლინიკის ვებ-გვერდებზე ან ინტერნეტის „ყვითელ ფურცლებში“ ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ „ინვიტროს“ სფეროში ყველაზე ცნობილი და წარმატებული სპეციალისტების გვარები და საკონტაქტო მონაცემები.
– ზოგიერთი ვებ-გვერდი პროფესიონალის ბიოგრაფიულ მონაცემებსაც აქვეყნებს, შესაბამისად, შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო სპეციალისტის კვალიფიკაციისა და განათლების შესახებ.
– ვებ-საიტებზე ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია სპეციალისტის რეგისტრაციის, ლიცენზიის ან აკრედიტაციის შესახებ. ეს ინფორმაცია ასევე მნიშვნელოვანია სერვისის ხარისხის შესაფასებლად.
თუკი კლინიკაში ექიმები ხშირად იცვლება, ეს არც თუ ისე კარგი მაჩვენებელია, რადგან ეს ფაქტი ირიბად კლინიკის სერვისების არცთუ ისე კარგ ხარისხზე მიუთითებს. თუკი კლინიკის პერსონალი ხშირად იცვლება, ეს იმას ნიშნავს, რომ პერსონალი უკმაყოფილოა ამ კლინიკაში მუშაობის პროცესით და მართვის, ანუ მენეჯმენტის ხარისხით. თუკი თქვენს მიერ არჩეულ კლინიკაში მომუშავე პერსონალი უკმაყოფილოა სამუშაო პირობებით, მაღალი ხარისხის მომსახურების იმედი არ უნდა გქონდეთ. ამრიგად, კლინიკის შენობა, ინტერიერი და მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა იმისთვის, რომ კლინიკამ მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება შეძლოს.