რამდენ ხანს შეიძლება ემბრიონის შენახვა?

ემბრიონის შენახვის მეთოდის ისტორია

ემბრიონის გაყინვა, ანუ კრიოპრეზერვაცია, ინვიტრო-განაყოფიერებით მკურნალობის სფეროში საკმაოდ ძველი და კარგად აპრობირებული მეთოდია. ადამიანის ემბრიონის გაყინვა მომავალში გამოყენების მიზნით პირველად მსოფლიოს ისტორიაში 1984 წელს განხორციელდა.

პირველი ქალი, რომელმაც გაყინული ემბრინიდან შვილი გააჩინა 26 წლის თინა გიბსონი იყო. ქალიშვილი, ევა, მან ინვიტრო-განაყოფიერების გზით გააჩინა და ამ მიზნით გამოყენებული იქნა ემბრიონი, რომელიც 24 წლის განმავლობაში გაყინულ მდგომარეობაში ინახებოდა. თინა გიბსონის მეუღლე, ბენჯამინი ცისტოზური ფიბროზით იყო დაავადებული და შესაბამისად, წყვილი წლების მანძლზე უშვილო იყო. თითქმის ორნახევარი დეკადის მანძილზე გაყინვის გზით შენახულმა ემბრიონმა და ინვიტრო-განაყოფიერებით მკურნალობის მეთოდმა მათ მშობლებად გახდომის ბედნიერება განაცდევინა. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ემბრიონის შენახვა ძალიან დიდი ხნის მანძილზე შეიძლება და გაყინულ მდგომარეობაში ყოფნის პერიოდი ემბრიონის ხარისხს არ განსაზღვრავს, ანუ დროის გასვლასთან ერთად ემბრიონის ხარისხი არ იცვლება.

ინვიტრო-განაყოფიერებით მკურნალობის ისტორიაში ეს შემთხვევა ქრესთომატიული მოვლენაა, რომელმაც უამრავ უშვილო წყვილს იმედი მისცა და თვალები აუხილა, ასევე ემბრიონის გაყინვის ტექნოლოგიასთან დაკავშირებული ყოყმანისა და შიშებისგან გაათავისუფლა.

მაშასადამე, ემბრიონის შენახვას არანაირი ვადა არ გააჩნია. თუკი ემბრიონი მაღალხარისხიანია და მისი შენახვა კრიოპრეზერვაციის ყველა ტექნოლოგიური წესის დაცვით მოხდა, ემბრიონის შენახვა რამდენიმე ათწლეულის მანძილზე შესაძლებელია.

1984 წლის შემდეგ დღემდე უთვალავი რაოდენობის ემბრიონი გაყინულა და სადღეისოდ გაყინული ემბრიონის იმპლანტაციის შედეგად უკვე ათასობით ბავშვი არის დაბადებული. დღეს ემბრიონის გაყინვა ინვიტრო-განაყოფიერების ერთ-ერთ რიგით პროცედურად ითვლება. პაციენტების 60%-ზე მეტი გაყინვის გზით ინახავს საკუთარ ემბრიონს.

რა შემთხვევებში ინახავენ ემბრიონს?

ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ინვიტრო-განაყოფიერების ხანგრძლივი პროცედურების წარმატებით დასრულების შემდეგ წყვილს ზედმეტი ემბრიონების გაყინვის მეთოდით შენახვა სურს. ასეთი ემბრიონის გამოყენება გარკვეული დროის გავლის შემდეგ შესაძლებელია. მაგალითად, თუკი წყვილი მომავალში მეორე შვილის ყოლას გეგმავს, ამ მეთოდის დახმარებით ისინი თავიდან იცილებენ საკვერცხის სტიმულაციის, ინტრაციტოპლაზმური ინექციებისა და ლოდინის პროცესებთან დაკავშირებულ სტრესსა და დროის ხარჯვას.

ემბრიონის გაყინვის მეთოდს ის წყვილებიც მიმართავენ, ვინც ისეთი მკურნალობის კურსის ჩატარებას აპირებს, რომელმაც შეიძლება მათი რეპროდუქციული ფუნქცია დაარღვიოს. ასეთი მკურნალობის კურსებს მიეკუთვნება ქიმიოთერაპია და რადიოლოგიური დასხივება. ასე რომ თუკი პაციენტს მსგავსი მკურნალობა ესაჭიროება, მაგრამ ამავე დროს მომავალში შვილის ყოლაც სურს, შეუძლია, ემბრიონის გაყინვის მეთოდს მიმართოს და შვილი მაშინ იყოლიოს, როდესაც მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსებს წარმატებით დაასრულებს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.
უნდა აღინიშნოს, რომ უშვილო წყვილს ემბრიონის შენახვა არამარტო მეორე შვილის ყოლის მიზნით სჭირდება. მაგალითად, ინვიტრო-განაყოფიერების პროცედურის წარმატებით დასრულებისა და ემბრიონის გადატანის შემდეგ მაინც არსებობს პირველი გადატანის და იმპლანტაციის წარუმატებლობის რისკი. ამ დროს, თუკი წყვილს უკვე აქვს შენახული გაყინული ემბრიონები, ისინი თავიდან აიცილებენ სტიმულაციისა და ინვიტროს სხვა ეტაპების დამღლელი ნაბიჯების ხელმეორად გავლას. როგორც წესი, მხოლოდ ყველაზე ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი ემბრიონები იყინება, შესაბამისად, ნაკლები რაოდენობის გაყინული ემბრიონის ტრანსპლანტაცია ხდება, რაც მრავლობითი ნაყოფის განვითარებასაც აგვაცილებს თავიდან. ამრიგად, ემბრიონის გაყინვა ინვიტრო-განაყოფიერების პროგრამაში მონაწილე უშვილო წყვილისთვის ერთგვარი სათადარიგო ღონისძიებაა, რომელიც განმეორებითი ინვიტრო-ციკლის საჭიროების შემთხვევაში ამ პროცესის ბევრად უფრო ნაკლები დანახარჯებით, ნაკლები მედიკამენტებით და უფრო სწრაფად გავლის შესაძლებლობას უქმნის.

