ვნებს თუ არა ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მოხმარება ქალის შობადობის უნარს?

საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულია შეხედულება, თითქოს ორსულობის კონტროლის მიზნით ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მოხმარება (ეგრედ წოდებული ‘ორალური კონტრაცეპცია’) მომავალში ქალის ჩასახვის (ანუ შობადობის) უნარს აქვეითებს, ხოლო ამ აბების ხანგრძლივი დროის მანძილზე მოხმარება თითქოს ქალის უშვილობის მიზეზიც კი ხდება.
ქალების უმრავლესობას, ძირითადად, ამ აბების მოქმედების სწორედ შორეული შედეგები აღელვებთ და ამიტომაც, ყველაზე ხშირად შემდეგი კითხვები გვესმის:
• იწვევს თუ არა მომავალში უარყოფით შედეგებს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მოხმარება?
• ამცირებს თუ არა ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მოხმარება მომავალში დაორსულების ალბათობას?
• რა მიზნით ხდება ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენება დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიების გამოყენების პირობებში?
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები კონტრაცეპციის სხვა საშუალებებს შორის ყველაზე ხშირად გამოყენებადი მეთოდია. საკონტრაცეპტივო აბების შობადობაზე გავლენის შესწავლის მიზნით მსოფლიოში უამრავი კვლევა ჩატარდა. ბევრისთვის მოულოდნელობად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ უმეტესი კვლევების მიხედვით ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მოხმარება შობადობის უნარზე არანაირ გავლენას არ ახდენს. ქალებს, რომლებსაც არასოდეს გამოუყენებიათ ორალური კონტრაცეპცია, ჩასახვის უნარიანობის თვალსაზრისით არანაირი უპირატესობა არ აღმოაჩნდათ იმ ქალებთან შედარებით, ვინც ამ მეთოდს რეგულარულად მიმართავდა.
უნდა აღინიშნოს, რომ კვლევები ნამდვილად ადასტურებს დაორსულების მცირე პერიოდით დაგვიანების ფაქტს ორალური კონტრაცეპტივების როგორც ხანმოკლე ასევე ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მომხმარებლებში. თუმცა სხვა სერიოზული პრობლემა ამ მეთოდის შობადობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით არ გამოვლენილა. როგორც წესი, აბების მოხმარების შეწყვეტის მომენტიდან ერთი თვის განმავლობაში ოვულაციის პროცესი სრულიად აღდგენილია, ზოგიერთ შემთხვევაში კი აღდგენას უფრო მეტი დრო სჭირდება. ამრიგად, კვლევების თანახმად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მოხმარება იწვევს ჩასახვის დროებით შეფერხებას (გადავადებას), მაგრამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქალის ჩასახვის უნარზე არანაირ გავლენას არ ახდენს.
კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მომხმარებელ ქალებს აბების მიღების შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში დაფეხმძიმების უფრო მეტი ალბათობა აქვთ, ვიდრე აბების ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მომხმარებლებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნამდვილად არსებობს ადრეული კვლევები, რომლის შედეგების თანახმად ორალური კონტრაცეფცია ქალის განაყოფიერების უნარს აქვეითებს. თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ამ კვლევებში პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა აბების შეწყეტის მომენტიდან ძალიან მოკლე პერიოდში ხდებოდა.
მართალია, ორალური კონტრაცეპცია ორსულობისგან სტაბილურად დაცვის საუკეთესო მეთოდია, მაგრამ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ იგი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან (სგგდ) ვერ გვიცავს. სწორედ სგგდ-თა დიდი უმეტესობა იწვევს განაყოფიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ხოლო მკურნალობის არჩატარების ან არასწორი მკურნალობის შემთხვევაში უშვილობასაც კი იწვევს. სწორედ ამიტომ არის რეკომენდირებული განსაკუთრებული სიფრთხილე ორალური კონტრაცეფციის გამოყენების პირობებში.
ამრიგად, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ორალური კონტრაცეპცია ჩასახვის დაყოვნების ერთადერთი შესაძლო მიზეზი არ არის. ამ პრობლემას სხვა უამრავი ფაქტორიც უკავშირდება, მაგალითად, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ქალის ასაკი, ტრავმა და სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის, ინფექციები .

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და ინ-ვიტრო განაყოფიერება

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ფართოდ გამოიყენება ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის პირობებში. სტიმულაციის პროტოკოლების უმრავლესობა სწორედ ორალური კონტრაცეპტივის გამოყენებით იწყება და უამრავი პაციენტისთვის ნაყოფიერი სასტარტო პოზიციის მომზადებას ემსახურება. დადგენილია, რომ კონტრაცეპტიური აბების მიღება საკვერცხის სტიმულაციას აუმჯობესებს, კერძოდ, ხდება საკვერცხის ხელოვნურად შესვენება, რის შემდეგაც ის უკეთესად რეაგირებს სტიმულაციაზე. კერძოდ, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენება საკვერცხეში ცისტის წარმოქმნის პრევენციას ახდენს და, ამავე დროს, ფოლიკულის მომწიფებას უწყობს ხელს. ბუნებრივ პირობებში, როგორც წესი, მხოლოდ ერთი, დომინანტური, ფოლიკული მწიფდება, დანარჩენი ფოლიკულები კი ითრგუნება. ინვიტრო მკურნალობის არსი და მიზანი კი იმაში მდგომარეობს, რომ მეტი ფოლიკული და, შესაბამისად, მეტი გასანაყოფიერებელი კვერცხუჯრედი წარმოიქმნას საკვერცხეში.

ინვიტრო მკურნალობის პროგრამის ორალური კონტრაცეპციის აბების მიღებით დაწყება პაციენტის ანამნეზზე, ანუ სამედიცინო ისტორიაზეც არის დამოკიდებული. შესაძლებელია, პირველი ინვიტრო მკურნალობა ორალური კონტრაცეპციის აბების მიღებით დაიწყოს, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში, განმეორებითი მკურნალობის დროს სტიმულაცია კონტრაცეპტიული აბებით წინასწარი მომზადების გარეშეც წარიმართოს.