თქვენი ორსულობის ბეტა-ტესტის შედეგი დადებითია: რა უნდა იცოდეთ ამ ეტაპზე?

მომავალი დედა უზომო ბედნიერებასა და სიხარულს განიცდის როცა იგებს, რომ მისი ორსულობის ბეტა-ტესტის შედეგი დადებითი აღმოჩნდა. ამავე დროს, ეს ფაქტი მომლოდინე დედას და მის ექიმს უამრავ ახალ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას აკისრებს. ეს არის ყველაზე კრიტიკული მომენტი, როცა ქალმა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს, რათა ორსულობა სასურველ წარმატებულ შედეგამდე მიიყვანოს. ბეტა ტესტის შედეგი ჩვეულებრივი რიცხვის ფორმით გაიცემა, ეს მაჩვენებელი (ანუ რიცხვი) სისხლში ქორიონული გონადოტროპინის დონეზე მიუთითებს. ქორიონული გონადოტროპინი არის ჰორმონი, რომელსაც ორსული ქალის პლაცენტა გამოიმუშავებს. ჯანსაღი ორსულობის შემთხვევაში ქორიონული გონადოტროპინის მაჩვენებელი ორსულობის დროს სწრაფად მატულობს და ასეთი ზრდა დედისა და ნაყოფის კარგ ჯანმრთელობაზე მიუთითებს.

სისხლში ქორიონული გონადოტროპინის დონე 100 ერთეულზე მეტი ორსულობის დასაწყისში კარგ შედეგად ითვლება. თუკი საწყის ეტაპზე მაჩვენებელი 100-ზე ნაკლებია, ექიმი ამ მაჩვენებლის რეგულარულად გაკონტროლებას გირჩევთ. როგორც წესი, ორსული ქალის მდგომარეობის კონტროლის მიზნით ამ ტესტს ყოველ 2-3 დღეში ერთხელ იმეორებენ.

რამდენიმე დედებითი ბეტა-ტესტისა და ქორიონული გონადოტროპინის მაჩვენებლის კონტროლის შემდეგ, ორსულობის მე-6 ან მე-8 კვირას ექიმი უკვე ულტრაბგერით სკანირებას დაგინიშნავთ. ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც ნაყოფს უკვე გულისცემა ეწყება და ათვლა გესტაციური ასაკის მიხედვით გრძელდება.

ორსული ქალი ჰორმონალურ მკურნალობას მე-8 კვირამდე აგრძელებს, ამის შემდეგ ორსულობას უკვე რიგითი გინეკოლოგი მართავს და პრენატალური ზრუნვის იგივე რჩევები ეძლევა, რაც ბუნებრივად დაფეხმძიმებულ ქალს.

ორსულობის ტესტთან დაკავშირებული მოლოდინები

ჩვენს სამედიცინო პრაქტიკაში უამრავი წყვილი გვინახავს, რომელიც ძალიან იბნევა ორსულობის ტესტის დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში. ამ სტატიის მიზანი სწორედ ასეთი დაბნეულობის თავიდან აცილებაა, შესაბამისად, აგიხსნით, რას ნიშნავს ტესტის შედეგები და როგორ უნდა შეცვალოთ თქვენი მოქმედებები დადებითი პასუხის შემთხვევაში.

ნაადრევი ორსულობის დასადგენად ძირითადად ორი სახის ტესტი არსებობს: სისხლის ბეტა-ტესტების სერია და შარდის ანალიზი. ეს ორი ტესტი ადგენს ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის ჰორმონის (hCG) შემცველობას, პირველი სისხლში, მეორე კი-შარდში. ამ ჰორმონს „ორსულობის ჰორმონსაც“ უწოდებენ, რადგან ქალის ორგანიზმში ის მხოლოდ მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ემბრიონი საშვილოსნოს შიდა კედელს უმაგრდება. ეს ჰორმონი განაყოფიერების მეათე დღეს, ან იმპლანტაციიდან ერთი ან ორი დღის მერე ჩნდება როგორც სისხლში, ასევე შარდში.

