ინვიტრო განაყოფიერება სიმსივნით დაავადებული პაციენტებისათვის

სიმსივნე და რეპროდუქციული ფუნქცია

დღევანდელ დღეს სიმსივნე აღარ ითვლება დაუმარცხებელ დაავადებად. თანამედროვე მედიცინას სიმსივნის განკურნების ან ეფექტურად კონტროლის უამრავი ახალი მეთოდი გააჩნია. შვილოსნობის შენარჩუნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს აღელვებთ, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ეს დიაგნოზი ახალგაზრდა ასაკში დაუსვეს. შვილოსნობის შენარჩუნების თემა სწორედ ასეთი პაციენტებისთვის არის აქტუალური.

საბედნიეროდ, შვილოსნობის შენარჩუნების უამრავი თანამდეროვე ტექნოლოგია არსებობს. მაგალითად, ოვოციტისა და ემბრიონის კრიოპრეზერვაციის პროცედურები, რომლებიც საკმაოდ ხშირად უტარდებათ იმ პაციენტებს, ვისაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ცნობილია, რომ სიმსივნის მკურნალობის ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა რეპროდუქციული უნარის დაქვეითებაა. სწორედ ამიტომ, მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად შვილოსნობის შენარჩუნების დასახელებული პროცედურები სიმსივნის მკურნალობის კურსის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს. ცხადია, ამ პროცედურებსაც აქვს გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ სიმსივნით დაავადებული პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რადგან შესაძლებლობას იძლევიან, შეინახონ პაციენტის გენეტიკური რეპროდუქიული მასალა. მაგალითად, სიმსივნით დაავადებული ქალები ხშირად მიმართავენ საკვერცხის ქსოვილის კრიოპრეზერვაციის პროცედურას. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროცედურა, კრიოპრეზერვაცია მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს, რადგან სიმსივნის სამკურნალოდ ფართოდ გამოყენებული მეთოდები, ქიმიოთერაპია და რადიოლოგიური დასხივება ქალის რეპროდუქციულ ფუნქციას აქვეითებს.
დღეს, მსოფლიოში რეპროდუქციული ჯანმრთელობის სპეციალისტები და კლინიკები აქტიურად თანამშრომლობენ ონკოლოგიურ კლინიკებთან და ონკოლოგიის სპეციალისტებთან, იმ მიზნით, რომ გენეტიკური მასალის პრეზერვაციის შესახებ ინფორმაცია პაციენტებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.

სიმსივნე და რეპროდუქციული ასაკის პაციენტი

ცნობილია, რომ სიმსივნური დაავადებები ძირითადად 50 წლის ასაკის მერე ვლინდება, თუმცა ბოლო პერიოდის მონაცემებით, დაავადების გამოვლენის ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. სამწუხარო სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად სულ უფრო მატულობს სიმსივნის გამოვლენა ახალგაზრდა ადამიანებში.

ბუნებრივია, რომ რეპროდუქციული ასაკის პაციენტებისთვის უმნიშვნელოვანესი ამბავია, მათი სასქესო უჯრედების შენახვა. ეს მათ გარკვეულწილად ფსიქოლოგიურ სტრესსაც უმსუბუქებს, რადგან ბევრ სხვა ბუნებრივ შიშებს შორის „შვილის არყოლის“ შიში ეხსნებათ. მშვიდად აგრძელებენ მკურნალობას და იციან, რომ როდესაც მკურნალობა და რეაბილიტაცია დასრულდება, ისინი საკუთარ ოჯახებს შექმნიან ან დაუბრუნდებიან და როდესაც სურვილი ექნებათ, შვილიც შეეძინებათ.

შვილოსნობის ასაკში მყოფი პაციენტების მკურნალობას ონკოლოგები განსაკუთრებით დიდ ყურადრებას უთმობენ. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით სიმსივნის მკურნალობის დაწყება უკვე ყველა სტადიაზე შესაძლებელია. უნდა აღინიშნოს, რომ მკურნალობის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, მას თან ახლავს სხვადასხვა გვერდითი მოვლენები და მკურნალობის დასრულების მერე რეაბილიტაციის პერიოდიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ სიმსივნის ტიპისა და ადამიანის ინდივიდუალური თავისებურებების მიხედვით სიმსივნის მკურნალობა ყველა პაციენტზე ინდივიდუალურ გავლენას ახდენს, მაინც არსებობს რამდენიმე წინასწარ ცნობილი და ყველასთვის საერთო გვერდითი მოვლენა. ასეთი გართულებების რიცხვს მიეკუთვნება სწორედ სპარმატოზოიდების რაოდენობის შემცირება და მათი ფუნქციის დაქვეითება მამაკეცებში, ქალებში კი საკვერცხის ფუნქციის დაქვეითება, რასაც კვერცხუჯრედის ხარისხის დაქვეითება მოსდევს. ბუნებრივია, რეპროდუქციული სისტემის დარღვევები პაციენტის შვილოსნობაზე მოქმედებს.

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ რეპროდუქციული ასაკის პაციენტებმა სწორი საგანმანათლებლო ინფორმაცია მიიღონ დიაგნოზის დასმის შემდეგ. დიაგნოზის დასმიდან მკურნალობის დაწყებამდე იმდენად მოკლე დრო აქვთ, რომ ხშირად პაციენტები ვერც კი ასწრებენ რეპროდუქციის თემის გააზრებას, თუმცა მშვიდ გარემოში ყოფნისას, ბუნებრივია, აუცილებლად ექნებოდათ ამ თემის ირგვლივ ინტერესი. სწორედ ამიტომ, ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის და ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის ასოციაციები (American Society of Clinical Oncology-ASCO and the European Society for Medical Oncology-ESMO) პაციენტებს რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნების მიზნით რეკომენდაციას უწევს, რომ ფართოდ მიმართონ პრეზერვაციის ისეთ ძირითად მეთოდებს, როგორიცაა სპერმატოზოიდის, კვერცხუჯრედის და ემბრიონის კრიოპრეზერვაციას. არსებობს აგრეთვე რეპროდუქციული უნარის შენარჩუნების ექსპერიმენტული ტექნოლოგიებიც, მაგალითად სასქესო ჯირკვლის ქსოვილის ფარმაკოლოგიური პროტექცია (დაცვა) და/ან ამ ქსოვილის კრიოპრეზერვაცია.

ქიმიოთერაპიის გავლენა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქიმიოთერაპია და რადიოთერაპია სიმსივნის სამკურნალო ძირითადი მეთოდებია. სამწუხაროდ, ორივეს არღვევს საკვერცხის ფუნქციას. მკურნალობის კურსით გამოწვეული დარღვევები ინდივიდუალურია, რადგან დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, დიაგნოზის ნიუანსებზე და აგრეთვე იმაზე, თუ რა მედიკამენტებს იყენებენ კურსის ჩასატარებლად და რა დოზით.
ქიმიოთერაპიის კურსის დროს გამოყენებული პრეპარატები უჯრედში მიმდინარე პროცესებს არღვევს. დაუშვებელია ქიმიოთერაპიის ორსული ქალისთვის ჩატარება, რადგან პრეპარატები უჯრედის დნმ-ზე მოქმედებს და ნაყოფში ქრომოსომული ანომალიის გამოწვევა შეუძლია. ქიმიოთერაპიის პრეპარატები უარყოფით გავლენას ახდენს საკვერცხის ქსოვილის უჯრედებზე, კერძოდ, საკვერცხის სრული ატროფიის გამოწვევა შეუძლიათ.

საკვერცხის სარეზერვო ფუნქციის დარღვევის ხარისხი პრეპარატსა და მის დოზაზეა დამოკიდებული. უნდა აღინიშნოს, რომ პრე-პუბერტატულ საკვერცხეზე ქიმიოთერაპიის პრეპარატები ბევრად ნაკლებ გავლენას ახდენენ, ვიდრე სქესობრივად მომწიფებული ქალის საკვერცხეზე. რაც უფრო მეტია ქალის ასაკი და შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებია მისი საკვერცხის რეზერვი, მით უფრო მეტია თერაპიის მიერ რეპროდუქციულ უნარზე მიყენებული ზიანი. ხშირად, ქიმიოთერაპიის კურსი სრულ ამენორეას და ნაადრევ მენოპაუზას იწვევს.

შვილოსნობის პრეზერვაციის ანუ შენარჩუნების მეთოდები

ამრიგად, სიმსივნის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია შვილოსნობის პრეზერვაციის უამრავი თანამედროვე მეთოდი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ამ მეთოდების შესახებ დიაგნოზის დასმის მერე და მკურნალობის დაწყებამდე იცოდნენ. პრეზერვაციის პროცედურა პაციენტის ცხოვრების ხარისხსა და მის განწყობაზე დადებით გავლენას ახდენს. სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც:

