საკვერცხის სტიმულაციის პროტოკოლები

ინვიტრო-განაყოფიერებით მკურნალობის დროს საკვერცხის სტიმულაციის ეტაპის ჩასატარებლად სხვადასხვა მეთოდები გამოიყენება. მეთოდს სპეციალისტი არჩევს და გადაწყვეტილების მიღება პაციენტის ასაკზე, ჰორმონალურ სტატუსზე, განაყოფიერების წინა ისტორიასა და სხვა უამრავ ფაქტორზე დაყრდნობით ხდება.
ამ სტატიაში საკვერცხის სტიმულაციის ორ ძირითად პროტოკოლს განვიხილავთ:

1. მოკლე ანუ ანტაგონისტური პროტოკოლი, რომელიც გონადოტროპინ-მასტიმულირებელი ჰორმონის გამოყოფის დამთრგუნველი პრეპარატებით ტარდება. ანტაგონისტი არის ისეთი ნივთიერება, რომელიც ჰორმონის გამოყოფის ინჰიბიციას, ანუ დათრგუნვას/შენელებას იწვევს.
2. ხანგრძლივი ანუ აგონისტური პროტოკოლი. მას ლუთეინურ ლუპრონის პროტოკოლსაც უწოდებენ. აგონისტი არის ისეთი ნივთიერება, რომელსაც მსგავსი (ჩვენს შემთხვევაში-ჰორმონის მსგავსი) მოქმედება ახასიათებს.

მოკლე, ანუ ანატაგონისტური პროტოკოლის მიხედვით, სტიმულაცია მენსტრუაციული ციკლის მეორე ან მესამე დღეს ფოლიკულ-მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) ინექციით იწყება. FSH-ს ყველაზე ხშირად გამოყენებადი პრეპარატებია გონალ- f და მენოპური. სტიმულაციის მეექვსე დღეს პრეპარატ ცეტროტაიდს ამატებენ. ამის შემდეგ იწყება ულტრაბგერითი კვლევით ფოლიკულების ზომის მონიტორინგი. მას შემდეგ, რაც ფოლიკული გარკვეულ ზომას და სიმწიფის დონეს მიაღწევს, ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის ჰორმონის (HCG) ინექცია ტარდება და ამ ინექციიდან 34-36 საათის განმავლობაში უკვე კვერცხუჯრედის მიღების პროცედურა ტარდება.
აღსანიშნავია, რომ ქორიონული გონადოტროპინის (HCG) ინექციის შემდეგ ფოლიკულ-მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) და ცეტროტაიდის ინექციები აღარ ტარდება. მოკლე პროტოკოლით სტიმულაცია დაახლოებით 10-15 დღე გრძელდება.
ბოლო პერიოდში, მოკლე, ანტაგონისტურ პროტოკოლს ყველაზე ხშრად მიმართავენ, რადგან მას მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია: კერძოდ, სტიმულაციის პერიოდი ხანმოკლეა და ინექციების რაოდენობაც ნაკლებია. შესაბამისად, ამ პროტოკოლის ეკონომიკური ღირებულებაც შედარებოთ მცირეა.
ხანგრძლივი, ანუ აგონისტური პროტოკოლი ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის აშშ-ში. ამ პროტოკოლის მიხედვით მორიგი მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე 7 დღით ადრე (ანუ ლუთეინური ფაზის შუა პერიოდში) იწყება ლუპრონის ინექციები. მენსტრუაციის დაწყებიდან 3-7 დღის ინტერვალში იწყება ფოლიკულ-მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) ინექციები. ქორიონული გონადოტროპინის (HCG) ინექცია კევრცხუჯრედის მიღების პროცედურამდე 34-36 საათით ადრე ტარდება და მისი მთავარი დანიშნულება კვერცხუჯრედის მომწიფების ხელშეწყობაა. HCG- ინექცია იმ მომენტში ტარდება, როდესაც ექიმის შეფასებით ესტრადიოლის დონე და ფოლიკულის ზომა ოპტიმალურია, რაც თავის მხრივ, ინვიტრო-პროცედურის წარმატების საწინდარია.
აღწერილი პროტოკოლი უფრო მეტ დროსა და მეტი რაოდენობის ინექციებს მოითხოვს, რაც მის ეკონომიკურ ღირებულებას ზრდის. შესაძლებელია, დასახელებული ფაქტორები მოკლე პროტოკოლის უპირატესობას ადასტურებდეს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ხანგრძლივ პროტოკოლსაც გარკვეული ჩვენებები აქვს. როგორც აღვნიშნეთ, პროტოკოლს ექიმი უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით არჩევს.
სტიმულაციის დაწყებამდე პაციენტს საფუძვლიანი გამოკვლევა უტარდება. კერძოდ, ისაზღვრება ფოლიკულების რაოდენობა, ტარდება შემდეგი სახის ჰორმონების ანალიზი: ანტიმიულერის ჰორმონი (AMH), მალუთეინიზირებელი ჰორმონი და ფოლიკულ-მასტიმულირებელი (FSH). იმ პაციენტებს, რომლებსაც დიდი რაოდენობით ფოლიკული და AMH-ჰორმონის მაღალი დონე აღენიშნებათ, FSH-ს დაბალი დოზები ენიშნებათ, რაც საკვერცხის გადაჭარბებული სტიმულაციის თავიდან ასაცილებლად ხდება. სტიმულაციის პროცესში ექიმი ესტროგენის დონესა და ფოლიკულის ზომას მუდმივად აკვირდება და ინექციების დოზებსაც შესაბამისად არეგულებს.