ფეხმძიმობის შესახებ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები

სასურველია, თქვენი შვილის მოვლაზე ზრუნვა მის დაბადებამდე დაიწყოთ. მიჰყევით ჯანსაღი ცხოვრების წესს და ფეხმძმობის დროს რეგულარულად მიმართეთ თქვენს ექიმს. ასეთი მიდგომა საუკეთესო ხარისხის პრენატალურ მოვლას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ ჯანსაღი ფეხმძიმობის საწინდარიც იქნება.

ამ სტატიაში ფეხმძიმობის შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ რვა ძირითად კითხვას ვუპასუხებთ:

რამდენი კილოგრამი უნდა მოვიმატო ფეხმძიმობის პერიოდში?

ზოგადად ითვლება, რომ ფეხმძიმე ქალმა დაახლოებით 11-13 კილოგრამი უნდა მოიმატოს წონაში. თუმცა მაინც სასურველია, ეს კითხვა თქვენს მკურნალ ექიმს დაუსვათ, რადგან დამტკიცებული ნორმა არ არსებობს და ის ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია. მაგალითად, ზედმეტად გამხდარმა ქალმა ფეხმძიმობის დროს უფრო მეტი უნდა მოიმატოს, ვიდრე იმ ქალებმა, ვისი წონაც ფეხმძიმობამდე ფიზიოლოგიური ნორმის ფარგლებში იყო. სწორედ ასეთი დეტალების გარკვევაში უნდა დაგეხმაროთ თქვენი მკურნალი ექიმი.

როგორ უნდა ვიკვებო ფეხმძიმობის პერიოდში?

ფეხმძიმობის პერიოდში თქვენი დიეტა მაქსიმალურად დაბალანსებული უნდა იყოს, რათა ოპტიმალურად საჭირო საკვები ელემენტებით უზრუნველყოთ როგორც თქვენი საკუთარი, ასევე ნაყოფის სხეული.

დღის განმავლობაში რეგულარულად სვით წყალი.

ეცადეთ, მოერიდოთ უმი საქონლის ან თევზის ხორცის და კვერცხის მიღებას, რადგან ამ პროდუქტების მიღებისას განსაკუთრებით მაღალია კვებითი მოწამვლის რისკი.

საგულდაგულოდ გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული უშუალოდ მიღების წინ. საკვების დაჭრისას გამოიყენეთ სუფთა დაფა. ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჭურჭლის სისუფთავეს.

თქვენი და ბავშვის ორგანიზმის კალციუმით უზრუნველსაყოფად მიიღეთ პასტერიზებული რძე.

მოერიდეთ ხელოვნური დამატკბობელის, შაქრის სხვადასხვა სახის შემცვლელების მიღებას. თუკი ტკბილი საკვები მოგინდებათ, მიირთვით თაფლი ან ორგანული წყაროებიდან მიღებული ყავისფერი შაქარი.

დღის განმავლობაში შემოიფარგლეთ 1-2 ჭიქა ყავით ან კოფეინის შემცველი სხვა სასმელით.

შეიძლება თუ არა ფეხმძიმობის დროს რაიმე წამლის მიღება?

ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, როცა ტკივილგამაყუჩებლის ან რომელიმე სხვა ურეცეპტო მედიკამენტის მიღება დაგჭირდებათ, აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს. ამ საკითხზე ექიმთან კონსულტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამედიცინო პრეპარატებს ნაყოფის განვითარების დარღვევა და დეფექტების გამოწვვა შეუძლია. ასეთი საშიშროება განსაკუთრებით მაღალია ფეხმძიმობის პირველი სამი თვის განმავლობაში.

ზოგადად, სწორი მიდგომაა, როცა შვილოსნობის ასაკის მიღწევის შემდეგ ქალი ყოველთვის განიხილავს ხოლმე ექიმთან მისთვის დანიშნული პრეპარატების შესაძლო გვერდით ეფექტებს. თუკი დაფეხმძმებამდე რაიმე პრეპარატს რეგულარულად იღებდით, აუცილებლად შეუთანხმეთ ექიმს, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ პრეპარატით მკურნალობის გაგრძელება ფეხმძიმობის პერიოდშიც. ფეხმძიმობის დროს ნებისმიერი წამლის მიღებამდე აუცილებლად დარწმუნდით იმაში, რომ ექიმმა ამ პრეპარატის მიღება თქვენთვის უსაფრთხოდ ჩათვალა

მივიღო თუ არა ვიტამინები ფეხმძმობის პერიოდში?