• პაციენტმა არ იცის შვილოსნობის პრეზერვაციის პროგრამის არსებობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პროცედურები საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში, უამრავ ქვეყანაში მცხოვრები პაციენტი, მათ შორის, საქართველოშიც, თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინის მიღწევების და შესაძლებლობების შესახებ ნაკლებად არის ინფორმირებული.
• პაციენტი, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზს უსვამენ, კარგავს იმედს და ოჯახის დაგეგმვის საკითხზე ფიქრი ვერც კი წარმოუდგენია.
• ის პაციენტები, ვინც წარმატებით დაასრულა სიმსივნის მკურნალობა, სრული რეაბილიტაცია გაიარა და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა, ძალიან განიცდიან იმის გამო, რომ გენეტიკური მასალის პრეზერვაციაზე წინასწარ არ იზრუნეს.
• სიმსივნის დიაგნოზის მქონე ქალს დაავადების არც თუ ისე კარგი პროგნოზი აქვს საერთოდ არ სჯერა, რომ ოდესმე შვილოსნობის თემაზე ფიქრს დაუბრუნდება, ამიტომ ფიქრობს, რომ კვერცხუჯრედის შენახვის თემა მას არ აინტერესებს.

ცნობილია შვილოსნობის პრეზერვაციის შემდეგი სახის მეთოდები:

ემბრიონის შენახვა  – ეს მეთოდი იმ პაციენტებისთვის არის რეკომენდირებული, ვისაც უკვე ყავს პარტნიორი. წყვილი გადის ინვიტრო-ფერტილიზაციის სტანდარტულ პროცედურას, კერძოდ, სტუმულაციის გზით მიღებული ჯანსაღი კვერცხუჯრედი პარტნიორის სპერმატოზოიდით ნაყოფიერდება და მიღებული ემბრიონი კრიოპრეზერვაციიული მეთოდით ინახება. თუკი სიმსივნის დიაგნოზის მქონე პაციენტს პარტნიორი არ ყავს, მას შეუძლია, დონორის კვერცხუჯრედი ან დონორის სპერმატოზოიდი გამოიყენოს. ბუნებრივია, პროცედურა სიმსივნის მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს.
კვერცხუჯრედის შენახვა – კვერცხუჯრედის შენახვა მცირე-ინვაზიური ქირურგიული პროცედურაა, რომელიც საკვერცხის ჰორმონული პრეპარატებით სტიმულაციის მერე ხორციელდება. პროცედურის დროს იღებენ სიცოცხლისუნარიან, ჯანმრთელ, გაუნაყოფიერებელ კვერცხუჯრედებს და კრიოპრეზერვაციის მეთოდით ინახავენ.
სპერმატოზოიდის შენახვა – მამაკაცი პაციენტი აბარებს სპერმის ნიმუშს და სწორედ ამ ნიმუშის შენახვა ხდება, შესაბამისად, ინახება ის სპერმატოზოიდები, ანუ მამაკაცის სასქესო უჯრედები, რომელიც სპემაში იმყოფება.

საკვერცხის ქსოვილის შენახვა – საკვერცხის ქსოვილის შენეხვა ქირურგიული პროცედურაა, რომლის დროსაც იღებენ საკვერცხის ქსოვილის ნიმუშს და კრიოპრეზერვაციის გზით ინახავენ.
რადიკალური ტრაქელექტომია– ეს მეთოდი ნაჩვენებია მაშინ, როცა პაციენტი რადიოთერაპიას იტარებს, რადგან ქიმიოთერაპიის ზეგავლენას ვერ ანეიტრალებს. ამ მეთოდის არსი საკვერცხისგან რადიაციული დასხივების შემცირებაა.

საკვერცხის (ექსპერიმენტული) სუპრესია  –საკვერცხის სუპრესია ანუ ფუნქციის დათრგუნვა ქიმიოთერაპიული კურსის დაწყებამდე ხორციელდება. სუპრესია გონადოტროპინ-მასტიმულირებელი ჰორმონის (GnRH) ანალოგიური პრეპარატებით ტარდება. შეგახსენებთ, რომ ჩვეულებრივ პირობებში, ქალის ორგანიზმში გონადოტროპინ-მასტიმულირებელი ჰორმონის ზემოქმედებით საკვერცხის ორი ჰორმონის (FSH და LH) გამოყოფის სტიმულირება ხდება.

საკვერცხის ტრანსპოზიცია  – საკვერცხის ტრანსპოზიცია სიმსივნის რადიაციული მკურნალობის კურსის დაწყებამდე ტარდება. ტრანსპოზიცია ნიშნავს ქირურგიული გზით საკვერცხის მდებარეობის შეცვლას, ისე, რომ ეს ორგანო რადიაციული ველის ზემოქმედებისგან იყოს დაცული.