გაყინული ემბრიონით ინვიტრო-განაყოფიერების უპირატესობა და წარმატების მაჩვენებლები

ინვიტრო-განაყოფიერებით მკურნალობის არსი შემდეგში მდგომარეობს, იღებენ ქალის კვერცხუჯრედს და მას ლაბორატორიაში სპერმატოზოიდის ნიმუშით ანაყოფიერებენ. განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს გარკვეული დროის მანძილზე სპეციალურ ინკუბატორში ინახავენ, რათა უჯრედების გამრავლება და ემბრიონის ჩამოყალიბება მოხდეს. მიღებული ემბრიონი ქალის საშვილოსნოში გადააქვთ და წარმატებული ინპლანტაციის მერე ქალი ფეხმძიმდება.

ინვიტრო-განაყოფიერების ციკლი საკვერცხის სტიმულაციით იწყება. სტიმულაციის მიზანი დიდი რაოდენობით კვერცხუჯრედების მიღებაა. ემბრიონის მისაღებად ყველაზე მაღალი ხარისხის კვერცხუჯრედებს იყენებენ. როგორც წესი, ქალი ოვულაციის ერთი ბუნებრივი ციკლის შედეგად მხოლოდ ერთ კვერცხუჯრედს წარმოშობს. ხელოვნური სტიმულაციის დროს კი რამდენიმე კვერცხუჯრედი მიიღება და შესაბამისად, ლაბორატორიაში ბევრად უფრო მეტი ემბრიონი ვითარდება ვიდრე ინვიტრო-პროცედურას ესაჭიროება. დარჩენილი ემბრიონები კრიოპრეზერვაციის, ანუ გაყინვის მეთოდით იყინება. გაყინულ ემბრიონებს საჭიროების შემთხვევაში იყენებენ.

დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სფეროში დამკვირდრებული აზრია, რომ ცოცხალი ემბრიონის გადატანა ქალის ორგანიზმში უფრო მაღალი ალბათობით იწვევს ორსულობას, ვიდრე გაყინული ემბრიონის გამოყენება. ეს აზრი ეფუძნება იმ ვარაუდს, რომ გაყინულსა და შემდეგ გალღობილ ემბრიონს არ შეიძლება ინპლანტირების ისეთივე წარმატების ალბათობა ჰქონდეს, როგორც ცოცხალ ემბრიონს. უმრავლესობა, ვინც ამ აზრს იზიარებს, დარწმუნებულია, რომ ინვიტროს დროს მიღებული საუკეთესო ემბრიონები საშვილოსნოში ცოცხლად გადააქვთ, გასაყინად კი ის ემბრიონები გადაირჩევა, რომლებიც არც თუ ისე მაღალი ხარისხის იყო. სწორედ ეს შეხედულებაა არასწორი. გამოუყენებელი ემბრიონები ხარისხით არ ჩამოუვარდება გამოყენებულებს. უბრალოდ ხშირად იმაზე მეტი ემბრიონი წარმოიქმნება, ვიდრე საჭიროა. შესაბამისად, კრიოპრეზერვაციას საუკეთესო ხარისხის ემბრიონებს უტარებენ და ამიტომ სინამდვილეშ, გაყინული ემბრიონი ცოცხალს პრაქტიკულად არაფრით ჩამოუვარდება.

ბოლო წლების მანძილზე რამდენიმე სამეცნიერო კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ‘’Fresh’’ და გაყინული ემბრიონების შედარების თემაზე, კვლევები ‘’Fresh’’ და გაყინული ემბრიონების გამოყენებით მიღებული წარმატების მაჩვენებლებსაც ადარებს ერთმანეთს. ჩატარდა ასევე კვლევები იმის შესახებ, თუ როგორ გავლენას ახდენს სხვადასხვა ტიპის (Fresh და გაყინული) ემბრიონები მომავალში დედის და ნაყოფის ჯანმრთელობაზე. სწორედ ამ კვლევების შედეგებს ეყრდნობა მსოფლიოს სხვადასხვა ინვიტრო-კლინიკები, რომლებიც ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად გამოიყენებენ გაყინულ ემბრიონებს. რაც უფრო მეტი გამოცდილება გროვდება ამ სფეროში, გაყინული ემბრიონების გამოყენება ინვიტრო-ციკლში მით უფრო პოპულარული ხდება მთელს მსოფლიოში.

ორსულობის მაჩვენებლები

დროთა განმავლობაში ემბრიონის გაყინვის ტექნოლოგიები თანდახან დაიხვეწა, უფრო აქტიურად გამოიყენება ულტრა-სწრაფი გაყინვის მეთოდები, იგივე შეიძლება ითქვას გადნობის ტექნოლოგიაზე, რომელიც სულ უფრო დამზოგველი და ეფექტური ხდება. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად გაყინული ემბრიონით ინვიტრო-განაყოფიერების წარმატების მაჩვენებლები ყოველწლიურად იზრდება. ზოგიერთი ექსპერტი უკვე იმასაც ამბობს, რომ გაყინული ემბრიონის გადატანას ბევრად უფრო მაღალი წარმატების გარანტიები აქვს, ვიდრე ცოცხლის. დღეს გაყინული ემბრიონით ინვიტრო-განაყოფიერება სწრაფად დაორსულების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მეთოდია.

