გუნება-განწყობის დარღვევა საკვერცხის სტიმულაციის პროცესში: როგორ გავუმკლავდეთ?

ხელოვნური, ანუ ინვიტრო განაყოფიერების, პროცედურის ყველაზე მნიშვნელოვანი, შრომატევადი და ხანგრძლივ ეტაპს საკვერცხის სტიმულაცია წარმოადგენს. როგორც წესი, მას წინ უსწრებს ეგრედ წოდებული ინდუქციის, ანუ სტიმულაციისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ინდუქციის დროს პაციენტს კონტრაცეპტიული პრეპარატი ენიშნება. ამ ჯგუფის პრეპარატები ორგანიზმში ნებისმიერ არასასურველ ჰორმონალურ პროცესს თრგუნავს. შეიძლება ითქვას, რომ ინდუქციის დროს საკვერცხეს ვასვენებთ და ასეთი მიდგომით ექიმს ინვიტროს ციკლის უკეთ გაკონტროლების შესაძლებლობა ეძლევა.
დღესდღეისობით, არარეგულარული ოვულაცია, ანუ საკვერცხეში კვერცხუჯრედის არარეგულარულად მომწიფება, ჩვეულებრივი მოვლენა გახდა და თითქმის ყოველ მეოთხე ქალს აღენიშნება. სტიმულაციის დახმარებით ოვულაციის პროცესი სულ რამდენიმე წუთში იწყება. ამრიგად, საკვერცხის სტიმულაციის მთავარ მიზანს საკვერცხეში მაქსიმალური რაოდენობის კვერცხუჯრედის მომწიფება წარმოადგენს. კვერცხუჯრედების რაოდენობა ამ შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან რაც უფრო მეტი მომწიფებული კვერცხუჯრედი გვექნება, მით უფრო მეტად გაიზრდება მათი განაყოფიერების ალბათობა. როგორც ცნობილია, ინვიტროს პროცესში განაყოფიერებულ კვერცხუჯრედებს საშვილოსნოში აბრუნებენ, სადაც უკვე ემბრიონის განვითარები პროცესი იწყება.
საკვერცხის სტიმულაცია საკმაოდ რთული და დამღლელი პროცესია. ჰორმონალური პრეპარატებით სტიმულაცია ქალის გუნება-განწყობის დარღვევას იწვევს, რაც მის ნახტომისებურ ცვლილებებში გამოიხატება.
საკვერცხის სტიმულაციისთვის ე.წ. გონადოტროპულ პრეპარატებს იყენებენ (მაგალითად, კლომიდი, მეტფორმინი, გონალი, ფოლისტიმი, ლუპრონი და სხვა). თითოეულ პრეპარატს გარკვეული გვერდითი მოვლენები გააჩნია, თუმცა, ძირითადად, გვერდითი მოვლენები საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეობს. იშვიათ შემთხვევაში, ორგანიზმში ზედმეტი სითხის შეკავების გამო შეიძლება საკვერცხე შეშუპდეს, რაც ტკივილის მიზეზი ხდება. ამრიგად, გუნება-განწყობის დარღვევასთან ერთად, საკვერცხის სტიმულაციის ყველაზე ხშირად გამოხატულ გვერდით მოვლენებს წარმოადგენს:

  1. თავისტკივილი
  2. მუცლის შებერილობა და ტკივილი
  3. ძუძუს მგრძნობელობის მომატება
  4. წამოხურება (რასაც ხშირად ყოფით ენაზე „ალებს“ ვუწოდებთ)
  5. ვაგინალური სიმშრალე

ზოგადად, ქალის ინვიტრო-განაყოფიერების მთელი ციკლი დიდ სტრესს უქმნის, რადგან მან უამრავი ინექცია და სხვა პროცედურა უნდა ჩაიტაროს. წარუმატებლობის შემთხვევაში, სტიმულაციის პროცედურის გავლა განმეორებით ხდება. გამოცდილებამ აჩვენა, რომ პირველი სტიმულაციის დროს ქალი ბევრად უფრო მეტ სტრესს განიცდის, ვიდრე განმეორებითი პროცედურების შედეგად. ინვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის დაწყების მომენტიდან საბოლოო წარმატების მიღწევამდე წყვილი სერიოზულ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ფინანსურ ზეწოლას განიცდის. უნდა აღინიშნოს, რომ ქალი ბევრად უფრო მეტი წნეხის ქვეშ იმყოფება. ამის დასადასტურებლად საკმარისია, წარმოვიდგინოთ, რას გრძნობს ადამიანი, რომელიც ინვიტრო განაყოფიერების ერთი ციკლის დროს ხანდახან 80-90 სხვადასხვა ინექციის ჩატარება უწევს. ამასთან ინექციების პარალელურად ორგანიზმი დიდი ოდენობით კვერცხუჯრედების გამოიმუშავება ხდება, რაც ქალის როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ გამოფიტვას იწვევს.
სტიმულაციის მანძილზე ქალს განსაკუთრებით დიდი თანადგომა და ზრუნვა ესაჭიროება. ამ პერიოდში მეუღლეს, პარტნიორს, მეგობრებს და ოჯახის სხვა წევრებს საკმაოდ დიდი როლი ენიჭებათ. როგორც წესი, ინვიტრო განაყოფიერების კლინიკის კონსულტანტები პარტნიორს ან მეუღლეს მომლოდინე დედის გვერდით მუდმივად ყოფნას ურჩევენ, რადგან ეს სიახლოვე ქალის გუნება-განწყობის სტაბილურობას განაპირობებს.
მედიკამენტური მკურნალობის პროცესში მომლოდინე დედები ყოველი შემდგომი ინექციის წინ შფოთავენ. ამას თან ერთვის გუნება-განწყობის დარღვევა და ქცევის შეცვლა. ქალებში საკმაოდ დიდ გაღიზიანებას იწვევს აგრეთვე მუცლის შებერილობა. ამიტომაც, ამ პერიოდში მას განსაკუთრებით ესაჭიროება პარტნიორის ყურადღება და საყვარელი ადამიანების გარემოცვა.
მოდით, ახლა ყველაფერი შევაჯამოთ და სქემატურად გადავხედოთ, რა გზას გადის წყვილი სტიმულაციის ეტაპის პერიოდში. თითოეული ნაბიჯის განხილვა უფრო თვალსაჩინოდ მიგვახვედრებს, კონკრეტულად რა როლს ასრულებენ მეუღლე ან პარტნიორი, ოჯახი და მეგობრები სტიმულაციის პროცესში.

რას უნდა ველოდოთ

საკვერცხის სტიმულაციის ერთი ციკლიც კი საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია. წარმოიდგინეთ, რომ ხშირად საჭირო ხდება მისი რამდენჯერმე განმეორება. საკვერცხის სტიმულაციის პერიოდის სირთულეები მომლოდინე მშობლების უმრავლესობას ძალიან აბნევს, პესიმისტურად განაწყობს და ენთუზიაზმს აკარგვინებს.

დანიშნულების შესრულება

მომლოდინე ქალებს, როგორც წესი, საკმაოდ დიდი რაოდენობის ინექციები, აბები და აპლიკაციები ენიშნება. ამ დანიშნულების შესრულება მათ სახლში დამოუკიდებლად უწევთ. თუკი ქალის ორგანიზმში მიმდინარე ზემოაღწერილ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პროცესებს გავითვალისწინებთ, დანიშნულების სწორად შესრულება არც ისე ადვილ ამოცანად მოგვეჩვენება. სრულიად შესაძლებელია, რომ ქალს დაავიწდეს წამლის მიღება, რომელიმე პროცედურა ან გამორჩეს, ან მისი ჩატარების დრო დაავიწყდეს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მისი მეუღლის ან პარტნიორის მუდმივად გვერდში ყოფნა. ცხადია, ეს არც ისე ადვილად შესასრულებელი როლია, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სტიმულაცია ინვიტრო განაყოფიერების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, ამიტომაც ზრუნვისა და ყურადღების ყველაზე მაღალი საჭიროება ქალს სწორედ ამ ეტაპზე აღინიშნება.

კლინიკაში ხშირი ვიზიტები

საკვერცხის სასტიმულაციო პრეპარატების კურსის დროს მომლოდინე ქალებს ხშირად უწევთ სისხლის ანალიზის ჩატარება. იმის გამო, რომ ნებისმიერი პაციენტი ჰორმონალურ პრეპარატზე სხვადასხვანაირად რეაგირებს, მკურნალობის პროცესში აუცილებელი ხდება ორგანიზმის რიგი პარამეტრების მუდმივად მეთვალყურეობა. მაგალითად, ექიმი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ორგანიზმი ჰორმონის ოპტიმალურ რაოდენობას გამოიმუშავებს. თუკი ჰორმონის რაოდენობა ნაკლებია, ფოლიკული ვერ მომწიფდება, მაგრამ ამავე დროს, ჰორმონის ზედმეტი რაოდენობა შეიძლება საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების განვითარების მიზეზი გახდეს. გარდა ამისა, ექიმი რეგულარულად აკვირდება ფოლიკულის ზრდის პროცესს საკვერცხეში, რისთვისაც ხშირად ნიშნავს ულტრა-ბგერით ანუ ექოსკოპიურ გამოკვლევას.
დასახელებული პროცედურების ჩასატარებლად ქალს რეგულარულად უწევს კლინიკაში მისვლა და სამედიცინო პერსონალთან ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგად არის ორგანიზებული სერვისები თქვენს მიერ არჩეულ კლინიკაში, და მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მაღალკვალიფიციურია ამ კლინიკის პერსონალი, ქალს მაინც აუცილებლად სჭირდება თანმხლები პირი, რათა ჩამოთვლილი უამრავი პროცედურა, ტესტი და შეხვედრა დროულად და მშვიდად განხორციელდეს.

სტრესი და გუბნება-განწყობის დარღვევა

საკვერცხის სტიმულაციის დროს გუნება-განწყობის ნახტომისებური ცხვლილება ჩვეულებრივი მოვლენაა. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი ინვიტრო მკურნალობის დროს მიღებული ჰორმონული პრეპარატებია.
ჰორმონალური პრეპარატები ორგანიზმზე მრავალმხრივ გავლენას ახდენს. მაგალითად, ინვიტროს შედეგად განსაკუთრებით მაღალია ტყუპის გაჩენის ალბათობა, რადგან საკვერცხის სტიმულაციის დროს რამდენიმე კვერცხუჯრედი ერთდროულად ვითარდება. სამწუხაროდ, ჰორმონული მკურნალობის ფონზე ასევე მაღალია ორსულობის შეწყვეტის ან ნაადრევი მშობიარობის ალბათობაც. ამ დროს არსებობს საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების რისკი. ზოგიერთ პაციენტს ინექციის დროს ნაჩხვლეტის ირგვლივ სიწითლე და გამონაყარი აღენიშნება. თუკი ამას დავუმატებთ ზემოთჩამოთვლილ ისეთ მსუბუქ სიმპტომებს, როგორიცაა პერიოდული თავისტკივილი, საკვერცხის ზომაში მატევა, შებერილობა და ტკივილი მუცლის არეში, ასევე წამოხურება და ვაგინალური სიმშრალე, ადვილი წარმოსადგენია, რატომ ეწყებათ მომლოდინე ქალებს გადაჭარბებული ფიქრის შედეგად გამოწვეული დეპრესია.
ამრიგად, ხელოვნური განაყოფიერებით მკურნალობის ისედაც რთულ ეპოპეას თან ამდენი დამატებითი სიმპტომი, რისკი თუ განცდა ემატება, რაც სტრესის სიმძაფრეს კიდევ უფრო ზრდის და ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს პაციენტის გუნება-განწყობაზე. სწორედ ამიტომაა განსაკუთრებით აუცილებელი ქალისთვის პარტნიორის გვერდით ყოფნა და მზრუნველი დამოკიდებულება. ამიტომ პარტნიორი ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ ქალი განებივროს და თანაგრძნობა გამოხატოს. სტიმულაციის პროცესში მიღებული ყურადღება და ზრუნვა ქალს მუდმივი სტრესისა და შიშებისგან შვების მიღებაში ეხმარება.

პრაქტიკული რჩევები სტიმულაციის პროცესში მყოფ მომლოდინე ქალებს

თუკი უკვე გადაწვეტილი გაქვთ ინვიტრო განაყოფიერების ჩატარება, ეს რჩევები საკვერცხის სტიმულაციის პროცესში ზედმეტი სტრესის არიდების შესაძლებლობას მოგცემთ.
შეარჩიეთ სანდო და პროფესიონალური სამედიცინო ჯგუფი, რომელსაც მთელი პროცესის მანძილზე თავისუფლად მიმართავთ ნებისმირი კითხვის ან თხოვნის შემთხვევაში.
შეადგინეთ თქვენი დანიშნულების (წამლების და პროცედურების) სია, რათა არ გამოგჩეთ რომელიმე მათგანის მიღება ან ჩატარება.
გაუზიარეთ პარტნიორს თქვენი შფოთვები. თუკი გრნობთ, რომ დაძაბულობას დამოუკიდებლად ვეღარ უმკლავდებით, აუცილებლად მიმართეთ თქვენს სამედიცინო კონსულტანტს.
წინასწარ შეატყობინეთ თქვენს პარტნიორს კლინიკაში დანიშნული ნებისმიერი ვიზიტის, ტესტის თუ გამოკვლევის თარიღი, აგრეთვე განიხილეთ მასთან ერთად მგზავრობის დეტალებიც. ასეთი მიდგომა თავიდან აგაცილებთ მგზავრობასთან დაკავშრებულ დამატებით სტრესს და ვიზიტის შემთხვევით გაცდენას.
ეცადეთ, მეტად შემწყნარებელი გახდეთ საკუთარი თავის მიმართ, მშვიდად მიიღეთ ნებისმიერი სირთულე, იფიქრეთ არა პრობლემებსა და ტკივილზე, არამედ იმ უდიდეს სიხარულსა და სამყაროს მიერ მონიჭებულ საჩუქარზე, რომელსაც სულ მალე ჩაიხუტებთ.

დასკვნა: რა უნდა გვახსოვდეს

საკვერცხის სტიმულაცია ინვიტრო მკურნალობის პროცესში, უდავოდ, ყველაზე რთული ეტაპია. მას მნიშვნელოვნად ამსუბუქებს პარტნიორის, ოჯახის და მეგობრების მხარდაჭერა. მორალური სიძლიერე და დადებითი ემოციები ჩასახვის ალბათობას ზრდის. ამიტომ პარტნიორისთვის ემოციური ტკივილის გაზიარება და მისი მხარდაჭერის მუდმივად შეგრძნება ხელს უწყობს მკურნალობის წარმატებას.