რუბრიკის პოსტი ორგანიზმის რეაქციები

როგორ ხდება, რომ სხვადასხვა ადამიანის ორგანიზმი აბსოლუტურად განსხვავებულად რეაგირებს ამა თუ იმ მოვლენაზე, სიტუაციაზე?! ჰიპოკრატეს აზრით, ორგანიზმი მოქმედებს როგორც მთლიანი და ამ მთლიანობაზეა დამოკიდებული ავადმყოფობის სახე და მიმდინარეობა. მაგალითისთვის განვიხილოთ ტუბერკულოზის ბაცილა, რომელმაც ერთ ორგანიზმში შესაძლოა ტუბერკულოზი გამოიწვიოს, მეორისთვის კი უვნებელი აღმოჩნდეს. ასევე ყვავილის შრატი ერთში ანთებით პროცესებსა და მაღალ ტემპერატურას იწვევს, მეორეზე კი არავითარ გავლენას არ ახდენს. მაშასადამე, ჩვენი ორგანიზმები ერთსა და იმავე გამღიზიანებელზე ერთმანეთისგან განსხვავებულ რეაქციებს აჩვენებს და ეს ჩვენი განსხვავებული კონსტიტუციებით აიხსნება. კონსტიტუცია განიხილება, როგორც მთელი „ორგანიზმის ანატომიურ, ფიზიოლოგიურ, ბიოქიმიურ და ევოლუციურ თავისებურებათა ერთობლიობა, რომელიც მისი რეაქციების სპეციფიკურ რაგვარობას განსაზღვრავს.“ მართალია ყველა ადამიანის ორგანიზმი ერთნაირი ორგანოებისგან და მასალისგან შედგება, თუმცა განსხვავება მათ ურთიერთმიმართებაშია და სწორედ ამით აიხსნება რეაქციათა არაერთგვაროვნება. ეს თავს გარეგნობაში იგივე ჰაბიტუსშიც იჩენს და ყველაზე ფართოდ გავრცელებული კლასიფიკაცია ეკუთვნის გერმანელ ფსიქიატრსა და ფსიქოლოგს ერნსტ კრეჩმერს, , რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა ფსიქიატრიულ კლინიკაში და თავისი დაკვირვებები და ექსპერიმენტული გამოკვლევები განაზოგადა თეორიაში, რომელიც სრულად წარმოდგენილია მის წიგნში “სხეულის აგებულება და ხასიათი” (1929). კრეჩმერი განმარტავს: “კონსტიტუციის ქვეშ ჩვენ გვესმის ყველა ინდივიდუალურ სისტემათა ჯამი, რომელიც ემყარება მემკვიდრეობას, ე. ი. მოცემულია გენოტიპურად”. მან დაავადებულ პაციენტებში კონსტიტუციის მიხედვით 3 ტიპი გამოყო, რომელიც შემდგომში ჯანმრთელ ადამიანზეც განავრცო:
1.ასთენიკური – გამხდარი და ფერმკრთალია, მოგრძო, ვიწრო და მკვეთრად მოხაზული სახით. წაგრძელებული, წვეტიანი ცხვირი, რომელიც შევარდნილ ნიკაპთან ერთად სამკუთხა პროფილს ქმნის. წვრილი კისერი. მისი სხეული გამხდარია, სისხლნაკლული კანით. მუცელი ჩაზნექილი, ხოლო კუნთები სუსტად განვითარებული აქვს.
2.პიკნიკური – მრგვალი სახე, დიდი და მრგვალი თავის ქალა, მოკლე კისერი და მოზრდილი მუცელი, სიმსუქნისადმი ტენდენცია.
3.ათლეტური – მძლავრი თავი, მაგარი და მაღალი კისრით, მკვეთრად ძვლოვანი სახის რელიეფი, მთელს ტანზე კარგად გამოკვეთილი კუნთები, ფართო მხარბეჭი და გულმკერდი.
კრეჩმერის ეს თეორია ძალიან საინტერესოა, თუმცა მის მთავარ კრიტიკად დავასახელებ იმას, რომ ის გენეტიკურ ფაქტორებს გადამწყვეტ როლს ანიჭებს და ფაქტიურად სხვა ფაქტორების როლს უარყოფს. თუმცა ძალიან კარგ თვალსაჩინოებას გვიქმნის კონსტიტუციის ცნებაზე.
კონსტიტუციაზე ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ექიმი ჰიპოკრატეც საუბრობდა, რომლის მიხედვითაც ორგანიზმი შედგება ოთხი სუბსტანციისგან (სითხისგან) – სისხლი, ლორწო, შავი ნაღველი, ყვითელი ნაღველი. ტემპერამენტის ტიპების ჰიპოკრატესეული სახელწოდებებია – სანგვინიკი (სისხლი), ქოლერიკი (ყვითელი ნაღველი), მელანქოლიკი (შავი ნაღველი) , ფლეგმატიკი (ლორწო). „როდესაც ორგანიზმის სითხეები კარგი, ბუნებრივი თანაფარდობითაა შერეული, რასაც „კრაზა” ეწოდება (თანამედროვე ჰომეოსტაზის ანალოგი), ადამიანი ჯანმრთელია; სითხეთა არასწორი თანაფარდობა კი (ე.წ. „დისკრაზია”) ავადმყოფობის მიზეზი ხდება. გამოჯანმრთელება დისკრაზიის კრაზად გარდაქცევის გზით ხორციელდება. ამისთვის გამოიყენება წამლები და პროცედურები, რომლებიც ორგანიზმის სითხეების სისტემას აწონასწორებს: დიეტა, სისხლის გამოშვება, სასაქმებელი, პირღებინება და სხვა.“ რომელიმე ერთი ნივთიერების სიჭარბე ორგანიზმში განაპირობებს განცდებისა და მათი მიმდინარეობის სისწრაფის მიხედვით ადამიანთა შორის ინდივიდუალურ განსხვავებებს. ჰიპოკრატე ტემპერამენტის საფუძველს და ადამიანებს შორის განსხვავებას ორგანიზმში არსებულ განსხვავებულ ნივთიერებებში ხედავდა. თანამედროვე ენდოკრინოლოგიაში დადგინდა, რომ ტემპერამენტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჰორმონებზე (ანუ ორგანიზმის შიგნით არსებულ ნივთიერებებზე).

მასალა მოამზადა – ნინო თოფურიამ