ტერმინი აზოსპერმია სპერმაში სპერმატოზოიდის არარსებობას ნიშნავს. აზოსპერმია მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევაა, რომელიც მამაკაცის უშვილობის ერთ-ერთ მიზეზს წარმოდგენს. აზოსპერმიის შემთხვევაში მამაკაცის სათესლე სითხე, ანუ სპერმა, სრულიად ნორმალურად გამოიყურება და ეაკულაციის პროცესიც სრულიად ჩვეულებრივად ხდება. მამაკაცს არ აღენიშნება არც აღგზნების ანუ ერექციის, არც სპერმის გამოყოფის, ანუ ეაკულაციის და არც ორგაზმის პროცესების რაიმე დარღვევა. აზოსპერმიის აღმოჩენა მხოლოდ ლაბორატორიაში სპერმის მიკროსკოპის ქვეშ დათვალიერების შედეგად შეიძლება. მამაკაცისთვის აზოსპერმიის დიაგნოზი ძალიან დიდი შოკის მიზეზი ხდება, მამაკაცებს უკვირთ, რატომ ვითარდება ეს დარღვევა მაშინ, როდესაც მათი ლიბიდო, ანუ სექსუალური ლტოლვა და სექსუალური ფუნქცია სრულ წესრიგშია. სამწუხაროდ, აზოსპერმია, ანუ სპერმაში სპერმატოზოიდების არარსებობა სწორედ ჯანსაღი ლტოლვისა და სქესობრივი ფუნქციის მქონე მამაკაცებს აღენიშნებათ.
არსებობს სპერმასთან გაკავშრებული რამდენიმე სხვადასხვა სახის დარღვევა. უნდა გვესმოდეს, რომ თითოეულ შემთხვევაში უშვილობის მექანიზმი განსხვავებულია, რადგან სპერმატოზოიდების წარმოქმნისა და გადაადგილების სხვადასხვა სახის პრობლემებს უკავშირდება. სასურველია, პაციენტი ინდივიდუალურ დეტალებზე ექიმს ესაუბროს, თუმცა ჩვენი სტატია ექიმთან საუბრისათვის მოგამზადებთ და პრობლემის ნიუანსებში გარკვევაში დაგეხმარებათ.
აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი აზოსპერმიასა და ასპერმიას შორის განსხვავებას. ასპერმია ისეთი მდგომარეობაა, როდესაც მამაკაცს სპერმის გამომუშავების უნარი არ გააჩნია. ასეთ დროს მამაკაცს არ აქვს უნარი მოახდინოს ეაკულაცია. ასპერმიის მქონე მამაკაცს აქვს ნორმალური სქესობრივი ლტოლვა და ერექცია, მაგრამ ეაკულაცია და სპერმის გამოყოფა არ ხდება და ასეთ მდგომარეობას ანეაკულაცია ეწოდება. ამ დარღვევის მიზეზი შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემა იყოს.
არსებობს ასევე რეტროგრადული ეაკულაცია. ეს არის სამედიცინო პრობლემა, რომლის დროსაც სპერმა სათესლე მილის გზით გარეთ გამოყოფის მაგივრად საშარდე მილის გზით შარდის ბუშტში უკან გადაედინება.
თუკი ლაბორატორიული ტესტი აზოსპერმიის პასუხს გაძლევთ, სასურველია, გამოკვლევის განმეორებით სხვა ლაბორატორიაში და სხვა მეთოდით ჩატარება. თუკი თქვენ აზოსპერმია აღმოგაჩნდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეაკულაციის პროცესი დარღვეული არ არის. ეს უკვე კარგი ამბავია. სხვა ლაბორატორიაში განმეორებითი ანალიზი მცდარი დიაგნოზის პრევენციის საშუალებაა. მოითხოვეთ ლაბორატორიაში ცენტრიფუგის მეთოდით ანალიზი. ცენტრიფუგირების გარეშე, ხანდახან სპერმატოზოიდები სპერმის ერთ მცირე ნაწილში გროვდებიან და შესაბამისად მიკროსკოპში ნანახ ნიმუშში ვერ ხვდებიან. ამ შემთხვევაში საქმე არა აზოსპერმისთან, არამედ კრიპტოსპერმიასთან გვაქვს, რომელიც სპერმაში სპერმატოზოიდების არათანაბრად გადანაწილებას ნიშნავს.
სპერმის ნიმუშში სპერმატოზოიდის ვერ აღმოჩენას შეიძლება ორი ძირითადი მიზეზი ქონდეს:
პირველი მიზეზი იმ მილის გადაკეტვაა, რომელსაც სპერმატოზოიდები სათესლე ჯირკვლიდან პენისის გარეთ გამოაქვს. ამ მდგომარეობას ობსტრუქციული აზოსპერმია ეწოდება, რადგან მისი მიზეზი გამომტანი მილის ობსტრუქცია ანუ დაბლოკვაა.
აზოსპერმიის მეორე მიზეზი სათესლე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაა, ამ ფორმას არაობსტრუქციულ აზოსპერმიას უწოდებენ, რადგან მისი გამომწვევი მიზეზი არის არა მილების დაბლოკვა, არამედ სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესის დარღვევა.
ობსტრუქციულსა და არაობსტრუქციულ აზოსპერმიებს შორის დიფერენცირების შესაძლებლობას გვაძლევს სათესლე ჯირკვლის ზომის შეფასება და სისხლში ფოლიკულ-მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) კონცენტრაციის განსაზღვრა. როდესაც სათესლე ჯირკვლის ზომა შემცირებულია და FSH-დონე კი მაღალი, მაშინ არაობრსტრუქციული აზოსპერმიის ალბათობა უფრო მაღალია. ობსტრუქციული აზოსპერმიის დროს სათესლე ჯირკვალში სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესი არ არის დარღვეული, მაგრამ მათი გამოყოფა იბლოკება. ეს ბლოკი, როგორც წესი სათესლე ჯირკვლის რომელიღაც ანატომიურ უბანშია. ამ დროს სპერმის მოცულობა და მასში ფრუქტოზის რაოდენობა ნორმის ფარგლებშია, მაგრამ სპერმაში სპერმატოზოიდები არ არის.
ობსტრუქციული აზოსპერმიის დროს მამაკაცს ჯირკვლიდან სპერმატოზოიდების გამომყვანი მილი აქვს განუვითარებელი. ამ დროს სპერმის მოცულობა შედარებით ნაკლებია (0.5 მილილიტრი ან ნაკლები). სპერმის pH-დონე მჟავესკენ იხრება და ფრუქტოზის შემცველობა მკვეთრად დაქვეითებულია. თუკი ამ დროს გასინჯვის დროს აღმოჩნდა, რომ მამაკაცს გამომყვანი მილი ნორმაში აქვს, მაშინ საქმე სათესლე ჯირკვლის შიდა სტრუქტურებში ობსტრუქციასთან გვაქვს.
მამაკაცი, რომელსაც არაობსტრუქციული აზოსპერმია აქვს, სპერმას სრულიად თავისუფლად გამოყოფს. სამაგიეროდ მათ დარღვეული აქვთ სათესლე ჯირკვლის ფუნქცია, რადგან ნორმალურ სპერმატოზოიდებს ვერ გამოიმუშვებს. კლინიკური გასინჯვის დროს ასეთ პაციენტს მცირე ზომის სათესლე ჯირკვლები აღენიშნება. ამ დროს აზოსპერმიის მიზეზი შეიძლება სათესლე ჯირკვლის ფუნქციის ნაწილობრივი დარღვევაც იყოს. რაც იმას ნიშნავს, რომ სათესლის მცირე უბანს სპერმატოზოიდების პროდუქციის უნარი შეიძლება შენარჩუნებული ქონდეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იმდენად ცოტა სპერმატოზოიდი გამომუშავდება, რომ ეაკულაციისთვის საკმარისი არ არის. ზოგიერთ პაციენტს ჯირკვლის ფუნქციის სრული დარღვევა აქვს, და მათ სპერმატოზოიდი საერთოდ არ გამოუმუშავდებათ. სათესლე ჯირკვლის სრულ და ნაწილობრივ დისფუნქციებს შორის დიფერენცირება სათესლე ჯირკვლის სხვადასხვა უბნების ბიოპსიის გზით ხდება. ნიმუშები იგზავნება სპეციალურ ლაბორატორიაში, სადაც შესაბამისი გამოკვლევა ტარდება
აზოსპერმიის სავარაუდო მიზეზის დადგენა გამოცდილი ექიმისთვის საკმაოდ ადვილია პაციენტის გასინჯვის დროსაც. ამრიგად, პაციენტის გასინჯვა საკმაოდ სასარგებლო ინფორმაციას იძლევა. მაგალითად, ობსტრუქციული აზოსპერმიის დროს მამაკაცს ნორმალური ზომის სათესლე ჯირკვალი აღენიშნება და მის გარშემო დანამატები კი ოდნავ შესიებული და დაჭიმულია.
სათესლე ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების საკმაოდ იშვიათი მიზეზია ჰიპოფიზის ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონის, გონადოტროპინის ნაკლებობა. ამ იშვიათ მდგომარეობას ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმი ეწოდება. ამ შემთხვევაში მამაკაცს აღენიშნება სასქესო ჰორმონის, ტესტოსტერონის დეფიციტი და აქვს სუსტად გამოხატული მეორადი სასქესო ნიშნები- აქვს ხმის მაღალი ტემბრი, თხელი თმა, ნაზი გარეგნობა, შემცირებული ლიბიდო და მცირე ზომის სათესლე ჯირკვლები. ასეთი სიმპტომების არსებობის დროს იზომება ჰიპოფიზის ჰორმონების კონცენტრაცია (FSH და LH), რომელიც სავარაუდოდ, დაქვეითებული იქნება.
აზოსპერმიის მიზეზზე სპერმის ანალიზიც მიუთითებს. თუკი სპერმის მოცულობა 1 მლ-ზე ნაკლებია, აქვს მჟავე რექცია და არ შეიცავს ფრუქტოზას, ეს იმას ნიშნავს, რომ სათესლის ეგრედ წოდებული პირველადი ვეზიკულები განუვუთარებელია, ან დაბლოკილია. ასეთ დროს მამაკაცს შეიძლება სათესლე სითხის გამომტანი მილი არ ჰქონდეს. თუკი სპერმა სპერმატოზოიდების ელემენტებს შეიცავს, მაშინ პრობლემა ობსტრუქციას ან ანატომიური დარღვევას არ უკავშირდება.
სასურველია, განმეორებითი ანალიზისთვის ნიმუში პირველის აღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჩატარდეს. თუკი მამაკაცს არაობსტრუქციული აზოსპერმია აქვს, მაშინ შესაძლებელია, რომ ნაწილობრივ დისფუნქციურმა სათესლე ჯირკვალმა სპერმატოზოიდები პირველი ეაკულაციის დროს არ გამოყოს, მაგრამ განმეორებითის დროს გამოყოს.
მას მერე, რაც არაობსტრუქციული აზოსპერმია საბოლოოდ დასტურდება, მამაკაცს უტარდება სათესლე ჯირკვლის ბიოპსია. ეს კვლევა დიაგნოზის ისეთ დეტალებს აზუსტებს, რომლის ცოდნა მკურნალობის სწორი სტრატეგიის შესარჩევად აუცილებელია.
არსებობს სათესლე ჯირკვლის ბიოპსიის, ანუ სპერმის ტესტიკულარული ასპირაციის ორი მეთოდი: დიაგნოსტიკური და თერაპიული.
სპერმის დიაგნოსტიკური ტესტიკულარული ასპირაციის მეთოდი გულისხმობს მრავლობით დიაგნოსტიკურ ბიოპსიებს, რათა სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესი ჯირკვლის სხვადასხვა უბნებში შემოწმდეს. თუკი ამ კვლევის დროს სპერმატოზოიდების მიღება ვერ მოხერხდა, ეს ადასტურებს სათესლე ჯირკვლის სრული დისფუნქციის დიაგნოზს. ამ დროს უშვილობის პრობლემის გადასაწყვეტად წყვილს ურჩევენ შვილის აყვანას ან ინვიტრო-განაყოფიერებას დონორის სპერმის გამოყენებით.
თუკი ბიოპსიის დროს სპერმატოზოიდები მცირე რაოდენობით აღმოჩნდება, მაშინ სპერმატოზოიდებს კრიოპრეზერვაციას უტარებენ და შემდგომში სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექციის პროცედურისთვის ინახავენ.
დიაგნოსტიკური ბიოპსიის პროცედურის ჩატარება ეკონომიკრურად მომგებიანია, რადგან ამ დროს უშვილო წყვილს არ უწევს საკვერცხის სტიმულაციისთვის საჭირო ძვირადღირებული პრეპარატების შეძენა. კრიოპრეზერვაციის პროცედურა ყოველთვის სანდო არ არის, ამიტომ სასურველია, დიაგნოსტიკური ბიოპსია განმეორებით 6 თვის მერე ჩატარდეს.
ინვიტრო-კლინიკები ძირითადად დიაგნოსტიკურ ბიოპსიას მიმართავენ. თერაპიული ბიოპსია და ინტრაციტოპლაზმური ინექციის პროცედურა რეკომენდირებულია მაშინ, როცა პაციენტის დიაგნოზი უკვე ცნობილია.
თუკი დიაგნოსტიკური პროცედურის დროს სპერმაში სპერმატოზოიდი აღმოჩნდა, მაშინვე ინტრაციტოპლაზმური ინექციის პროცედურა ტარდება, რათა მაქსიმაურად გაიზარდოს წარმატების ალბათობა. თუკი სპერმატოზოიდი ვერ აღმოჩნდა, მაშინ პაციენტს ურჩევენ ინვიტრო-განაყოფიერებას დონორის სპერმატოზოიდით.
რეპროდუქციულ კლინიკებს ყავთ სპერმის დონორები, შესაბამისად, კლინიკა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სპერმატოზოიდს. თუკი წყვილს დონორის სპერმარტოზოიდის გამოყენება არ სურს, მაშინ სამედიცინო პროცედურების ჩატარება დროებით წყდება და წყვილი უბრუნდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციის ეტაპს უბრუნდება. როგორც წესი, კლინიკის კონსულტანტი მათ ამომწურავ ინფორმაციას აძლევს იმისთვის, რომ ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ.