არსებობს შემთხვევები, როდესაც მამაკაცის სპერმაში სპერმატოზოიდები არ მოიპოვება. ამ მდგომარეობას აზოოსპერმია ეწოდება. არსებობს აგრეთვე ობსტრუქციული აზოოსპერმიაც, როდესაც ეაკულაციის დროს ნაკლები რაოდენობის სპერმა გამოიყოფა მამაკაცის სასქესო ტრაქტში არსებული წინააღმდეგობის გამო. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, სპერმის გამომუშავება იყოს ნორმალური, ან დაქვეითებული.
მამაკაცის უშვილობის შემთხვევაში წყვილს კვერცხუჯრედის განაყოფიერებისთვის რამდენიმე სხვადასხვა შესაძლებლობა გაჩნია. კერძოდ, შესაძლებელია სპერმის ქირურგიული ჩარევის გზით მოპოვება და მისი კვერცხურჯრედში ინექციით შეყვანა. არსებობს სპერმის ქირურგიულად მოპოვების ორი ძირითადი მეთოდი: ტესტიკულიდან ანუ სათესლე ჯირკვლოდან სპერმის ასპირაცია
(TESA) და ტესტიკულიდან სპერმის ექსტრაქცია (TESE).
წინამდებარე სტატია ამ ორ მეთოდს შორის განსხვავებას განმარტავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თქვენთვის შესაფერისი მეთოდის ასარჩევად ყოველთვის თქვენს ექიმთან ერთად უნდა განიხილოთ.
TESA-ს პროცედურა ტარდება მაშინ, როდესაც სპერმის მოპოვება ხდება ინვიტრო-განაყოფიერების (IVF) ან სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექციის (ICSI) პროცედურებისთვის. TESA ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ საოპერაციო ოთახში ან სამედიცინო კლინიკაში ტარდება. ამ პროცედურის ჩატარების დროის კოორდინაცია პარტნიორის კვერცხუჯრედის მოპოვების პროცედურასთან ხდება.
TESA-ს პროცედურა საკმაოდ მარტივია და შემდეგნაირად ტარდება: ექიმს ფრთხილად შეყავს სპეციალური ნემსი სათესლე ჯირკვალში და ქსოვილის/სპერმის ასპირაციას ახორციელებს. ეს პროცედურა განსაკუთრებით ეფექტურია ობსტრუქციული აზოსპერმიის შემთხვევაში. შესაძლებელია, რომ პროცედურის დროს საკმარისი რაოდენობის ნიმუშის, ( ქსოვილის/სპერმის) მოპოვება ვერ მოხდეს. მაშინ სათესლე ჯირკვლის ღია ბიოპსიას მიმართავენ. მოპოვებული მასალის ნიმუშს მიკროსკოპით ათვალიერებენ.
TESA-ს პროცედურა რეკომენდირებულია იმ მამაკაცებისთვის, ვინც ვერ გამოყოფს სპერმას ბუნებრივი გზით ან ვისაც არ გამოუმუშავდება ჯანსაღი სპერმა და რომლებსაც ამ მიზეზით არ შეუძლიათ ბავშვის ბუნებრივი გზით ჩასახვა. შესაბამისად, TESA-ს პროცედურა მამაკაცის უშვილობის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია.
TESE-პროცედურა სათესლე ჯირკვლის არხებში სპერმის არსებობის დადასტურების მიზნით სათესლე ჯირკვალზე მცირე ზომის განაკვეთის გაკეთებას გულისხმობს. ეს პროცედურა, როგორც წესი, წინასწარ იგეგმება და მისი ჩატარების კოორდინაცია პარტნიორის კვერცხუჯრედის მოპოვებასთან ხდება. ეს პროცედურა სააკმაოდ მარტივია და, ჩვეულებრივ, საოპერაციო ოთახში ტარდება. პროცედურა მოითხოვს მსუბუქ ან საშუალო ხარისხის სედაციას, მაგრამ შესაძლებელია, ადგილობრივი ანესთეზიით ჩატარდეს სპეციალიზებულ სამედიცინო კლინიკაში.
შესაძლებელია, ამ პროცედურის შედეგად მოპოვებული სპერმა კრიოპრეზერვაციის მეთოდით შევინახოთ და მომავალში ინვიტრო-განაყოფიერების ან სპერმის ინტრაცელულარული ინექციის (IVF/ICSI) პროცედურებისთვის გამოვიყენოთ.
TESE-პროცედურა უშვილო წყვილისთვის სპერმის მოპოვების ერთერთი საუკეთესო მეთოდია. პროცედურის დროს ექიმი ცდილობს, მაქსიმალურად მეტი რაოდენობის სპერმა მოიპოვოს, რომელიც საკმარისი გახდება კვერცხუჯრედის განაყოფიერებისა და ემბრიონის მისაღებად.
TESE-პროცედურის დროს ძალიან მცირეა რეპროდუქციის ორგანოს დაზიანების ალბათობა. ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს პროცედურის დროს დისკომფორტის ან ტკივილის შეგრძნებას.
TESE-პროცედურა ძირითადად ორი მიზნით ტარდება. პირველი-დადგინდეს, აქვს თუ არა მამაკაცს საკმარისი რაოდენობით სპერმა და მეორე- მოვიპოვოთ სპერმა იმ პაციენტის სათესლე ჯირკვლიდან, რომელიც სპერმას ჩვეულებრივ ნორმალურად გამოიმუშავებს, მაგრამ გარკვეული ობსტრუქციული მიზეზების გამო ბუნებრივად ვერ გამოყოფს.
სპერმის ექსტრაქციის ან ასპირაციის პროცედურების შემდეგ, შესაძლებელია, რამდენიმე დღის განმავლობაში მსუბუქი დისკომფორტი იგრძნოთ, თუმცა, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში შეძლებთ სამსახურში დაბრუნებას. თუკი თქვენი სამსახური მსუბუქ საოფისე მუშაობას გულისხმობს, მაშინ შეიძლება უფრო ადრეც დაბრუნდეთ, ვიდრე ის პაციენტები, ვისი სამსახურიც ფიზიკურ შრომას მოითხოვს. პროცედურის შემდეგ პირველი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია მცირე რაოდენობით სითხის გამოყოფა, შეშუპება და სისხლნაჟღენთი.
საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ, მიიღოთ ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებელი ან ის პრეპარატი, რომელსაც ექიმი გირჩევთ პროცედურის ჩატარების შემდეგ.
პაციენტის სწრაფად აღდგენას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასვენება და ჯანსაღი კვება.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუკი პროცედურის შემდეგ დიდი რაოდენობით სითხე გამოიყოფა ან ძლიერი ტკივილი დაგეწყებათ.