რა არის ენდომეტრიოზი და რა ზეგავლენას ახდენს ინვიტრო განაყოფიერების წარმატებაზე?

ენდომეტრიოზის დროს ყველაზე მთავარი სიმპტომი მცირე მენჯის ღრუში ტკივილია. ეს ტკივილი განსაკუთრებით ძლიერდება მენსტრუაციის პერიოდში. ქალების უმრავლესობისთვის საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა სპაზმური ტკივილები მენსტრუაციის პერიოდში, თუმცა ენდომეტრიოზის შემთხვევაში ტკივილი ბევრად უფრო ძლიერია. როგორც წესი, დროთა განმავლობაში მენსტრუაციის დროს განცდილი ტკივილი კიდევ უფრო მატულობს.

ენდომეტრიოზის ზოგადი ნიშნები:

მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა)-ენდომეტრიოზის შემთხვევაში მენსტრუაციის დროს მცირე მენჯის ღრუში ტკივილი შეიძლება ბევრად უფრო ხანგრძლივად გაგრძელდეს, ვიდრე ეს ჩვეულებრივი მიმდინარეობისას ხდება. ასევე შეიძლება აღინიშნოს სპაზმური ტკივილი მენსტრუაციული სისხლდენის დაწყებამდე და ამას თან დაერთოს წელის ქვედა ნაწილისა და მუცლის ტკივილიც.

ტკივილი სქესობრივი აქტის დროს

ენდომეტრიოზის შემთხვევაში ქალებს ხშირად აღენიშნებათ ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. ხანდახან მწველი ხასიათის ტკივილი გენიტალიის არეში აქტის შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს. ამ ტკივილის გამო, ხშირად, ქალი სქესობრივი ცხოვრების სურვილსაც კარგავს.

ტკივილი ნაწლავის მოქმედებისა და შარდვის დროს

ენდომეტრიოზის შემთხვევაში მენსტრუაციის დროს ქალებს ხშირად აღენიშნებათ ტკივილის შეგრძნება კუჭის მოქმედებისა და შარდვის პროცესში.

გაძლიერებული სისხლდენა

პერიოდულად, ენდომეტრიოზის დროს აღინიშნება ჩვეულებრივზე უფრო გაძლიერებული მენსტრუალური სისხლდენა (ე.წ. მენორაგია). სისხლდენა მენსტრუაციის შუა პერიოდში ასევე ხშირი სიმპტომია ენდომეტრიოზის მქონე ქალებში. გაძლიერებულ სისხლდენას, ან სისხლდენას მენსტრუაციის დღეებს შორის ხშირად მენომეტრორაგიასაც უწოდებენ.

უშვილობა

ენდომეტრიოზის მქონე ქალებს ხშირად აღენიშნებათ უნაყოფობა (უშვილობა) და როგორც წესი, სწორედ ასეთი პაციენტები მიმართავენ უნაყოფობის მკურნალობას.

სხვა სიმპტომები

ენდომეტრიოზის გამო ქალები ასევე ხშირად უჩივიან ქვემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს, განსაკუთრებით მენსტრუაციის პერიოდში:

  1. დაღლილობა
  2. დიარეა
  3. ყაბზობა
  4. მუცლის შებერილობა
  5. გულისრევის შეგრძნება

ტკივილის სიმძიმე მატულობს მდგომარეობის სირთულესთან მიმართებაში და საკმაოდ სანდო ინდიკატორია მდგომარეობის სიმძიმის შესაფასებლად. თუმცა ხშირად ისეც ხდება, რომ მსუბუქი ენდომეტრიოზის მქონე ქალები ძლიერ ტკივილს განიცდიან და პირიქით, ენდომეტრიოზის მძიმე ფორმის მქონე ქალებს შედარებით მსუბუქი ან არანაირი ტკივილი აღენიშნებათ.
ხანდახან ენდომეტრიოზის დიაგნოზი შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს, რადგან ექიმებს უჭირთ მისი დიფერენცირება მცირე მენჯის ღრუს ტკივილით მიმდინარე სხვა დაავადებებისგან, მაგალითად საკვერცხის კისტა, მენჯის ღრუს ანთება ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ამ უკანასკნელის დროს ქალებს მუცლის ღრუში ძლიერი სპაზმური ტკივილი აღენიშნებათ დიარეასთან ან ყაბზობასთან კომბინაციაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ხშირია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და ენდომეტრიოზის პარალელური მიმდინარეობა.

