„გოლფის ბურთის“ სინდრომი და ორსული პაციენტი

ნაყოფის განვითარების მონიტორინგის მიზნით ორსულ პაციენტს ყოველთვიურად გარკვეული სახის გამოკვლევები უტარდება. ნაყოფის მდგომარეობისა და განვითარების ხარისხის შესაფასებლად მთავარი მეთოდი ულტრაბგერითი ანუ ექოსკოპიური გამოკვლევაა. ამ სტატიაში გვსურს, წყვილის ყურადღება ექოსკოპიური ანგარიშის ერთ-ერთ სპეციფიურ პრობლემაზე გავამახვილოთ, რათა სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ და ავარიდოთ ზედმეტი შფოთვა. ეს გახლავთ ეგრედ წოდებული „გოლფის ბურთის“ სინდრომი.

„გოლფის ბურთი“ მცირე ზომის თეთრი ლაქაა, რომელიც, ექოსკოპიის დროს ნაყოფის გულის არეში შეიძლება აღინიშნოს. სამედიცინო ტერმინოლოგიით „გოლფის ბურთს“ ექოგენური კარდიალური ფოკალური უბანი ეწოდება. მისი არსებობა შემთხვევათა უმრავლესობაში სრულიად უსაფრთხოა. ეს „ ბურთი“ სხვა არაფერია თუ არა იმ სიმისებური იოგების გასქელება, რომლითაც გულის სარქველი გულის კუნთოვან ნაწილს უმაგრდება. თუკი ნაყოფს გულის მანკის ნიშნები არ აქვს, ასეთი შესქელება არანაირ გავლენას არ ახდენს არც გულის სტრუქტურაზე და არც მის ფუნქციაზე. ყველაზე ხშირად ასეთი ფოკალური უბანი მარცხენა პარკუჭის ზონაში აღინიშნება. სტატისტიკის მიხედვით, ასეთი უბანი ფეხმძიმობის პროცესში ნაყოფის მხოლოდ 4%-ს აღენიშნება. უმეტეს შემთხვევაში ექოსკოპიური ლაქა სრულიად უსაფრთხოა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ის შეიძლება გულის პათოლოგიაზე მიუთითებდეს. ამრიგად, ამ საკითხში დიფერენციაცია მაინც პროფესიონალებს უნდა მიანდოთ და წინასწარ არ იღელვოთ.

შემდეგი ნაბიჯები

ბუნებრიავია, გაინტერესებთ, როგორ ვიქცევით მას შემდეგ, რაც ექოსკოპიური კვლევის დროს „გოლფის ბურთის“ სინდრომი აღინიშნა? ფეხმძიმობის პერიოდის განმავლობაში ორსულ პაციენტს 4-განზომილებიანი ულტრაბგერითი გამოკვლევა უტარდება. ეს გამოკვლევა ნაყოფის ორგანოების დეტალურად დათვალიერების საშუალებას იძლევა. რადიოლოგიის სპეციალისტი გამოსახულებას დისკზე იწერს და მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, დააკვირდნენ როგორც ნაყოფის მოძრაობას, ასევე გაეცნონ ნაყოფის ნებისმიერი ორგანოს ზომებს, რომელიც თანმხლებ ანგარიშში იწერება. 4-განზომილებიანი სკანირების ჩატარება ორსულობის 20-25 კვირის ვადაზე არის რეკომენდირებული. ეს ის პერიოდია, როდესაც ნაყოფის ორგანოებს უკვე დასრულებული აქვს პირველადი განვითარების და ჩამოყალიბების ეტაპი.
უხშირეს შემთხვევებში, „გოლფის ბურთი“ ორსულობის მეორე ტრიმესტრის დასრულების შემდეგ ჩნდება ექოგრამაზე. სპეციალისტის ამოცანა ამ დროს იმის შეფასებაა, თუ რამდენად მაღალია რისკები წარმონაქმნის ზომისა და მდებარეობის გათვალისწინებით. თუკი სხვა ანატომიურ დარღვევები არ ფიქსირდება, რადიოლოგი გეტყვით, რომ წარმონაქმნი სრულიად უსაფრთხოა. პრატიკულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ შესაძლებელია, „გოლფის ბურთი“ საერთოდ გაქრეს განმეორებითი ექოსკოპიის ანგარიშში.
ამრიგად, როცა საქმე „გოლფის ბურთთან“ გვაქვს, სპეციალისტების მთავარი ამოცანა არის იმის შეფასება, თუ რამდენად საშიშია ბურთის არსებობა და რა ზომები უნდა მიიღოს ექიმმა, რათა ასეთმა ფოკალურმა უბანმა ნაყოფის განვითრების შემდგომ ეტაპებზე არ იმოქმედოს.