აშერმანის სინდრომი

სამედიცინო პრაქტიკაში არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც ქალის უშვილობის მიზეზი აშერმანის სინდრომია. დიაგნოზის გაგების მომენტამდე ქალების უმრავლესობამ ამ სინდრომის არსებობის შესახებ არაფერი იცის. ეს ბლოგი დაგეხმარებათ აშერმანის სინდრომის შესახებ მთავარი ინფორმაციის მიღებაში, კერძოდ, აგიხსნით, რას ნიშნავს აშერმანის სინდრომი, რა იწვევს ამ მდგომარეობას, შესაძლებელია თუ არა მისი განკურნება, და ბოლოს, შეუძლია თუ არა შვილის ყოლა აშერმანის სინდრომის მქონე ქალს?

აშერმანის სინდრომი საშვილოსნოს პათოლოგიების ჯგუფს განეკუთვნება. ამ დაავადების დროს საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელის შიდა ზედაპირზე აღინიშნება გასქელებული ქსოვილის ნაწიბურები.

უხშირეს შემთხვევაში, საშვილოსნოს წინა და უკანა კედლები ერთმანეთს შეეზრდება, თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა ნაწიბური კედლის მხოლოდ რომელიმე უბანზე აღნიშნება.

იმის მიხედვით, თუ რამდენად ინტენსიურია ნაწიბურის მსგავსი წარმონაქმნები, ექიმი აფასებს დაავადების სიმძიმეს, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს მსუბუქი ან მძიმე. ნაწიბურების გამო ზოგიერთ პაციენტს მენსტრუაციის დროს სისხლი ან საერთოდ არ გამოეყოფა, ან ძალიან მცირე რაოდენობით გამოეყოფა.

შესაბამისად, აშერმანის სინდრომის დიაგნოზს ექიმი შემდეგი ნიშნების საფუძველზე სვამს: მენსტრუაციის არარსებობა ან ძალიან მცირე გამონადენი, ტკივილი მენსტრუაციის პერიოდში მიუხედავად იმისა, აღინიშნება თუ არა სისხლიანი გამონადენი. გამონადენის გარეთ გამოსვლას როგორც წესი, საშვილოსნოს ყელის შიდა კედელზე არსებული ნაწიბურები აფერხებს. აშერმანის სინდრომის სხვა ხშირ სიმპტომებს მიეკუთვნება ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა.
აშერმანის სინდრომს რამდენიმე სხვადასხვა მიზეზი შეიძლება განაპირობებდეს. საშვილოსნოს შიდა კედლის ნაწიბურების ყველაზე ხშირად გავრცელებული მიზეზი არის სამედიცინო პროცედურის დროს საშვილოსნოს ყელის გაფართოება და კიურეტაჟის ჩატარება, ანუ „გამოფხეკვა“. ეს პროცედურა ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის შემდეგ ხდება და გულისხმობს საშვილოსნოს შიდა ზედაპირის ქსოვილების მოშორებას, ჩამოფხეკვას, პროცედურა აგრეთვე ტარდება ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის, ანუ აბორტის დროს, ასევე მშობიარობის შემდეგ, თუკი პლაცენტის ნაწილი საშილოსნოში რჩება. ნაწიბური შეიძლება გაჩნდეს აგრეთვე მიომის ან პოლიპის ამოკვეთის შედეგად ან საკეისრო კვეთის შემდეგ.

მკურნალობას აშერმანის სინდრომის მხოლოდ მსუბუქი ფორმები ექვემდებარება. თუმცა, მსუბუქი ფორმის დროსაც მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტი გამოცდილი და მაღალკვალიფიციური იყოს. მკურნალობის პროცესში საკმაოდ ხშირად გამოყენებადი პროცედურა ჰისტეროსკოპიაა. სამწუხაროდ, მძიმე ფორმების შემთხვევაში საშვილოსნოს შიდა კედლის ნაწიბურებისგან გათავისუფლება და შვილოსნობის ფუნქციის აღდგენა ნაკლებად სავარაუდოა.

თუკი ქალს აშერმანის სინდრომის მძიმე ფორმა აღენიშნება, ასეთ შემთხვევაში წყვილს სუროგაციის მეთოდის გამოყენებას ურჩევენ. საგულისხმოა, რომ ამ სინდრომის დრო საკვერცხის ფუნქციონირება არ იღვევა, შესაბამისად, ქალების უმეტესობას შეუძლია, ინვიტრო-განაყოფიერებით მკურნალობა ჩაიტაროს და საკუთარი კვერცხუჯრედისგან განვითარებული ემბრიონი სუროგატი ქალის ორგანიზმში გამოზარდოს. ინვიტრო-მკურნალობის სტიმულაციის პროცესი სინდრომის მიმდინარეობაზე მავნე გავლენას არ ახდენს, შესაბამისად, აშერმანის სინდრომის მქონე ქალს თავისუფლად შეუძლია, ჩაიტაროს სტიმულაცია, კვერცხუჯრედის მიღების პროცედურა, გამოიყენოს სუროგაციის მეთოდი და განიცადოს დედობის ბედნიერება.