საკვერცხის პოლიკისტოზი და მისი მკურნალობა

რა არის საკვერცხის პოლიკისტოზი

საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომი ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც ქალს ორგანიზმში მომატებული რაოდენობით აღენიშნება მამაკაცის სასქესო ჰორმონი, ანდროგენი. ჰორმონალური დისბალანსის გამო საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის დროს ხშირად პაციენტს გარეგნული ცვილილებებიც აღინიშნება. ასევე პაციენტს დარღვეული აქვს საკვერცხის ფუნქცია და შესაბამისად მენსტრუაციის ციკლიც.
საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომი ქალს სქესობრივი მომწიფების შემდეგ ნებისმიერ ასაკში შეიძლება განუვუთარდეს. ეს სინდრომი მსოფლიოში საკმაოდ ხშირია და ქალების 10%-ს აღენიშნება. ამ დარღვევის უხშირეს სიმპტომებს მიეკუთვნება არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, თმის ზრდა ქალისთვის უჩვეულო ადგილებში, თავზე თმის ცვენა, აკნე, სხვადასხვა სახის მეტაბოლური დარღვევები, წონის მატება და წონის დაკლების სირთულე.
სამწუხაროდ, საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის განკურნება შეუძლებელია, თუმცა მდგომარეობის მართვა და სიმპტომების გაუმჯობესება სრულიად რეალურია. მკურნალობის მიზნით ექიმი პაციენტს მისი კონკრეტული მდგომარეობის მიხედვით ინდივიდუალურ გეგმას უდგენს. სინდრომის მართვის პროცესში აუცილებელია ისეთი გართულებების თავიდან აცილება, როგორიცაა დიაბეტი, გულის დაავადებები და მაღალი არტერიული წნევა.

საკვერცხის პოლიკისოზური სინდრომის მკურნალობის მეთოდები

ბუნებრივია, რომ ზედმეტი თმიანობა ქალისთვის უჩვეულო ადგილებში ისევე, როგორც ჭარბი წონა თავისთავად პაციენტს უკვე საკმაოდ სტრესულ მდგომარეობას უქმნის. ასეთ მდგომარეობაში ვარჯიში და სწორი კვება არა მხოლოდ გახდომის მიზნით ინიშნება, არამედ პაციენტის სტრესიდან გასათავისუფლებლად და დაბალანსებული ფსიქოლოგიური განწყობის შესაქმნელად. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ პაციენტს კმაყოფილებისა და საკუთარი მიღწევით დატკბობის გრძნობა გამოუმუშავდეს. წონაში დაკლება მენსტრუალური ციკლის დარეგულირებასაც უწყობს ხელს, ასევე აწესრიგებს ქოლესტერინის დონეს, ამცირებს გულის დაავადებისა და უშვილობის რისკებს. თუკი პაციენტს სიმსუქნის მძიმე ფორმა აღენიშნება, შესაძლებელია, ქირურგიული ჩარევის გამოყენებაც.
საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომი უშვილობას ხშირად იწვევს, მაგრამ ამ დროს უშვილობის განკურნება შესაძლებელია. გამოკვლევის შემდეგ ექიმი პაციენტს უნიშნავს მკურნალობის კურსს, რომელიც მას დაორსულებაში დაეხმარება. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ მდგომარეობაში ძალიან მნიშვნელოვანია თამბაქოზე უარის თქმა, რადგან თამბქოს რეგულარული მოხმარება ანდროგენების ხელოვნურად მომატებას უწყობს ხელს.

არასასურველი თმის პრობლემის მოსაგვარებლად შესაძლებელია, ლაზერით ან ელექტროლიზის მეთოდებით ეპილაციას მიმართოთ. საკვერცხის პოლიკისტოზის დროს ელექტროლიზი არასასურველი თმის მოშორების საკმაოდ ეფექტური მეთოდია, რადგან ამ პროცედურის დროს ელექტრო-მუხტით თმის ძირის ფოლიკულის მთლიანად დაშლა ხდება, რის შემდეგაც თმა აღარ ამოდის.
მენსტრუციის ციკლის მოსაწესრიგებლად, როგორც წესი, მეტფორმინი ინიშნება, ეს პრეპარატი ასევე აქვეითებს ინსულინის დონეს და მეორე ტიპის დიაბეტის პრევენციას ახდენს. აღსანიშნავია, რომ მეტფორმინი პაციენტს წონის დაკლებაშიც ეხმარება.
საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის სიმპტომების შეამცირებლად ჩასახვის-საწინაღმდეგო აბებსაც იყენებენ, რადგან ეს პრეპარატები აღადგენს ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს და არეგულრებს ოვულაციის პროცესს, აგრეთვე აჩერებს თმის ჭარბად ზრდის პროცესს. თუმცა იმ ქალებისთვის, ვისაც შვილის ყოლა სურს, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებით მკურნალობა არასასურველი მეთოდია. ამ შემთხვევაში ნაჩვენებია პროგესტერონის მიღება. ეს ჰორმონი არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს, თუმცა ხელს არ უშლის ჩასახვას, და ამავე დროს, არანაირ გავლენას არ მოახდენს აკნესა და თმის ჭარბ ზრდაზე. პროგესტერონით მკურნალობის პროცესში აკნესა და თმის ზრდის პრობლემების მოგვარებას უფრო მეტი დრო დაჭირდება, მაგრამ ექიმთან რეგულარული ვიზიტები და მისი ინდივიდუალური დანიშნულების ზუსტად შესრულება აუცილებლად მოგიტანთ სასურველ შედეგს.
თუკი მენსტრუალური ციკლის დარეგულირება ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებით ვერ მოხერხდა, მაშინ პაციენტისთვის საუკეთესო გამოსავლად ინვიტრო-განაყოფიერებით მკურნალობა ითვლება. ამ შემთხვევაში კვერცხუჯრედი ქალის ორგანიზმის გარეთ განაყოფიერდება და მერე ისევ საშვილოსნოს ღრუში დაბრუნდება შემდგომი განვითარებითვის. სტატისტიკა ადასტურებს, რომ საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომით დაავადებული პაციენტების დიდი რაოდენობა სწორედ ინვიტრო-განაყოფიერების გზით აღწევს სასურველ და წარმატებულ ორსულობას.