გაყინული ემბრიონის კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ ქალის ორგანიზმი უკეთ მომზადებული ხვდება გადატანის პროცედურას. ქალის ჰორმონალურ ფონს დიდი მნიშვნელობა აქვს ინპლანტაციის პროცესის წარმატებისთვის. ცოცხალი ემბრიონის შემთხვევაში ამ ფონის დარეგულირების დრო შედარებით ცოტაა, რადგან მთავარი საზრუნავი ემბრიონის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და მისი დროულად გადატანაა. არსებობს კვლევები, რომელიც ადასტურებს იმას, რომ გაყინული ემბრიონის გამოყენებისას დაორსულების სიხშირე უფრო მაღალია, ვიდრე ცოცხალი ემბრიონის იმპლანტირებისას. თუმცა ამ ეტაპზე უნდა უთქვას, რომ წარმატების მაჩვენებელი დაახლოებით ერთნაირია როგორც გაყინული, ასევე ცოცხალი ემბრიონების გამოყენებისას.
უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ რთულია ისეთი კვლევების ჩატარება, რომელიც უფრო ზუსტად შეადარებს ამ ორი სახის ემბრიონიდან რომელს უფრო მაღალი აქვს წარმატების ხარისხი, თუმცა ის შედეგი, რომ განსხვავება არც ისე მაღალია და ხშირად უპირატესობა გაყინული ემბრიონის სასარგებლოდაც კი იხრება, ნამდვილად ადასტურებს რეპროდუქტოლოგების ემპირიული გამოცდილება და ყოვლდღიური პრაქტიკა.

პაციენტის უსაფრთხოება

ინვიტრო-განაყოფიერების ციკლის დროს საკვერცხის სტიმულაციას გარკვეული რისკი გააჩნია. განმეორებითი სტიმულაციების დროს ქალს ხანდახან ჰიპერსტიმულაციის სინდრომი უვითარდება. გაყინული ემბრიონის გამოყენება განმეორებითი სტიმულაციის რაოდენობას ამცირებს.
მართალია, ექიმი ცდილობს, წარმატებულად ჩაანაცვლოს სტიმულაციის პროტოკოლები, და მაქსიმალურად შეამციროს რისკები, მაგრამ 100% იანი გარანტია მაინც არ არსებობს იმისა, რომ ჰიპერსტიმულაცია არ მოხდება. სხვადასხვა მასტიმულირებელი პრეპარატები განსხვავებულ ჰიპერსტიმულირების რისკს შეიცავენ, ეს რისკი ქალის ინდივიდუალურ თავისებურებებზეც არის დამოკიდებული. განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტებთან ცოცხალის ნაცვლად გაყინული ემბრიონის გამოყენება საკვერცხეს აღდგენის შესაძლებლობას აძლევს.

ნაკლები სტრესი

ემბრიოლოგები გაყინული ემბრიონით ინვოტრო-მკურნალობას ნაკლებად სტრესულად მიიჩნევენ. როდესაც განაყოფიერება ცოცხალი ემბრიონით ხორციელდება, მაშინ ყველაფერი ემბრიონის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისა და დროულად გადატანის პროცესზე კონცენტრირდება, არადა ამ დროს უამრავი სხვა მოსამზადებელი სამუშაოა ჩასატარებელი, მათ შორის, ქალის ორგანიზმის მომზადება და სხვა წვრილმანი საორგანიზაციო დეტალები. როდესაც ემბრიონი გაყინულია, რეპროდუქტოლოგების გუნდს ბევრად უფრო მშვიდად შეუძლია გადატანის პროცესის იდეალურად დაგეგმვა და წარმატებით განხორციელება.

პრაქტიკამ დაადასტურა, რომ 35 წლის ზევით ქალები ბევრად უფრო ადვილად ორსულდებიან გაყინული ემბრიონის გადატანისას. შესაბამისად, გაყინული ემბრიონით ინვიტრო-განაყოფიერება ბევრად უფრო ხშირად სწორედ 35 წელს გადაცილებულ ქალებში გამოიყენება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ გაყინული ემბრიონის გამოყენება ბევრად უფრო ხარჯთ-ეფექტურია. ერთი ციკლის დროს წარმოქმნილი ზედმეტი ემბრიონები იყინება და საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი ციკლის დროს გამოიყენება. შესაბამისად, გაყინული ემბრიონის გამოყენება გარკვეულწილად კომფორტს უქმნის როგორც უშვილო წყვილს, ასევე სამედიცინო პერსონალს. გაყინული ემბრიონის მეშვეობით წყვილი ნაკლებ სტრესს განიცდის, ნაკლებ ფულს ხარჯავს და ბევრად უფრო მშვიდად და ეფექტურად გეგმავს ორსულობის პროცესს.

დასკვნა

ამრიგად, არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ ორსულობის სიხშირე უფრო მაღალია გაყინული კვერცხუჯრედის გამოყენების შემთხვევებში და გარდა ამისა, ინვიტრო-ციკლში გაყინული ემბრიონის გამოყენებას ცოცხალთან შედარებით სხვა მრავალი უპირატესობა გააჩნია. უშვილო წყვილს ბევრად უფრო სწრაფად და ნაკლები სტრესით შეუძლია შედეგს მიაღწიოს, თუკი გაყინულ ემბრიონს გამოიყენებსნ. ხაზს ვუსვამთ იმას, რომ გაყინული ემბრიონის გამოყენება დროსა და ენერგიასთან ერთად ფინანსურ სახსრებსაც ზოგავს, რადგან გაყინული ემბრიონით ინვიტრო-მკურნალობა შედარებით იაფია.