ინვიტროს პროცესში მიღებული ემბრიონის გაყინვა

ამბრიგად, ემბრიონის გაყინვის ტექნოლოგია უშვილო წყვილს საშუალებას აძლევს, საკვერცხის სტიმულაციის ერთი ციკლის შედეგად რამდენიმე ფეხმძიმობის შესაძლებლობა შეიქმნან. ზედმეტი ანუ დამატებითი ემბრიონები გაყინვის გზით ინახება და შესაბამისად, წარუმატებელი გადატანის შემთხვევაში გაყინულ ემბრიონებს განმეორებითი პროცედურისთვის იყენებენ. განაყოფიერებული კვერცხუჯრედის შენახვა კვერცხუჯრედის მიღებიდან ერთი დღის განმავლობაში არის შესაძლებელი. როცა ემბრიონის შენახვა გვსურს, მაშინ მას, ვიდრე გაყინავენ, რამდენიმე დღე სჭირდება განვითარებისთვის. ამრიგად, გაყინვამდე ემბრიონს აკვირდებიან და სრულიად შესაძლებელია მისი სისცოცხლისუნარიანობის შეფასება იქამდე, ვიდრე კრიოპრეზერვაციის პროცედურას ჩაატარებენ.
ემბრიონის გაყინვა მკაცრად განსაზღვრულ რეჟიმსა და ტემპერატურაზე ხდება. გაყინული ემბრიონების 90% ზე მეტი კარგად უძლებს გაყინვის პროცედურას და მოგვიანებით წარმატებული ორსულობის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებს იძლევა. წარმატებული დაორსულების თვალსაზრისით გაყინული და შემდგომ გალღობილი ემბრიონი ცოცხალს არანაირი პარამეტრით არ ჩამოუვარდება.

ჩვეულებრივ, ინვიტრო-განაყოფიერების ერთი ციკლის დროს დაახლოებით 9-10 კვერცხუჯრედის მიღება ხდება. ამ კვერცხუჯრედების 60% ჯანმრთელი სპერმატოზოიდების საშუალებით ნაყოფიერდება. რამდენიმე ნაყოფის ერთდროულად განვითარების რისკის თავიდან აცილების გამო ერთი გადატანისას საკმაოდ მცირე რაოდენობის ემბრიონების გამოყენება ხდება, ამიტომ დანარჩენი ჯანსაღი ემბრიონები კრიოპრეზერვაციის მეთოდით ინახება და ამ გადაწყვეტილებით წყვილი ბევრ სავარაუდო პრობელმას იცილებს თავიდან.

ინვიტრო-განაყოფიერების კლინიკები საკმაოდ დიდ ზეწოლას განიცდიან პაციენტებისგან, რომლებსაც მრავალნაყოფიანი ტყუპის გაჩენა არ სურთ. სწორედ ამიტომ, ემბრიონები ქალის ორგანიზმში გადატანის ნაცვლად კრიოპრეზევაციის მეთოდით იყინება.

გაყინული ემბრიონით ინვიტრო-განაყოფიერების წარმატების სიხშირე და უპირატესობები

გაყინული ემბრიონის გადარჩენის ხარისხი 98%-ია. ემბრიონების მხოლოდ 2% იღუპება და ამის აღმოჩენა გადნობის პროცედურის შემდეგ არის შესაძლებელი. მას მერე, რაც ემბრიონი გალღვება, ის ჩვეულებრივი, ცოცხალი ემბრიონისგან არაფრით განსხვავდება. მას ზუსტად იგივე ალბათობა აქვს წარმატებული იმპლანტაციის, როგორც სხვა დანარჩენ ემბრიონებს. სამაგიეროდ, გაყინვის ამ მეთოდმა მნიშვნელოვნად შეუმცირა უშვილო წყვილებს ინვიტრო-განაყოფიერების ციკლების საერთო ღირებულება. ფულთან ერთად წყვილი ზოგავს დროს, ენერგიას და ჯანმრთელობას. ემბრიონის გაყინვის ტექნოლოგია ჩასახვის პროცესის უკეთ დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა, რადგან ქალი მაშინ ფეხმძიმდება, როცა მას სურს.

როგორც აღვნიშნეთ, კრიოპრეზერვაციის მეთოდს ინვიტრო-განაყოფიერებაში 80-იანი წლებიდან იყენებენ და პირველი ბავშვი გაყინული ემბრიონიდან 1986 წელს დაიბადა. გაყინული ემბრიონის გამოყენების შემთხვევაში ინვიტრო-განაყოფიერების პროცედურის წარმატების ხარისხი ცოცხალი ემბრიონის გამოყენების წარმატებასთან შედარებით ამ უკანასკნელის დაახლოებით 2/3-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ გაყინული ემბრიონის გამოყენებისას წარმატების ხარისხი უმნიშვნელოდ დაბალია, ამ მეთოდმა მაინც საკმაოდ დიდი პოპულარულობა მოიპოვა მისი დაბალი ღირებულების წყალობით.

რაც შეეხება ბავშვებს, რომლებიც გაყინული ემბრიონიდან იბადებიან, ისინი არაფრით ჩამოუვარდებიან ცოცხალი ემბრიონისგან გაჩენილებს. ემბრიონის გადნობის პროცესში უჯრედების დაზიანება არ ხდება. კრიოპრეზერვაციის მეთოდი ნაყოფის გენეტიკურ მასალაზე გავლენას არ ახდენს და ქრომოსომულ დარღვევებს არ იწვევს.

ამრიგად, გაყინული ემბრიონის შენახვა ათწლეულების მანძილზე შეიძლება. დღევანდელი მონაცემებით, ემბრიონის გაყინვა არანაირ ზიანს არ აყენებს მისგან მომავალში განვითარებულ ნაყოფს, სამაგიეროდ არსებობს უამრავი ლოგიკური არგუმენტი, რომელიც ადამიანის ემბრიონის კრიოპრეზერვაციის სასარგებლოდ მეტყველებს:

  1. ქალს ხშირად უჭირს დროის გამონახვა ინვიტრო-განაყოფიერების განმეორებითი ციკლისთვის მას მერე, რაც წინა წარუმატებელი აღმოჩნდა. ასეთ შემთხვევაში ქალი ემბრიონის გაყინვის მეთოდს მიმართავს და ინვიტროს შემდეგი (სავარაუდო) ციკლისთვის საჭირო დროს ზოგავს.
  2. ზოგიერთი წყვილი მეორე შვილის ყოლას გეგმავს, მაგრამ სურთ, თავიდან აიცილონ საკვერცხის სტიმულაციისა განაყოფიერებისა და ლოდინის ხანგრძლივი, დამღლელი პროცესების განმეორებით განცდა, ამიტომ ემბრიონს მომავალი ორსულობისთვის ინახავენ.
  3. რეპროდუქციული ასაკის ქალი, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზის გამო ქიმიოთერაპიის ან რადიაციული დასხივების გავლა ესაჭიროება, ინახავს საკუთარ კვერცხუჯრედს ან მისგან განვითარებულ ემბრიონს და შვილს აჩენს მაშინ, როდესაც მკურნალობის პროცესს დაასრულებს და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება.
  4. სიმსივნის გარდა არსებობს სხვა დაავადებები, რომელთა მკურნალობა რეპროდუქციულ ფუნქციაზე მავნე გავლენას ახდენს. ასეთი მკურნალობის დაწყებამდე ქალი ინახავს ემბრიონს და შვილის გაჩენის თემას მოგვიანებით უბრუნდება.
  5. არსებობს შემთხვევები, როცა ქალი ინვიტრო-პროცედურების გამო თავს საკმაოდ შეუძლოდ გრძნობს. ეს შეიძლება ჰორმონალური პრეპარატების ზემოქმედების გამო ან საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის დროს მოხდეს. მართალია, ეს არცთუ ისე ხშირი შემთხვევაა, მაგრამ თუკი ქალი ორსულობისთვის მზად არ არის, ემბრიონის გაყინვა მას დროს აძლევს იმისათვის, რომ მომჯობინდეს და გადატანის პროცესს სრულიად ჯანმრთელი შეხვდეს.
  6. ზოგიერთი ემბრიონი იმ უშვილო წყვილებს გადაეცემა, ვინც საკუთარი გენეტიკური მასალით ვერ შეძლო დაორსულება. ემბრიონის დონაციის პროგრამა უამრავ წყვილს ეხმარება, დროს უზოგავს, სტრესისგან ათავისუფლებს და შვილის ყოლის ბედნიერებას ანიჭებს.
  7. გაყინული ემბრიონები ინვიტრო-განაყოფიერების სფეროში კვლევების მიზნით გამოიყენება, რაც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების განვითარებას ემსახურება და ამ გზით, მთელს მსოფლიოში მცხოვრებ უამრავ უშვილო წყვილს შვილის ყოლაში ეხმარება.