რუბრიკის პოსტი – ფსიქოსომატიკა

დღეს მინდა გესაუბროთ ფსიქოსომატიკაზე, რაც ბერნულად „სხეულსა“ და „სულს“ ნიშნავს. ეს არის მიმდინარეობა მედიცინასა და ფსიქოლოგიაში, რომელიც სწავლობს და ხსნის ემოციური განცდების, სტრესებისა და ფსიქოლოგიური პრობლემების გავლენას ფიზიკურ მდგომარეობაზე. ის ნათლად გვაჩვენებს, რამდენად მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან ადამიანის შინაგანად მიმდინარე და გარეგნულად გამოხატული პროცესები და რომ ძალიან ხშირად შინაგანი იწვევს გარეგანს. ფსიქოლოგიურმა პრობლემებმა შესაძლოა გამოიწვიოს მრავალნაირი დაავადება თუ გართულება – დაწყებული კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევებით და დასრულებული მაღალი ტემპერატურით.
ექიმები და ფსიქოლოგები ფსიქოსომატურ დაავადებებს აკუთვნებენ შემდეგ სამ ჯგუფს:

  • კონვერსიული სიმპტომები – მისი საფუძველია ნევროტული კონფლიქტი, როდესაც ადამიანი არაცნობიერ დონეზე ეწინააღმდეგება საკუთარ სურვილებს / მოთხოვნილებებს და უჭირს არჩევნის გაკეთება. ახასიათებს მგრძნობელობის დაკარგვა კიდურებში, მხედველობისა და სმენის გაუარესება, დამბლა, გულისრევა. ასეთ შემთხვევებში სიმპტომები სიმბოლური ხასიათის მატარებელია და მათი დახმარებით შეგვიძლია გამომწვევ მიზეზებზე გასვლა.
  • ფუნქციური სიმპტომები – ხასიათდება ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელი სხვადასხვა სიმპტომის არსებობით, სადაც გარკვეულ ტკივილებს (ტკივილი გულის არეში, ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში და სხვა) თან ახლავს შიში, დეპრესია, უძილობა, დაღლილობა. ამის წარმომშობ მიზეზად კი გვევლინება ემოციური დაძაბულობა, რაც იწვევს ორგანულ ან სისტემურ პრობლემებს.
  • ფსიქოსომატიზმი – არის ორგანიზმის პირველადი რეაქცია კონფლიქტებსა და სტრესზე, რასაც თან სდევს ნეგატიური ცვლილებები და ორგანოთა პათოლოგიები, და რაც დამოკიდებულია მემკვიდრეობითობასა და ამათუიმ დაავადებისადმი მიდრეკილებაზე. მიხედვით ბაზისურ ფსიქოსომატიზმებს მიაკუთვნებენ – ბრონქიალურ ასთმას, წყლულოვან კოლიტს, რევმატულ ართრიტს, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს, ნეიროდერმიტს, რაც მოიაზრებს კანის ქრონიკულ არაგადამდებ ეგზემატოზურ ანთებას და გამომწვევ მიზეზებად სახელდება ალერგიული და ნერვული ფაქტორები. ასევე როგორც ვიცით, ფსიქოსომატიკაში კანი ადამიანის გარესამყაროსთან კონტაქტის საშუალებაა, ამიტომ ეს ინფორმაცია ხშირად გვეხმარება სიმპტომის გამოწვევის მიზეზის ძებნის პროცესში. ამავე ჯგუფს მიეკუთვნება ჰიპერთირეოზი, რომლის თანმხლებია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიურად მომატებული აქტივობა, როდესაც ჯირკვალი გამოიმუშავებს საჭიროზე ბევრად მეტი რაოდენობის ჰორმონებს: თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს. ეს კი თავის მხრივ იწვევს ტრემორს, ემოციურ ლაბილობას, მენსტრუალური ციკლის დარღვევას, ოფლიანობას, ჩიყვს, ტაქიკარდიას. ამ ჯგუფსვე მიეკუთვნება ონკოლოგიური და ინფექციური დაავადებები.
    ფსიქოსომატური მედიცინა ეფუძნება ზიგმუნდ ფროიდის კონვერსიულ კონცეფციას, სადაც კონვერსია არის ფსიქოლოგიური კონფლიქტისა და მისი სხვადასხვა სიმპტომის დახმარებით გადაჭრის მცდელობა.

    ფსიქოთერაპევტი სვეტლანა პეტრენკო გვიზიარებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი სიმპტომი რომელ ორგანოს აზიანებს და რამდენად მნიშვნელოვანია სწორი სუნთქვა. ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედება დაკავშირებულია სუნთქვასთან. ჯანმრთელი ადამიანი რიტმულად სუნთქავს, დაბალანსებული აქვს ჩასუნთქვა – ამოსუნთქვა. ხოლო სტრესის დროს შეშდება, სხეული იკუმშება, იძაბება. ირევა შინაგანი ორგანოების რიტმიც. რთულდება მთლიანი გულ-მკერდით ჩასუნთქვა. ამის შედეგად კი ზარალდებიან ფილტვები, თირკმელი, ღვიძლი – როგორც ტოქსინების გამომდევნი ორგანოები, ასევე გული. შფოთვასთან და პანიკურ შეტევებთან მუშაობის დროსაც სწორედ სუნთქვას ექცევა ყველაზე დიდი ყურადღება. რაც შეეხება თავის ტკივილებს, მუცელში სპაზმებსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებს – ფსიქოლოგის აზრით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანს არ შეუძლია ინფორმაციის გადახარშვა.
    რაც შეეხება მაღალ წნევას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, შაკიკს, დიაბეტს, ართრიტს, ამერიკელი ფსიქოანალიტიკოსის ფრანც ალექსანდერის აზრით, იწვევს ჩახშობილი აგრესია და შეკავებული ბრაზი, რომელმაც გამოსავალი სიმპათიკური სისტემის მეშვეობით იპოვა. სიმპათიკური სისტემა ნერვული სისტემის ნაწილია, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმის დაძაბულობა, დაჭიმულობაზე – როგორიცაა, სისხლძარღვთა შევიწროვება, სისხლის წნევის მომატება, კუნთოვანი ქსოვილების შეკუმშვა და გამაგრება.
    დაუკვირდით საკუთარ სხეულებრივ შეგრძნებებსა და სიმპტომებს, რეალურად ისინი მნიშვნელოვან ინფორმაციას გადმოგცემენ.

    მასალა მოამზადა : ნინო თოფურიამ