არსებობს ორსულობის დასადასტურებელი ორი სახის სისხლის ტესტი ანუ ანალიზი:

1. სისხლის რაოდენობრივი ანალიზი, რომელიც სისხლში ქორიონული გონადოტროპინის (hCG) ჰორმონის ზუსტ რაოდენობას ითვლის. ეს ანალიზი ადგენს ნაყოფის დაახლოებით ასაკს. ამავე დროს ამ ტესტით შეიძლება ორსულობის მიმდინარეობის შეფასებაც.
2. სისხლის ხარისხობრივი ანალიზი უბრალოდ ადასტურებს ქორიონული გონადოტროპინის სუსხლში არსებობას, რაც თავის მხრივ ადასტურებს ორსულობის ფაქტს. ხარისხობრივი გამოკვლევა ორსულობის მიმდინარეობის პროცესის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ იძლევა. სისხლის ხარისხობრივ ტესტს მხოლოდ იმ ქალს უტარებენ, რომელსაც შინ ჩვეულებრივი ტესტი არ ჩაუტარებია. ორსულობის დადასტურების შემდეგ უკვე რაოდენობრივი ტესტი ტარდება, რაც უკვე ორსულობის მიმდინარეობის კონტროლს ემსახურება.

შედეგის ანალიზი

ბაზისური ხარიხსობრივი ტესტის ჩატარების შემთხვევაში დადებითი პასუხი დასტურდება, თუკი hCG-ჰორმონის მაჩვენებელი გარკვეულ რაოდენობას აღემატება. კერძოდ, 5 მლ/ერთ რაოდენობის hCG ან მეტი უკვე დადებით შედეგად ითვლება. ბაზისური ტესტი ორსულობის დასადასტურებლად ყველაზე უფრო მარტივი პროცედურაა.

რას ვაკეთებთ დადებითი ბეტა-ტესტის შემდეგ?

მას შემდეგ, რაც ბეტა-ტესტის განმეორებითი ანალიზების სერიამ თქვენი ორსულობა საბოლოოდ დაადასტურა, შეგვიძლია, მოგილოცოთ, თქვენ ნამდვილად ორსულად ხართ. ამ მომენტიდან დაწყებული თქვენი ცხოვრების წესში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა მოახდინოთ:

შეწყვიტეთ თამბაქოს მოხმარება: სასურველია, რომ ქალმა მოწევას თავი უკვე იმ ეტაპზე დაანებოს, ვიდრე ჩასახვის პროცესი დაიწყება. თამბაქოს მოხმარება ქალის შვილოსნობის უნარზე უარყოფით გავლენას ახდენს. თუკი ორსული ქალი კვლავ აგრძელებს თამბაქოს მოხმარებას, ეს აუცილებლად იმოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე, შესაბამისად, შესაძლებელია რომ ბავშვს რაიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური დეფექტი განუვითარდეს.

შეამცირეთ კოფეინის მიღება: ნივთიერება კოფეინს შეცავს ყავა, ჩაი, და ზოგიერთი გაზიანი სასმელები. სრულიად შესაძლებელია, რომ კოფეინი დედას ენერგიულად აძლიერებდეს ან აფხიზლებდეს, სამაგიეროდ კოფეინი არც ისე სასარგებლოა ნაყოფისთვის. ორსული ქალებისთვის დღეში 200 მილიგრამზე მეტი რაოდენობით კოფეინის მიღება რეკომენდირებული არ არის. დეკოფეინიზებული ყავა სრულიად დასაშვებია.

შეწყვიტეთ ტკივილგამაყუჩებელი წამლების მიღება: ორსულობის დროს ქალს ხშირად აღენიშნება სხვადასხვა ხასიათის სპაზმები, უსიამოვნო შეგრძნებები და ტკივილი სხეულის სხვადასხვა ზონებში. ორსულ ქალს აუცილებლად უნდა ახსოვდეს, რომ ორსულობის პერიოდში ტკივილგამაყუჩებლის მიღება არ არის უსაფრთხო. ტკივილის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რადგან ის გირჩევთ, რომელი პრეპარატის მიღება იქნება თქვენთვის უსაფრთხო. ზოგადად, ამ პერიოდში არანაირი მედიკამენტის მიღება არ შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე. მედიკამენტებს შეუძლია ორსულობის შეწყვეტა გამოიწვიოს, ან უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, წამლების მიღება, პირველ რიგში თქვენი შვილის ჯანმრთელობის გამო გეკრძალებათ.

შეზღუდეთ გარკვეული სახის ფიზიკური აქტიურობა: წელის მიდამოს სწრაფ და მოულოდნელ მოძრაობებს ორსულ ქალებში საკვერცხის სპაზმის გამოწვევა შეუძლია, რასაც მცირე მენჯის ღრუში ტკივილი მოსდევს. ასეთი მოძრაობებს შედეგად შეიძლება ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა მოყვეს. თუკი ორსულ ქალს ვარჯიშის გაგრძელება სურს, მან კონსულტაცია პირველ რიგში ექიმისგან უნდა მიიღოს. სწორედ ექიმი გირჩევთ, რა ტიპის ვარჯიშების და აქტიურობების გაგრძელება შეუძლია ორსულ ქალს მისი ჯანმრთელობის და ფიზიკური მომზადების კონკრეტული მდგომარებიდან გამომდინარე.
დეპრესიის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს: თუკი ორსულობის დროს ხასიათის სწრაფი ცვლილება ან გუნება-განწყობის დაქვეითება შენიშნეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და თვითმკურნალობას ნუ დაიწყებთ. ექიმის რჩევის გარეშე ანტიდეპესიული პრეპარატების მიღებამ ნაყოფზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. დაკვირვება ადასტურებს, რომ თუკი დედა ორსულობის პერიოდში ანტიდეპრესიულ პრეპარატებს იღებდა, მისი ნაყოფი მცირე წონისაა, რაც შეიძლება ზრდაში ჩამორჩენაზეც მიუთითებდეს. ანტი-დეპრესანტები აზიანებენ საშვილოსნოს შიდა ნაწილს, კერძოდ, ასუსტებენ ქალის და ნაყოფის იმუნურ სისტემას. დაქვეითებული იმუნიტეტის გამო ბავშვი მოგვიანებით ხშირად იავადმყოფებს.

შეწყვიტეთ ალკოჰოლის მიღება: ალკოჰოლის მოხმარებას ნაყოფის განვითარებაზე ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია, მაგალითად, შესაძლებელია, რომ ბავშვი თანდაყოლილი დეფექტით დაიბადოს. ორსულმა ქალმა ალკოჰოლი მთლიანად უნდა გამორიცხოს რაციონიდან. ეს საკმაოდ იმპერატიული მოთხოვნაა და ამ შემთხვევაში არანაირი მინიმალური დოზა დასაშვები არ არის.

რეგულარულად გაიარეთ ვაგინალური გასინჯვა: ორსულ ქალებს ხშირად აქვთ ბაქტერიული ვაგინიტი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რეგულარულად მიმართოთ გინეკოლოგს, რათა თავიდან აიცილოთ ბაქტერიული ვაგინიტის განვითარება და მისი შემდგომი გართულებები.

ატარეთ თავისუფალი ტანსაცმლი და იყავით მშვიდად: ორსული ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ლაღად. ასეთ შეგრძნებას ხელს უწყობს თავისუფალი, კომფორტული ტანსაცმელი და მშვიდი გარემო. არსებობს სპეცილური ტანსაცმელი ორსული ქალებისთვის, მაგალითად შედარებით თავისუფალი ლიფი, სპეციალური ფართო მაისურები და რბილსარტყელიანი შარვლები. ნუ დაივიწყებთ სპეციალურ კომრესიულ გეტრებს, რომელიც ქვემო კიდურების შეშუპებისა და ტრომბის წარმოქმნისგან დაგიცავთ.

დაიწყეთ ვიტამინების მიღება და ჯანსაღად კვება: ორსულობა ის პერიოდია, როცა ცხოვრების ყველა სფეროში უზომოდ „ჯანსაღი“ უნდა გახდეთ, მიუხედავად იმისა, მოგწონდათ ეს წესი ადრე თუ პირიქით, გძულდათ. ორსული ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიტამინებისა და მინერალების მიღება, რადგან ეს ხელს უწყობს ნაყოფის ზრდის პროცესს. კვების რაციონი მაქსიმალურად ჯანსაღი უნდა იყოს. ორსული ქალისთვის სასურველია, იკვებოს რეგულარულად და ხშირად. ასეთი რეჟიმი ნაყოფის სწორად განვითარებას უწყობს ხელს. სასურველია, უფრო კონკრეტული დანიშნულება და რჩევები ექიმისგან მიიღოთ და შემდეგ მკაცრად შეასრულოთ მისი დანიშნულება.