ბავშვის ჩასახვის მომენტიდან აუცილებელია დღეში მინიმუმ 400 მიკროგრამი ფოლიუმის მჟავის მიღება. ამ გზით თქვენ ბავშვის თავის და ზურგის ტვინის განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აირიდებთ თავიდან. თუკი ექიმი გირჩევთ, დღიური დოზის გაზრდაც შესაძლებელია.სასურველია, ფოლიუმის მჟავის მიღება ჩასახვამდეც დაიწყოთ. იგივე ეხება რკინასა და კალციუმს. თუმცა მაინც ყოველთვის სასურველია, რომ ვიტამინებისა და მიკროელემენტების დოზა, ფორმა და მიღების ხანგრძლივობა, ყოველთვის თქვენს მკურნალ ექიმს შეუთანხმოთ.

ჩასახვის შემდეგ რამდენ ხანს შეიძლება განვაგრძო მუშაობა?

ამ კითხვაზე უნივერსალური პასუხი არ არსებობს, რადგან ფეხმძიმობის პერიოდში მუშაობის თემა საკმაოდ ინდივიდუალურია და ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, იმაზე თუ რა სახის სამსახურზეა საუბარი. სამუშაო ადგილის გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, თუკი სამსახური დაკავშირებულია რადიაციულ გამოსხივებასთან ან ისეთ მასალებთან, როგორიცაა სპილენძი ან ვერცხლისწყალი, მაშინ მუშაობის შეწყვეტა უშუალოდ ჩასახვის მომენტიდან უნდა მოხდეს.

ასევე სასურველია ისეთი სამსახურის სასწრაფოდ შეწყვეტა, რომელიც განგძლივი დროის განმავლობაში ფეხზე დგომას მოითხოვს. რაც შეეხება ოფისში, საწერ მაგიდანსთან მუშაობას, ასეთი სამსახური შეგიძლია მშვიდად განაგრძოთ ფეხმძიმობის პერიოდშიც.

შეგიძლიათ აგრეთვე მშვიდად განაგრძოთ მუშაობა, თუკი თქვენ ამას „სახლიდან“ აკეთებდით. ასეთი რეჟიმი ჩვეულებრივ მწერლებს, გრაფიკულ დიზანერებს, პროგრამისტებს აქვთ. გაითვალისწინეთ, რომ არასოდეს არ უნდა გედოთ თქვენი ლეპტოპი მუხლებზე ან მუცელზე.

ფეხმძმობის დროს მუშაობის მიზანშეწონილობის თემა მნიშვნელოვნად უკავშირდება ფეხმძიმე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას. არსებობს ისეთი სიტუაციაც, როცა ნაადრევი მშობიარობის ან რაიმე სხვა გართულების თავიდან აცილების მიზნით, ფეხმძიმე ქალს ლოგინში წოლის და შესაბამისად ნებისმიერი მუშაობის შეწყვეტის რეკომენდაციას აძლევენ.

6- შეიძლება თუ არა ვარჯიში ფეხმძმობის პერიოდში?

თუკი თქვენ ფეხმძიმობამდე ვარჯიშობდით და ფეხმძიმობის დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ გაგაჩნიათ, მაშინ შეგიძლიათ მშვიდად განაგრძოთ ჩვეული რიტმით ვარჯიში. რეგულარული ვარჯიში ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილია და ის ფეხმძიმობასთან დაკავშირებულ დისკომფოტსაც დაგაძლევინებთ. კვლევები აჩვენებს, რომ ყოველდღიურად 30 წუთიანი ვარჯიში მშობიარობის პროცესს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს.

გამოიჩინეთ სიფრთხილე ვარჯიშის ფორმის ან სპორტის სახეობის არჩევაში. ფეხმძმობის დროს შეგიძლიათ იაროთ ან იცურავოთ, დაკავდეთ იოგათი. მოერიდეთ ისეთ აქტიურობებს, სადაც წაქცევის ან ტრავმის მიღების ალბათობა დიდია, მაგალითად, თხილამურები, კლდეზე ცოცვა, კალათბურთი და ა.შ. 

შეიძლება თუ არა სქესობრივი ცხოვრება ფეხმძიმობის პერიოდში?

ჩვეულებრივ, ფეხმძიმობის დროს სქესობრივი ცხოვრების გაგრძელება უსაფრთხო და სრულიად დასაშვებია. თუმცა მაინც სასურველია, რომ ამ კითხვით თქვენს მკურნალ ექიმს მიმართოთ, რომელმაც უკეთ იცის თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაძლო რისკების ან უკუჩვენების განსაზღვრაც უკეთ შეუძლია.

ხშირია, როდესაც ფეხმძიმე ქალს სქესობრივი ცხოვრების მიმათ ჩვეული ინტერესი ეცვლება. უნდა აღინიშნოს, რომ არც სქესობრივი აქტი და არც ორგაზმი ორსულობის შეწყვეტის ან ნაადრევი მშობიარობის რისკს არ ზრდის. ფეხმძიმობის დროს სქესობრივი ცხოვრებისას, ეცადეთ, შეარჩიოთ თქვენთვის უფრო მეტად კომფორტული პოზიცია, მაგალითად, გვერდულად, ანუ იმ მდგომარეობაში, რომელიც ქალის მუცელზე ნაკლებ ზეწოლას გულისხმობს.

რას უნდა მოვერიდოთ ფეხმძიმობის პერიოდში?

არსებობს რიგი სარისკო ქმედებისა, რასაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ ფეხმძმობის პერიოდში. გთავაზობთ ასეთი სარისკო ქცევების და აკრძალვების ჩამონათვალს:

• ნუ მოწევთ. ასევე მოერიდეთ მწეველი ადამიანების ირგვლივ ყოფნას. თამბაქოს კვამლის შესუნთქვამ შეიძლება გაზარდოს ფეხმძიმობის შეწყვეტის, ნაადრევი მშობიარობის, ნაყოფის განვითარების შეფერხების რისკები.
• ნუ მიიღებთ ნარკოტიკულ საშუალებებს. მათი მოხმარება ზრდის ნაყოფის განვითარების დეფექტის, ნაადრევი მშობიარობის ან ფეხმძიმობის შეწყვეტის რისკებს.
• ნუ მიიღებთ ალკოჰოლს. მისი მოხმარებაც მნისვნელოვნად ზრდის ნაყოფის განვითარების ისეთი დეფექტების რისკს, რომლის აცილებაც ჩვეულებრივ ძალიან ადვილია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის გზით.
• მოერიდეთ კატის, ძაღლის ან სხვა ცხოველების ექსკრემენტის ყუთებს. თქვენი ფეხმძიმობის პერიოდში, სასურველია, შინაური ცხოველების მოვლა ოჯახის სხვა წევრებმა იტვირთონ. თუკი ცხოველს ეხებით ან ეხუტებით, აუცილებლად დარწმუნდით, რომ ის სუფთაა.
• ნუ შეჭამთ უმ ხორცს. ის ტოქსოპლაზმოზს იწვევს და ნაყოფის სხვადასხვა სახის დეფექტების მიზეზი შეიძლება გახდეს.
• მოერიდეთ ვაგინის ღრმა გამორეცხვას, რობლის დროსაც სასარგებლო ბაქტერიებიც გამოირეცხება. გახსოვდეთ, ვაგინის ჰიგიენისთვის დაბანის ჩვეულებრივი პროცედურა სრულიად საკმარისია.

გარდა ამისა, ბედნიერი და უპრობლემო ფეხმძიმობის უზრუნველსაყოფად გირჩევთ:
• ნუ დაიზარებთ ძაღლის სასეირნოდ წაყვანას
• ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ ბაღში, ბოსტანში მუშაობას ან პარკში სეირნობას, განსაკუთრებით მზიან დღეებში. მზის სხივები თქვენს ორგანიზმს D-ვიტამინის გამომუშავებაში შეუწყობს ხელს
• ხშირად იცეკვეთ ან მსუბუქად ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის თანხლებით
• ჩაეწერეთ პრენატალური იოგის ან ფეხმძიმე ქალებისთვის შესაფერისი რაიმე სხვა ვარჯიშის გაკვეთილებზე
• ყოველთვის ხელთ გქონდეთ კამერა ან ფოტოაპარატი და დააფიქსირეთ თქვენი ფეხმძმობის საუკეთესო მომენტები