ექიმთან კონსულტირება

მენსტრუაციის დროს მსუბუქი ტკივილი ან სპაზმები ნორმალურ მოვლენად ითვლება, მაგრამ თუკი გოგონას ნაადრევი პუბერტატული ასაკიდან აღენიშნება გაძლიერებული და მტკივნეული სისხლდენა, მან აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმის კონსულტაცია, თუკი ენდომეტრიოზის რომელიმე სიმპტომი ან მათი ერთობლიობა აღინიშნება. ენდომეტრიოზის მართვა ბევრად უფრო იოლია ნაადრევი დიაგნოზის შემთხვევაში, რაც თავის მხრივ, პაციენტს უამრავ დამატებით პრობლემას ააცილებს თავიდან.

ენდომეტრიოზის გამომწვევი მიზეზები

ენდომეტრიოზის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა საკმაოდ რთული ამოცანაა. თუმცა არსებობს გამომწვევი მიზეზის რამდენიმე სხვადასხვა ვერსია:

რეტროგრადული მენსტრუაცია

რეტროგრადული მენსტრუაცია ენდომეტრიოზის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება. ამ მდგომარეობის დროს ენდომეტრიული უჯრედებით სავსე მენსტრუალური სისხლი უკან მიედინება ფალოპიუსის მილების საშუალებით და მცირე მენჯის ღრუში გროვდება, შესაბამისად, ის არ გამოედინება ორგანიზმიდან. ენდომეტრიული უჯრედები ეწებება მენჯის ღრუში განთავსებულ ორგანოებს და მენჯის ღრუს კედლებს. ეს უჯრედები აგრძელებს ზრდას, ამასთან ყოველი მენსტრუალური ციკლის დროს ახალი უჯრედებიც ემატება და წარმონაქმნი თანდათან უფრო მეტად სქელდება.

ემბრიონული უჯრედის ტრანსფორმაცია

ადრეული პუბერტატული პერიოდის დროს ჰორმონ ესტროგენის გავლენით ხანდახან შეიძლება მოხდეს ემბრიონული უჯრედის ენდომეტრიული უჯრედის იმპლანტად ტრანფორმაცია ანუ გარდაქმნა. ეს პროცესი შესაძლოა მოგვიანებით ქალის ორგანიზმში ენდომეტრიოზის განვითარების მიზეზი გახდეს.

პერიტონეული უჯრედების ტრანსფორმაცია

ეგრედ წოდებული ‘ინდუქციური თეორიის’ თანახმად, იმუნურ ან ჰორმონულ ფაქტორებს შეუძლიათ პერიტონეული (მუჩლის ღრუს)უჯრედის ტრანსფორმაცია. ამრიგად, მუცლის ღრუს შიდა ზედაპირზე ამოფენილი უჯრედები სახეს იცვლის და გადიქცევა ენდომეტრიულ უჯრედებად, რაც ენდომეტრიოზის განვითარების მიზეზი ხდება.

ენდომეტრიული უჯრედების ტრანსპორტირება

ენდომეტრიოზი შეიძლება გამოიწვიოს ლიმფური სისტემის მიერ ენდომეტრიუმის უჯრედების სხეულის სხვა ნაწილებში ტრანსპორტირებამ (ანუ გადატანამ).

იმუნური სისტემის დარღვევა

იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აქვეითებს ორგანიზმის უნარს, ამოიცნოს, გაანადგუროს და საშვილოსნოს გარეთ გამოიტანოს პოტენციურად სარისკო უჯრედები ან წარმონაქმნები. ასეთ შემთხვევაში ენდომეტრიოზის განვითარების ალბათობა მატულობს.

