როგორ ყალიბდება ბავშვის თვითშეფასება

რა არის და როგორ ყალიბდება თვითშეფასება?

თვითშეფასება არის ადამიანის მიერ საკუთარი თავის შეფასება, რაც მოიაზრებს იმას, თუ როგორ აფასებს ადამიანი მის ხელთ არსებულ ინფორმაციას. იმ ინფორმაციას, რომელსაც საკუთარი თავის შესახებ ფლობს. თვითშეფასება გარკვეულწილად არის სუბიექტური, რადგან იგი მოიცავს თვითონ ადამიანის წარმოდგენას საკუთარი თავის შესახებ. თვითშეფასების ჩამოყალიბება არ არის რაღაც კონკრეტული მოვლენა, არამედ ეს არის პროცესი, რომელიც საფუძველს იყრის ბავშვობაში და მასზე დიდ გავლენას ახდენს ოჯახი, აღზრდის სტილი, ბავშვის რიგითობა და მისი ფსიქოტიპი.

რა როლი აქვს თვითშეფასების ფორმირებაში ოჯახის დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ?

თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში ოჯახის დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ აქვს წამყვანი როლი, რადგან მასზეა დამოკიდებული შემდგომში ადამიანს ექნება მაღალი თუ დაბალი თვითშეფასება.მნიშვნელოვანია ოჯახში როგორ აღიქვამენ ბავშვს. თუ იგი ოჯახის სრულფასოვან წევრად გრძნობს თავს, ეს ხელს შეუწყობს, რომ უფრო მეტად იყოს თავდაჯერებული, წარმატებაზე ორიენტირებული. არის ხოლმე ისეთი შემთხვევებიც , როდესაც უფროსები რაღაც მნიშვნელოვან თემაზე საუბრობენ ოჯახში და ბავშვს მიმართავენ შემდეგნაირად „ეს არ არის შენი საქმე“, “ჯერ პატარა ხარ, ვერ გაიგებ”, “უფროსების საუბარში ნუ ერევი”. ასეთ შემთხვევაში ბავშვს უყალიბდება შეგრძნება , რომ ის არაკომპეტენტურია და არ უნდა გამოთქვას საკუთარი აზრი, ეს კი ხელს უწყობს დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას. საგულისხმოა, რომ ოჯახი ბავშვს უნდა აღიქვამდეს როგორც სრულფასოვან პიროვნებას და ეს ყველაფერი ბავშვს განცდაში ჰქონდეს.

დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანს ურთიერთობებში აქვს საკუთარი არასრულფასოვნების, არასაჭიროების განცდა და მუდმივად საჭიროებს დაუმტკიცონ, რომ ირგვლივ მყოფებს სჭირდებათ და უყვართ. მსგავს ადამიანებს ხშირად აწუხებთ ეჭვები იმის შესახებ თუ რამდენად გულწფელად ეუბნებიან კომპლიმენტს ან ჩუქნიან საჩუქარს. ისინი თითქმის არასდროს იჩენენ ინიციატივას , რადგან მუდმივად აქვთ უარყოფის შიში.

დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი ხშირად გამოდის ხოლმე მსმენელის როლში,ამასთან იგი ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი საჭიროება სხვადასხვა გზებით, მაგალითად არის შემთხვევები, როცა საყვარელ ადამიანებს მუდმივად საჩუქრებს ჩუქნის, სურს მათ ასიამოვნოს, თითქოს ცდილობს ამით გადაიხადოს საფასური , იმისთვის რომ მასთან დარჩნენ და არ მიატოვონ. ეს არის ყველაზე გავრცელებული მახასიათებლები, რასაც აწყდება დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი ურთიერთობაში.

როგორ მოქმედებს ბავშვზე მშობლის მიერ მისი გადამეტებული ქება?

იმისთვის რომ ქებაც და კრიტიკაც იყოს ეფექტური, ის უნდა იყოს ობიექტური და ეხებოდეს კონკრეტულ ქმედებას, თვისებას, საქციელს და არა მთლიანი პიროვნების გაიდეალიზებას ან დაკნინებას.
თუ ბავშვი მიაჩვიეს, რომ ის არის ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, შემდგომში მას ჰგონია, რომ ამ ყველაფრის გენერალიზება უნდა მოახდინოს და იგივე დამოკიდებულება მოითხოვოს სხვებისგანაც. შესაბამისად ყველაზე სწორი ფორმულირება იქნება: „ შენ ჩემთვის ხარ ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი, ან შენ ხარ ჩემი პრინცი და პრინცესა“. ეს იქნება მათი სუბიექტური აზრი და გაიმიჯნება ყველას აზრისგან, რაც მომავალში დაიცავს ბავშვს არარეალური მოლოდინებისგან.

თითოეული ადამიანი უნდა შეფასდეს საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ადეკვატური თვითშეფასებისთვის მნიშვნელოვანია იცოდე, რა არის შენი ძლიერი და სუსტი მხარე. რეალურად თავდაჯერებულმა ადამიანმა იცის საკუთარი თავის შესახებ ინფორმაცია, რა გამოსდით და რა არა, რაში არიან ძლიერნი ან სუსტნი, ეს კი დიდი რესურსის მატარებელი ინფორმაციაა , ვინაიდან მათ ზუსტად იციან, რა თვისება განავითარონ საკუთარ თავში. ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებაში ადამიანს ეხმარება საკუთარი უნარების აღმოჩენა და შემდგომ მათი რეალიზაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში.