რა ხდება ემბრიონის გადატანის შემდეგ?

ინვიტრო-განაყოფიერების პროცესის საბოლოო ეტაპს ემბრიონის საშილოსნოში გადატანა წარმოადგენს. მკურნალობის რანდენიმე კვირა, კვერცხუჯრედის მიღება, დაკვირვებებისა და ემბრიონის გამოზრდის პროცესი ბოლოსდაბოლოს ემბრიონის საშვილოსნოში გადატანით სრულდება. იმ შემთხვევაში, თუკი განაყოფიერებისთვის გაყინული კვერცხუჯრედი ან გაყინული ემბრიონი იქნა გამოყენებული, მაშინ ქალის ორგანიზმს, ისევე როგორც ემბრიონს, გადატანის პროცედურის ჩატარებამდე წინასწარი მომზადება სჭირდება. კერძოდ, აუცილებელია კვერცხუჯრედის ან ემბრიონის სწორად და საფუძვლიანად გალღობა.

ინვიტრო-განაყოფიერების პროცედურის ბოლო ნაბიჯი

უნდა აღინიშნოს, რომ ემბრიონის გადატანა ინვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის სხვადასხვა ეტაპებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მოვლენაა როგორც წყვილისთვის, ასევე ექიმებისთვის. ეს ის მომენტია, როდესაც დედის იმედი და მოლოდინები ნამდვილ მწვერვალს აღწევს, ამ დროს მისთვის არ არსებობს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი თემა, ვიდრე დაორსულების სურვილი, მან ხომ ამდენი შრომა და ემოცია ჩადო იმაში, რომ ამ მომენტისთვის მიეღწია. შესაბამისად, ქალის მოლოდინის ხარისხი ამ პერიოდში საკმაოდ მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამავე დროს იმედის გაცრუების საფრთხეც საკმაოდ მაღალია. ემბრიონის გადატანის პერიოდი წყვილის ცხოვრებაში სერიოზული გარდატეხის დასაწყისია, მათ უკვე დიდი გზა გაიარეს ერთად, მიიღეს გადაწყვეტილებები, დახარჯეს დრო და უზარმაზარი ენერგია. ჩამოთვლილი მიზეზების გამო წყვილის დაძაბულობა ამ პერიოდში მაქსიმუმს აღწევს და ისინი აქტიურად იწყენენ ინტერნეტში იმ რჩევების „ქექვას“, რომელიც მათ სიმშვიდის შენარჩუნებაში დაეხმარება.

ემბრიონის გადატანა

ინვიტროს-სხვა ეტაპებთან შედარებით ემბრიონის გადატანა საკმაოდ იოლი პროცედურაა. ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში შეყვანა არ მოითხოვს გაუტკივარებას და ქალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ სულ რაღაც 2-4 საათის განმავლობაში რჩება.

ემბრიონის წარმატების ხარისხის თვალსაზრისით არ აქვს მნიშვნელობა ცოცხალ ემბრიონს ვიყენებთ თუ გაყინულს. არსებობს კვლევები, რომლის შედეგები ამტკიცებს, რომ გაყინული ემბრიონის გადატანის დროს ან უფრო მაღალი წარმატების ხარისხი აღინიშნება ან ცოცხალი ემბრიონის გადატანის დროს აღნიშნულ წარმატების ხარისხს არაფრით ჩამოუვარდება.

ემბრიონის გადატანის დროს ექიმი იყენებს ძალიან წვრილ კათეტერს, რომელიც საშვილოსნოში ვაგინისა და საშვილოსნოს ყელის გავლით შეყავს. პროცედურის შემდეგ პაციენტი რამდენიმე საათის განმავლობაში ისვენებს და შემდეგ სახლში მიდის. ქალისთვის რეკომენდირებულია შემდეგი დღის მშვიდად და მოდუნებულ მდგომარეობაში, წყნარ გარემოში გატარება.

ემბრიონის გადატანის პროცედურას გართულების რისკი პრაქტიკულად არ გააჩნია, რადგან ის უმარტივესი და უსაფრთხო პროცედურაა. არსებობს მხოლოდ მინიმალური ალბათობა იმისა, რომ რაიმე გვერდითი მოვლენა განვითარდეს. მაგალითად, უიშვიათეს შემთხვევებში პაციენტს აღენიშნება მსუბუქი სპაზმის მსგავსი ტკივილი. პროცედურის შემდეგ ექიმი პაციენტს კლინიკიდან სახლში გაშვებამდე პროგსტერონის აბებს უნიშნავს, რომელიც დაორსულების პროცესს ხელს უწყობს.

რა ხდება ემბრიონის გადატანის შემდეგ?

ემბრიონის გადატანიდან რამდენიმე დღის შემდეგ პაციენტს ნებას რთავენ, რომ ჩვეულებრივ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს. თუმცა პირველი რამდენიმე დღის მშვიდად გატარება მაინც აუცილებელია. ჩვეულებრივ აქტიურობებში ითვლება ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრება, რომელიც ხელს შეუწყობს საშვილისნოში სისხლის მიდინებას. ამ პერიოდში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული მკაცრი მოთხოვნები ქალის მიმართ. მან უბრალოდ ის უნდა აკეთოს, რაც მის სხეულს მოესურვება, დაისვენოს, თუკი თავს დაღლილად გრძნობს, ანდა აკეთოს ის, რასაც ადრე აკეთებდა, თუკი ამის მოთხოვნილება ისევ გააჩნია. ამ პერიოდში სასარგებლოა ჰაერზე სერნობა, მედიტაცია, განსაკუთრებით, თუკი ქალი შფოთვას გრძნობს. მედიტაცია გონების, სულის და სხეულის დასვენების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, ის ადუნებს სხეულს და ასუფთავებს გონებას ფიქრებისგან. მედიტაცია ქალის გონებას უარყოფითი ემოციებისა და შფოთვისგან ათავისუფლებს. იოგასთან კომბინაციაში მედიტაცია ყველაზე სასარგებლო საქმიანობაა ქალისთვის ამ ყველაზე დაძაბულ და მნიშვნელოვან პერიოდში.

ორსულობის დამადასტურებელი სისხლის ბეტა-ტესტი ემბრიონის გადატანიდან ორი კვირის მერე ტარდება. აქტიური და ენთუზიასტი წყვილი ხშირად შარდის ტესტსაც მიმართავს, რომლის ჩატარება სახლის პირობებში სრულიად შესაძლებელია. ექიმები ასეთ ენთუზიაზმს მხარს არ უჭერენ, რადგან შარდის ტესტის შედეგი ხანდახან მცდარი შეიძლება აღმოჩნდეს, რაც წყვილისთვის დამატებითი შფოთვის მიზეზი ხდება. ცრუ-დადებითი პასუხის მიზეზი შეიძლება სისხლში არსებული ქორიონული გონადოტროპინის (hCG) ჰორმონი აღმოჩნდეს, რომელსაც ქალი სტიმულაციის პერიოდში იღებდა. შესაბამისად, შარდის ტესტმა შეიძლება ეს ნარჩენი ჰორმონი აღმოაჩინოს შარდში, და არა ის ფრაქცია, რომელიც ორსულობის ფაქტს ნამდვილად ადასტურებს.

ქორიონული გონადოტროპინის (hCG) ჰორმონი ქალის ორგანიზმში კვერცხუჯრედის წარმოქმნის (ოვულაციის) სტიმულაციის მიზნით შეყავთ. სტიმულაციის პროცედურა კვერცხუჯრედის მიღებამდე ტარდება. სწორედ ეს ქორიონული გონადოტროპინის (hCG) ჰორმონი იძლევა ცრუ-დადებით შედეგს სახლის პირობებში ჩატარებული შარდის ტესტის დროს. ჰორმონი სისხლის მიმოქცევის სისტემაში საკმაოდ დიდხანს რჩება და ცირკულირებს, შესაბამისად ცრუ-დადებითი შედეგი შეიძლება როგორც შარდის, ასევე სისხლის ანალიზმაც მოგვცეს. ცრუ-დადებითი პასუხი, როგორც წესი, ძალიან დიდი სტრესის მიზეზი ხდება წყვილისთვის. ლაბორატორიაში განსაზღვრული სისხლის რაოდენობრივი ანალიზი შედარებით სანდოა, რადგან ექიმს შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს არა მარტო ამ ჰორმონის არსებობის ფაქტი, არამედ მისი კონცენტრაციის დონე, რომელიც ორსულობის დამადასტურებელი იქნება.

ემბრიონის გადატანიდან ორსულობის ტესტის ჩატარებამდე ორკვირიან ინტერვალში ქალს შესაძლებელია შემდეგი სახის სიმპტომები აღენიშნოს:

1. მუცლის მსუბუქი შებერილობა
2. განწყობის სწრაფი ცვლილება
3. სისუსტე, დაღლილობა
4. მკრთალი ლაქები სხეულზე
5. მტკივნეული ან მგრძნობიარე ძუძუ

ჩამოთვლილი სიმპტომების ნაკრები ძალიან გავს იმას, რასაც ქალი ჩვეულებრივ პრედმენსტრუალურ პერიოდში განიცდის. ორსულებს ვურჩევთ, ამ სიმპტომების ორსულობის ნაადრევ ნიშნებად ნუ მიიჩნევს. სწორედ ამიტომ არის რეკომენდირებული ჩვეულებრივი ცხოვრების გაგრძელება და ამ თემაზე ფიქრების თავიდან აშორება.

თუკი ზემოთ დასახელებულ სიმპტომებთან ერთად ქალი გულ-მკერდის არეში ტკივილს, სუნთქვის უკმარისობას ან მუცლის ქვედა არეში ტკივილს აღნიშნავს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს და სასურველია, ეს რაც შეიძლება სწაფად და დაუყოვნებლად მოხდეს.

ემბრიონის გადატანის შემდეგ იმპლანტაციის წარმატებაზე ზრუნვა

ამ პერიოდში ქალი პოზიტიურად განწყობილი და იმედით აღსავსე უნდა იყოს. ეცადეთ მშვიდად მიიღოთ ეს პროცესი და ზედმეტად ნუ დაისტრესებით. სასურველია, იყოთ მშვიდად და შედარებით მეტი დრო დაუთმოთ ძილს. მოერიდეთ კოფეინს, თამბაქოს და ალკოჰოლს. ამ ნივთიერებების მიღებამ შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოახდინოს თქვენი ორსულობის შედეგზე.

აღნიშნული ორი კვირის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი ცხოვრებისგან და მძიმე ფიზიკური დატვირთვისგან. ფიზიკურმა დაძაბვამ შეიძლება საშვილოსნოს შეკუმშვა გამოიწვიოს. ამ პეროდში საკვერცხეც შეშუპებულია და მომატებულად მგრძნობიარეა, შესაბამისად ადვილად შეიძლება საკვერცხის სპაზმის გამოწვევა.

სასურველია, ამ პერიოდში ჯანსაღად იკვებოთ და საერთოდ მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავზე ზრუნვას. კვების რაციონი უნდა შეიცავდეს ოპტიმალური რაოდენობის ცილებს, ბოსტნეულსა და უჯრედისს. მოერიდეთ მდნარ ყველს და ისეთ ზღვის პროდუქტს, რომელიც ვერცხლისწყლის მაღალი შემცველობით ხასიათდება. ეცადეთ, დრო ისეთი ადამიანების გვერდით გაატაროთ, ვინც თავად მშვიდია და პოზიტიური აზრების შენარჩუნებაში ხელს შეგიწყობთ. დაუთმეთ დრო პატრნიორთან, ოჯახის წევრებთან, თქვენს ექიმ-კონსულტანტებთან და სხვა ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, ვინც ახლობელია, ვინც გიყვართ და ვისაც ენდობით. ასეთი მიდგომა ლოდინის პროცესის ადვილად გადატანაში დაგეხმარებათ.

შემდეგი ნაბიჯი?

ემბრიონის გადატანიდან ორი კვირის შემდეგ ინვიტრო-კლინიკაში ვიზიტს დაგინიშნავენ და ორსულობის ტესტს ჩაგიტარებენ.

ვისაც გაუმართლებს და დადებით პასუხს მიიღებს, ის პაციენტები მომდევნო 8-10 კვირის განმავლობაში კვლავ რეპროდუქტოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან. ამ პერიოდში ტარდება სისხლის გარკვეული მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი და ექოსკოპიური კვლევები იქამდე, ვიდრე ქალის მეთვალყურეობის ვალდებულება რიგით გინეკოლოგს გადაეცემა.

ორსულობის ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კვლავ თქვენს ექიმს დაუბრუნდებით, რათა მკურნალობის შემდეგი, განმეორებითი კურსის დაგეგმვა დაიწყოთ.