ქირურგიული ნაწიბურის იმპლანტაცია

ენდომეტრიული უჯრედები შეიძლება მიუმაგრდეს პოსტ-ოპერაციულ (მაგალითად, საკეისრო კვეთის მერე) დარჩენილ ნაწიბურს.

რისკ-ფაქტორები

ენდომეტრიოზის განვითარების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:

  1. განაყოფიერების უუნარობა
  2. მენსტრუალური ციკლის ადრეულ ასაკში დაწყება
  3. დაგვიანებული მენოპაუზა
  4. მოკლე მენსტრუალური ციკლი
  5. ორგანიზმში ესტროგენის მაღალი დონე
  6. დაბალი სხეულის მასის ინდექსი
  7. ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება
  8. ენდომეტრიოზის შემთხვევები ახლო ნათესავებში, მაგ. დედა, და, დეიდა.
  9. მენსტრუალური ნაკადის ორგანიზმიდან თავისუფლად გამოდინების შეფერხება
  10. საშვილოსნოს სხვადასხვა პათოლოგიები

უნაყოფობა

ენდომეტრიოზის უმთავრესი გართულება ჩასახვის უნარის დაქვეითებაა. ენდომეტრიოზის მქონე ქალების 50%-ს ჩასახვის პრობლემები აღენიშნებათ. ენდომეტრიოზი იწვევს ფალოპის მილების ობსტრუქციას (გადაკეტვას) და შესაბამისად აფერხებს კვერცხუჯრედის თავისუფლად გადაადგილებასა და სპერმატოზოიდთან დაკავშირებას. შესაბამისად, კვერცხუჯრედის განაყოფიერება ვერ ხდება და ის უბრალოდ ეწეპება საშვილოსნოს კედელს. სწორედ ეს უარყოფით ახდენს გავლენას შვილოსნობაზე. ენდომეტრიოზის მქონე ქალებში უფრო ხშირია წარუმატებელი ინვიტრო განაყოფიერება. ორსულობის მისაღწევად მათ ხშირად რამდენიმე განმეორებითი ცდის ჩატარება უწევთ. ამიტომ ბევრად უფრო ეფექტურია ინვიტროს ენდომეტრიოზის მკურნალობის ბოლომდე დასრულების მერე ჩატარება.
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ენდომეტრიოზის მქონე ქალებს ჩასახვის უნარი უკეთ გამოხატული აქვთ. თუმცა წლების განმავლობაშ მოსალოდნელია მათი მდგომარეობის დამძიმება, ამიტომ ენდომეტრიოზის მსუბუქი ფორმის მქონე ქალებს ხშირად ურჩევენ, არ გადადონ ბავშვის ყოლა, რადგან დროთა განმავლობაში უნაყოფობის ალბათობა, სავარაუდოდ, მოიმატებს.

გართულებები

სამწუხაროდ, ენდომეტრიოზს მრავალნაირი გართულება ახასიათებს. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა მცირე მენჯის ღრუში შეხორცებების წარმოქმნა, რაც მუცლის ღრუს შესაბამისი ორგანოს ფუნქციის შეზღუდვას იწვევს. ხშირად ენდომეტრიოზი ბლოკავს ფალოპიუსის მილებს და ამ გზით აფერხებს კვერცხიჯრედის მიღწევას სპერმატოზოიდამდე, რაც უნაყოფობას განაპირობებს.
მძიმე ენდომეტრიოზის მქონე ქალებს მედიკამენტური მკურნალობის რამდენიმე სერიისა და ქირურგიული ჩარევის შემთხვევაშიც კი ხშირად აქვთ ჩასახვის პრობლემა. ასეთი პაციენტებისთვის რეკომენდირებულია სუროგაცია, რათა ბავშვის გაჩენა ზედმეტი სტრესისა და სირთულეების გარეშე მოხდეს.